Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დიდი რვიანის” სამიტი და კონფლიქტები საქართველოში


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება. სოხუმში დე ფაქტო ხელისუფლების

წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ის თბილისში პარლამენტის სპიკერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. მეთიუ ბრაიზას ვიზიტი, პირველ ყოვლისა, უნდა განვიხილოთ როგორც სააკაშვილისა და ბუშის 5 ივლისის შეხვედრის მოსამზადებელი ღონისძიება. ამასთან, საინტერესოა ისიც, განიხილავენ თუ არა საქართველოში არსებული კონფლიქტების საკითხს მონაწილეები “დიდი რვიანის” სამიტისა, რომელსაც სულ რაღაც ათიოდე დღით უსწრებს წინ საქართველოსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა.

კონფლიქტების საკითხი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ სააკაშვილი-ბუშის მოსალოდნელი შეხვედრის დღის წესრიგში ბოლო ადგილას დაასახელა. ბრაიზამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტები ბევრს ისაუბრებენ დემოკრატიის გაღრმავებასა და განმტკიცებაზე საქართველოში.

5 ივლისის შეხვედრაზე არანაკლები ყურადღება დაეთმობა ენერგოუსაფრთხოების საკითხს, რაზეც ამჟამად თბილისში საერთაშორისო კონფერენციაც მიმდინარეობს. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენება მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში იქნება შესაძლებელი:

[ბრაიზას ხმა]
“ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობებში (როგორც ეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შემთხვევაში მოხდა, რომელიც უკვე ამუშავდა), თუკი საქართველო იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუკი მისი მოთხოვნილება დაკმაყოფილდება, თუკი აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი, ასევე ყევლა კომპანია ერთად იმუშავებს. შეიძლება აზერბაიჯანის ბუნებრივი აირი საქართველოდან უკრაინაში გადაიტვირთოს მილსადენით, რომელიც შავ ზღვაში გაივლის. ეს შესაძლებელია. ასე რომ, ჩვენი პრეზიდენტები ისაუბრებენ ამ დიდ ენერგოსტრატეგიულ საკითხებზე.”

პრეზიდენტები შეეხებიან უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სფეროებში თანამშრომლობასაც. ყველაზე საინტერესო საკითხად კი საქართველოსთვის კვლავაც კონფლიქტები რჩება. შეერთებული შტატები ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიან და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მოგვარების გზას განიხილავს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ თემას სააკაშვილი-ბუშის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა. გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის დელეგაციის ფარგლებში მეთიუ ბრაიზა თითქმის ერთი თვის წინ იმყოფებოდა სოხუმში. ასეთი ხანმოკლე პაუზის შემდეგ, თანაც შეერთებული შტატების ელჩთან ერთად, სოხუმში დაბრუნების საბაბი მხოლოდ პრეზიდენტების მოსალოდნელი შეხვედრა თუ იქნებოდა. თუმცა ჩემს შეკითხვას სოხუმში ვიზიტის მიზეზზე ბრაიზამ ასე უპასუხა:

[ბრაიზას ხმა]
“როდესაც რამდენიმე კვირის წინ ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი აქ, აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა, რომ სასარგებლო იქნებოდა ჩემი დაბრუნება და ზოგიერთი საკითხის უფრო ღრმად გააზრება. საუბარი შეეხება ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ნაბიჯებს, საგანგებო ნაბიჯებს, რომლებიც შეასუსტებდა დაძაბულობას, პროცესის ცუდი მიმართულებით განვითარების რისკს. სამშვიდობო გეგმა მთელ საერთაშორისო საზოგადოებრიობას აჩვენებს, თუ რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება საქართველო კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავემხაროთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში.”

საკითხავია, განიხილება თუ არა საქართველოში არსებული კონფლიქტებისა და მათი მოგვარების გზაზე რუსეთის მონაწილეობის საკითხი “დიდი რვიანის” სამიტზე სანკტ-პეტერბურგში. მეთიუ ბრაიზა დარწმუნებულია, რომ სამიტის ფარგლებში მოწყობილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხს, რუსეთის მოქმედებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებთან მიმართებით.

[ბრაიზას ხმა]
“და შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები გადაწყვეტენ რა კუთხით განიხილავენ ამ საკითხებს ჩვენი ლიდერები. მე არ შემიძლია ახლა ამის წინასწარმეტყველება.”

სახელმწიო მდივნის მეორე მოადგილე დღევანდელ დღეს უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნევს იმას, რომ აფხაზეთის მხარემ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, რისთვისაც საჭიროა კონფლიქტის ორივე მხარის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა. მეორე მხრივ, აუცილებელია იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების გარანტიების უზრუნველყოფა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG