Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 649-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ ყოველკვირეულ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 649-ე გამოშვებას. ვიმსჯელებთ იმაზე, რამდენად რეალურია, რომ დასავლეთი აფხაზეთისთვის შესაძლო ალტერნატივად იქცეს; გიამბობთ თბილისის იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთკა-მუზეუმში დაცულ გრამფირფიტების უნიკალურ კოლექციაზე; თბილისში დაწყებული ჯაზფესტივალის საბაბით დავინტერესდებით, რა მუსიკას უსმენენ დღევანდელ საქართველოში; შემოგთავაზებთ სიუჟეტს "ჯანმრთელობის ელიქსირზე" - მწვანე ჩაიზე; დღეს ჩვენი სტუმარია ბუქარესტის წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის მორჩილი ალექსი ქშუტაშვილი; "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

დასავლეთი - შესაძლო ალტერნატივა აფხაზეთისთვის?

დავით კაკაბაძე:
ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ ამ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა აფხაზეთს ეწვია და სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ ბრაიზამ საქართველოში კიდევ ორი დღე დაჰყო. ის ხვდებოდა როგორც ოფიციალურ პირებს, ისე პოლიტოლოგებს. ერთ ექსპერტს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, თემურ იაკობაშვილს ესაუბრა დავით პაიჭაძე. საუბარი დაიწყო შეკითხვით, რისი ნიშანია მეთიუ ბრაიზას ეს უკვე მეორე ვიზიტი აფხაზეთში.

დავით პაიჭაძე:
ბოლო პერიოდში შეინიშნება ძალიან საინტერესო ცვლილება ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომებში საქართველოში არსებული კონფლიქტური რეგიონების მიმართ, ამბობს თემურ იაკობაშვილი. აქამდე ამ ტერიტორიებს თითქოს ტაბუ ედო, იქაურ ხელისუფლებას ან მხოლოდ რუსეთი ელაპარაკებოდა, ან რუსეთის მონაწილეობით ელაპარაკებოდნენ. ახლა კი სხვა ტენდენცია შეინიშნება: ევროპისა და ამერიკის მაღალი რანგის მოხელეებს უშუალო კონტაქტები აქვთ სამხრეთ ოსეთისა და, განსაკუთრებით, აფხაზეთის ხელისუფლებასთან. თემურ იაკობაშვილის აზრით, ეს ტენდენცია საქართველოსთვის მომგებიანია რამდენიმე მიზეზით:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] "პირველი მიზეზია ის, რომ აფხაზეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ და უფრო მეტად აფხაზეთის მოსახლეობამ თავი არ იგრძნოს ერთი არჩევანის წინაშე. და ეს ერთადერთი ”არჩევანი” არის რუსეთის ფედერაცია. ასევე საჭიროა, მათ გაიზიარონ ჩვენი მისწრაფებები დასავლური ინტეგრაციისადმი, იმიტომ რომ, თუ ამას არ გაიზიარებენ, მაშინ, ჩემი აზრით, მშვიდობიანად ეს კონფლიქტი ვერ მოგვარდება."

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოუდგენელია, თუ ეს ტერიტორიები თავიანთ მომავალს სხვა მიმართულებით ჭვრეტენ. ამდენად, ალტერნატივის შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია და ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ ნაბიჯებს მრავალ ფრონტზე დგამს, ამბობს თემურ იაკობაშვილი და ნიმუშად ჩემთვის უცნობ ერთ ფაქტს იხსენებს:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] "ძალიან საინტერესო იყო ამერიკული “ქანთრი” ჯგუფის ვიზიტი აფხაზეთში დაახლოებით ერთი თვის წინათ. ერთი კონცერტი გაიმართა აფხაზეთში და ეს იყო მთელი მოვლენა აფხაზებისთვის, იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული მოისმინეს, სხვა კულტურასთან ჰქონდათ შეხება. ამ ხალხის ცამეტწლიანი იზოლაცია, კარგია, თუ დაირღვევა დასავლურ კულტურასთან რაღაცნაირი ზიარებით."

