Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუში და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ვენაში სამიტს მართავენ


ვენაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის, და ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით, სამიტი გაიმართა.

სამიტამდე შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეხვედრის მთავარი თემები იმ სფეროებიდან იქნებოდა, სადაც
შეერთებულ შტატებს და ევროპას თანამშრომლობა შეუძლიათ - მათ შორის, თავისუფლების და დემოკრატიის გავრცელება და ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ შექმნილი კრიზისი. ამავე დროს, ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე ის საკითხებიც წამოიჭრებოდა, რომელთა ირგვლივაც ევროპას და ვაშინგტონს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ - გუანტანამოს ყურის საპატიმროს საკითხი, მაგალითად.

სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ავსტრიის კანცლერმა ვოლფგანგ შუსელმა შეხვედრას ”ძალიან ნაყოფიერი” უწოდა და განაცხადა, რომ საუბარი რამდენიმე თემას შეეხო:

[შუსელის ხმა] ”ჩვენ შევეხეთ საგარეო პოლიტიკის, ირანის, ერაყის, ბალკანეთის საკითხებს, აგრეთვე ისეთ გლობალური მნიშვნელობის თემებს, როგორებიცაა გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება.”

შუსელის თქმით, თეირანმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ატომური პროგრამა უნდა შეწყვიტოს.

ჯორჯ ბუში ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ შექმნილი კრიზისის განსამუხტავად ”გაერთიანებული დიპლომატიური ფრონტის” შექმნის მოწოდებით გამოვიდა:




[ბუშის ხმა] ”ძალიან მნიშვნელოვანია, ირანის მთავრობამ მსოფლიოს შეხედოს და მიხვდეს, რომ ევროპა, შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი ერთ პოზიციაზე დგანან და მიაჩნიათ, რომ ირანელებმა ატომური იარაღი არ უნდა განავითარონ.”

თუმცა სამიტი მხოლოდ ისეთ საკითხებს არ შეხებია, რომელთა ირგვლივაც ტრანსატლანტიკური პარტნიორები თანხმდებიან. შეხვედრაზე ევროპის წარმომადგენლებმა გუანტანამოს ციხის ირგვლივ საკუთარი უკმაყოფილებაც ღიად გამოთქვეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამაზე განაცხადა, რომ ციხის დახურვა და დაკავებულების უკან, მათ ქვეყნებში დაბრუნება სურს. მაგრამ, ბუშის განცხადებით, გუანტანამოში მყოფი ბევრი პატიმარი, ტერორიზმის თვალსაზრისით, საფრთხეს წარმოადგენს და ამის გამო დაწესებულების მყისიერი გაუქმება არ გამოვა.

ერაყის საკითხი კიდევ ერთი თემაა, რომლის ირგვლივაც ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ხშირად უთანხმოება იჩენდა თავს. ბუშის თქმით, მას სჯერა, რომ ერაყის ახალი მთავრობა წარმატებული იქნება, მაგრამ, მისი განცხადებით, ბაღდადს ევროპის და ამერიკის მხრიდან მხარდაჭერა ესაჭიროება:

[ბუშის ხმა] ”იცით, მე კარგად მესმის, რომ ერაყთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გვქონდა და ეს სხვაობებიც მესმის. ამ თემის ირგვლივ ხალხს მყარი მოსაზრებები აქვს. მაგრამ ეს წარსულია, წინ კი ახლო აღმოსავლეთში საიმედო დემოკრატია გველის და ამის გამო მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მჯერა, რომ ერაყში მალიქის მთავრობა წარმატებული იქნება.”

სხვა თემებს შორის, ჯორჯ ბუში პრესკონფერენციაზე ჩრდილოეთ კორეის საკითხსაც შეეხო და ფხენიანის გეგმას გრძელი მანძილის რაკეტის გამოცდის შესახებ ”შემაშფოთებელი” უწოდა.
XS
SM
MD
LG