Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახდება თუ არა ბორჯომი ოლიმპიური ქალაქი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გახდება თუ არა ბორჯომი ერთ-ერთი იმ კანდიდატ ქალაქებს შორის, სადაც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება, ეს ხვალ, 22 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური

კომიტეტის სხდომაზე გაირკვევა. ამ ეტაპზე 2014 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილს 7 ქვეყანა გამოთქვამს - ავსტრია, ესპანეთი, ყაზახეთი, სამხრეთ კორეა, ბულგარეთი, რუსეთი და საქართველო. ქართველებისთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმის მიუხედავად, თბილისში საკუთარ შანსებს რეალურად აღიქვამენ და ფიქრობენ, რომ თუნდაც კანდიდატ-ქვეყნად აღიარება ამ ეტაპზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება იქნება.


განსაკუთრებული ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, საუბარი ბორჯომ-ბაკურიანის, როგორც ზამთრის ოლიმპიური თამაშების პოტენციალური მასპინძლის, შესახებ ახლა არ დაწყებულა - 1989 წელს მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლება სერიოზულად ფიქრობდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ბორჯომ-ბაკურიანის მასპინძელი მხარის კანდიდატად წარდგენას. თუმცა, საბოლოოდ, მაშინ არჩევანი სოჭზე გაკეთდა. დღეს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლების მისაღებად ერთმანეთს, სოფიის თუ ზალცბურგის გვერდით, კვლავ ბორჯომ-ბაკურიანი და სოჭი ეჯიბრებიან. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტის ჯანო ბაგრატიონის თქმით, ამ ეტაპზე თუნდაც კანდიდატი ქვეყნის ტიტულის მიღება საქართველოსთვის დიდი წარმატება იქნება:

[ჯანო ბაგრატიონის ხმა] ”კანდიდატებში რომ ბაკურიანი გავიდეს, ეს უკვე დიდი გამარჯვება იქნება, რადგან ამას უნდა მოჰყვეს შემდგომ რაღაც ინფრასტრუქტურაზე ფიქრი, იქაური პირობების გაუმჯობესება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე არ არის?”

ეს რომ ნამდვილად ასეა, ამას ის ადამიანებიც ადასტურებენ, რომლებიც ოლიმპიური თამაშებისგან საკმაოდ შორს არიან, ვისაც არც კი გაუგია, რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე, მაგრამ ვინც ფიქრობს, რომ ბორჯომ-ბაკურიანში ოლიმპიადის ჩატარება ქვეყნის წინსვლაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს. მაგალითად, ასე მიაჩნია 22 წლის ვერიკოს:

[ ქალის ხმა] ”საერთოდ ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგან რომ გადაწყდეს ოლიმპიადის აქ ჩატარება, ბევრი რაღაცა გაკეთდება იმ ქალაქებში, ბევრი სასტუმრო აშენდება - ეს კარგია ჩვენთვის, რადგან ოლიმპიადა ჩაივლის და ჩვენ დაგვრჩება ყველაფერი.”


საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრი, ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი რამდენიმე ფაქტორს ჩამოთვლის, რომელიც ბორჯომ-ბაკურიანის სასარგებლოდ მუშაობს - განსაკუთრებული ბუნებრივი პირობების გარდა, მისი თქმით, საქართველოზე არჩევანის გაკეთება 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადას განსაკუთრებულ დატვირთვას შესძენს:

[პაატა ნაცვლიშვილის ხმა] ” ზალცბურგის თამაშები იქნება ზალცბურგის თამაშები - ის ვერ გადაიქცევა სრულიად ავსტრიულ მოვლენად, რადგან იქ არის ინსბურგი, სადაც უკვე ჩატარდა ოლიმპიური თამაშები, თანაც - ორჯერ. ასე რომ, ეს ვერ იქნება სრულიად ავსტრიული მოვლენა. აი, ბორჯომში და ბაკურიანში ჩატარებული ოლიმპიადა კი იქნება მთელი ქვეყნის მოვლენა. და შეიძლება - მთელი რეგიონისაც.”

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა პროექტი ”ბორჯომი 2014” ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მოამზადა. ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ამ პროექტით, 3 მილიარდი დოლარი მაინც იქნება საჭირო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განმარტებით, ამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 95 პროცენტის განხორციელება უკვე დაწყებულია - მაგალითად, ავტობანების მშენებლობა. გარდა ამისა, ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაში მონაწილეობის სურვილს კერძო ბიზნესიც გამოთქვამს.
პაატა ნაცვლიშვილის კიდევ ერთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა მიანიჭოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უპირატესობა ბორჯომ-ბაკურიანს, ასე ჟღერს:
[ პაატა ნაცვლიშვილის ხმა] ”ოლიმპიური მოძრაობა ათწლეულების განმავლობაში ეძებდა და პოულობდა კიდევაც წარმატებულ ქვეყნებს, აყვავებულ ქალაქებს ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ. მაგრამ ასეთი ქალაქების და ქვეყნების რიცხვი რამდენამდე შეზღუდულია. ხოლო ოლიმპიური მოძრაობა ისე გაძლიერდა, რომ შეუძლია თავად დაეხმაროს ქვეყნებს ასეთი ქალაქების შექმნაში. და ეს იქნება თანამედროვე მსოფლიოში მისი კიდევ ერთი ახალი როლი, რასაც, სხვათა შორის, უნდა მიესალმებოდეს კიდევაც ოლიმპიური კომიტეტის თითოეული წევრი, რადგა სპორტი - სპორტია, მაგრამ იმის იქით ბევრი საშუალებებია, რომ სპორტმა უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების ცხოვრებაში.”


იმ კაცივით რომ არ დაგვემართოს, ქილა ერბო რომ იპოვა და თავისი მომავალი გარანტირებულად მიიჩნია, უნდა ითქვას, რომ ხვალ საქართველოს საკმაოდ ძლიერ ქვეყნებთან მოუწევს კონკურენცია. თუმცა ისევ პაატა ნაცვლიშვილის ნათქვამს მოვიშველიებ:

[ პაატა ნაცვლიშვილის ხმა] ” არ ყოფილა შემთხვევა, რომ პირველივე მონაწილეობაზე ქალაქს ოლიმპიადა მიეღოს. ბუნებრივია, ეს ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ძნელია, პირველივე ცდაზე...მეორე მხრივ, მეორე ცდა ისე არ იქნება, თუ არ იქნა პირველი.”
XS
SM
MD
LG