ამერიკის ეს კულტურული ინტერვენცია სხვა კონტექსტში გადაიტანს ჩვენი დიალოგის ფორმატს, მიაჩნია თემურ იაკობაშვილს. ახლა მნიშვნელოვანია, აფხაზები და ოსები გახდნენ პროდასავლურები, ვიდრე პროქართულები, რაც ილუზიაა. მათ უნდა დაინახონ, რა ხეირი ექნებათ საქართველოში ყოფნის ხარჯზე, თუ საქართველო ინტეგრირდება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. თუ ეს არ დაინახეს, სამშვიდობო მოლაპარაკებები მათთან ძალიან გაჭირდება, ამბობს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. კონფლიქტის მოწესრიგების ინტერნაციონალიზაცია გულისხმობს დასავლეთის ჩართვას ამ პროცესში. კონფლიქტური რეგიონების ხელმძღვანელობასთან დასავლელ მოხელეთა უშუალო კონტაქტები სწორედ ამ პროცესის ნაწილია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ სოხუმში ყოფნისას განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ აფხაზეთი ეკონომიკურ კავშირებს დაამყარებს ევროპასთან. ამ სიტყვების კომენტირებისას თემურ იაკობაშვილი აღნიშნავს, რომ მთავარია აფხაზებს დაანახვო რუსეთში ინტეგრაციის ალტერნატივა. ამის გარეშე საქართველო უბიძგებს აფხაზეთს რუსეთისაკენ. რაც შეეხება მეთიუ ბრაიზას შეხვედრას აფხაზ ლიდერებთან, თემურ იაკობაშვილი აღნიშნავს:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] "მე ველაპარაკე ბრაიზას ამ შეხვედრის შემდეგ და, მისი შთაბეჭდილებით, ბაღაფში არის ადამიანი, ვისთანაც საუბარი შეიძლება. მას არ უთქვამს, რომ ბაღაფში გადმოეწყო და პროქართული ან პროამერიკული გახდა, მაგრამ დატოვა საინტერესო მოსაუბრის შთაბეჭდილება. ყოველ შემთხვევაში, ის თავისი ხალხის ინტერესთა გამომხატველ ფიგურად აღიქმება არა მარტო იმიტომ, რომ პრეზიდენტია, არამედ მის საუბარში არის რაღაც რაციონალური."

მე ვკითხე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, თუ აკვირდება, რა რეაქციას აგებებს რუსეთი დასავლეთის გააქტიურებას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში, საერთოდ, და, კერძოდ, ამერიკელი დიპლომატების ჩასვლას აფხაზეთში. თემურ იაკობაშვილის აზრით:

[თუმურ იაკობაშვილის ხმა] "რეაქცია გამოიხატება იმაში, რომ არსად არაფერი არ იწერება, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში რაც იწერება, ტელევიზიით რაც გადის, ყველაფერი გარკვეული ცენზურის ჩარჩოებში ჯდება. ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ ვიღაცას სურვილი არ გასჩენოდა ამის გაშუქებისა. ფაქტია, არ გაშუქდა. ესე იგი, უბრძანეს, არ გაშუქებულიყო. ეს უკვე რეაქციაა."

დავით კაკაბაძე:
ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თემურ იაკობაშვილი. მას დავით პაიჭაძე ესაუბრა.

იოსებ გრიშაშვილის ფირფიტების კოლექცია

დავით კაკაბაძე:
ამ რამდენიმე თვის წინ, რადიო "თავისუფლების" თბილისელმა კორესპონდენტმა ალექსანდრე ელისაშვილმა იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთკა-მუზეუმის მდგომარეობისა და იქ დაცული უნიკალური წიგნების შესახებ მოგითხროთ. ძველ თბილისში, ხარფუხის უბანში მდებარე იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმში მხოლოდ წიგნების კოლექცია როდია საყურადღებო. 84 ათასი წიგნის გარდა იქ ინახება ძველი თბილისის ტრფიალით ცნობილი პოეტის გრამფირფიტების პირადი ფონდიც, რომლის ნაწილი სრულიად უნიკალურია. გრიშაშვილის ფირფიტების კოლექციის უკეთ გასაცნობად ალექსანდრე ელისაშვილი ხელმეორედ ესტუმრა ხარფუხს და ახლა საკუთარ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.

ალექსანდრე ელისაშვილი:
ხარფუხში, ალგეთის ქუჩაზე, იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმამდე საკმაო აღმართია. ივნისის სიცხეში მის ავლას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება. მუზეუმთან მიახლოებულს კი პირველი მუზეუმის ერთგული მცველი, ერთი ციდა ფინია - ჯინა გვეგებება.

[ისმის ძაღლის ყეფის ხმა]

ჯინას ყეფაზე გამოდის ბიბლიოთეკა-მუზეუმის დირექტორი და ლამის ერთადერთი თანამშრომელი ნოდარ გრიგორაშვილი. იგი შენობის მეორე სართულზე - საექსპოზიციო დარბაზისა და დოკუმენტების საცავისაკენ მიგვიძღვება. ზამთრის შემდეგ შენობაში არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საექსპოზიციო დარბაზში ახლა აღარ ცივა. სამაგიეროდ, ცხელა... ბატონმა ნოდარმა დაგვიდასტურა ჩვენი ეჭვი იმის შესახებ, რომ თბილისის ისტორიაზე შეყვარებულ იოსებ გრიშაშვილმა ფირფიტების მართლაც უნიკალური კოლექცია დაგვიტოვა:

[ნოდარ გრიგორაშვილის ხმა] "ხელნაწერებია 740, ფოტომასალა 5140, გრაფიკა, ფერწერა, ნოტები, ფირფიტა - 800 ერთეული. ბევრი ნოტია აქ იშვიათი, სხვაგან, რომ არსად არ არის დაცული."

დოკუმენტების ჩამოთვლის შემდეგ ჯერი კატალოგზე მიდგა. აქ გავარკვიეთ, რომ 800 ფირფიტას შორის არის ქართველი, რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ირანელი შემსრულებლების სიმღერები. ფირფიტების უმეტესობა გასული საუკუნის დასაწყისშია ჩაწერილი:

[ნოდარ გრიგორაშვილის ხმა] "მეოცე საუკუნის დასაწყისის ფირფიტებია. გრამოფონის. ძველებური ქალაქური სიმღერებია დუდუკებზე, არღანზე. მარო თარხნიშვილის, წინათ ერთი ცნობილი იყო ერთი, ბაგრატა - მედოლე, და მღეროდა."

ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ერთი შემსრულებელი: თბილისის მესაზანდრეთა უკანასკნელი ამქრის უსტაბაშის, სახელგანთქმული აშუღის ჰაზირას, იგივე აბრამ აბრამოვის შემოქმედება. ჩვენი მონაცემებით, მისი ჩანაწერები საქართველოში არსად ინახებოდა. რამდენიმე სიმღერა მუსკოვის არქივებშია დაცული, თუმცა ნოდარ გრიგორაშვილმა და გრიშაშვილის ფირფიტების კატალოგმა ჩვენი ყველაზე დიდი მოლოდინი გაამართლეს. მუზეუმის ფონდში კომპანია "გრამოფონის" მიერ ჩაწერილი სამი ფირფიტა აღმოჩნდა, მართალია ეს ფირფიტები ერთი სიმღერის ორი ჩანაწერი აღმოჩნდა, მაგრამ თავად აღმოჩენა უდავოდ სასიამოვნო იყო.

[ნოდარ გრიგორაშვილის ხმა] "ჰაზირასი არის. გრიშაშვილს აქვს, "ბოჰემაში", რომ დაბერდაო, ხმა ისეთი არ ჰქონდა და ყვიროდაო. ეტყობა, სიბერეშია ჩაწერილი. ორი სიმღერაა - "შაქი" და "მომე ხელი გენაცვალე". მუსიკაც მისია, ლექსიც მისია და თვითონ ასრულებს."

ჩვენ ბუნებრივი სურვილი გაგვიჩნდა, მოგვესმინა ფირფიტა, რომლის ყუთიც მტვრის სქელი ფენით იყო დაფარული. ფირფიტის შუაგულზე კი ეწერა "ტიფლის, ერივანსკაია პლოშჩად, კომპანია "გრამოფონ" და იქვე ქართულად: "სიმღერები - "შაქი" და "მამე ხელი" - შეასრულებს აშუღ ჰაზირა". თუმცა, თბილისის სახელოვანი აშუღისა და მესაზანდრეთა უკანასკნელი ამქრის უსტაბაშის შემოქმედების მოსმენა შეუძლებელი გამოგდა. მიზეზი კი მუზეუმის ერთადერთი და აშკარად მწყობრიდან გამოსული ფირსაკრავი იყო:

[ისმის ფირსაკრავის ხრიალის ხმა]

საბოლოოდ, ფირსაკრავის ჩართვა და ამუშავება, შესაბამისად, უნიკალური აუდიოჩანაწერების მოსმენა ვერ მოვახერხეთ. თუმცა, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაზიანებული ფირსაკრავი ალბათ ყველაზე ნაკლებად სერიოზული პრობლემაა. მეცნიერებათა აკადემიის ბალანსზე მყოფი მუზეუმი უკვე კარგა ხანია, ყველას მიერ მივიწყებულია და მხოლოდ ნოდარ გრიგორაშვილის ანაბარაა მიტოვებული. ბატონი ნოდარი უკვე რამდენიმე წელიწადია, ითავსებს დირექტორის, მცველისა და დამლაგებლის ფუნქციებს. თუმცა, მუზეუმის ფონდებზე საუბრისაგან განსხვავებით, პრობლემებზე საუბარი მას არ უყვარს. იგი დარწმუნებულია, რომ, ადრე თუ გვიან, გრიშაშვილის მუზეუმის უნიკალური წიგნების, ფირფიტების, ნოტების, ფოტოებისა და ხელნაწერებისთვისაც მოიცლიან. მანამდე კი ჰაზირას, ბაგრატას, ვასო აბაშიძის, ოლღა ბაგრატიონ-დავიდოვას, მარო თარხნიშვილისა თუ სხვა ცნობილი და უცნობი ქართველი, რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი თუ ირანელი შემსრულებლების ფირფიტები ხარფუხში, წიგნის თაროებზე დუმან და სქლად იმტვერებიან.

რა მუსიკას უსმენენ საქართველოში?

დავით კაკაბაძე:
ჰაზირასა და ბაგრატას დღეს საქართველოში არათუ აღარ უსმენენ, არამედ აღარც იცნობენ. მაგრამ მუსიკა ხალხს კვლავინდებურად უყვარს, რაზეც აშკარად მეტყველებს თბილისში თუ რეგიონებში მომრავლებული მუსიკალური რადიოსადგურებიც. სხვა საკითხია, რომ მუსიკალური გემოვნება საკმაოდ ფართოა. რა მუსიკას უსმენენ დღევანდელ საქართველოში? ამის გარკვევა თამარ ჩიქოვანმა სცადა.

თამარ ჩიქოვანი:
ქართველი მელომანებისთვის განსაკუთრებული დრო დადგა: თბილისის მუსიკალურ მაღაზიებში პრაქტიკულად ნებისმიერი მუსიკალური შემსრულებლის დისკის ყიდვაა შესაძლებელი. ფასიც შედარებით მოკრძალებულია - 7-8 ლარი. არჩევანი მართლაც დიდია - კლასიკური მუსიკით დაწყებული, პოპით დამთავრებული.
არანაკლებ ფართო არჩევანს სთავაზობენ მსმენელს მუსიკალური რადიოსადგურები - ამ სახის რადიოთა დიდ ნაწილს ასეთი ტრადიციაც აქვს: გარკვეულ საათებში ის მსმენელის სურვილს აკმაყოფილებს და ეთერში საყვარელ სიმღერას თუ მუსიკალურ ნაწაროებს უშვებს.

რას უსმენს ახალგაზრდა თაობა? ამ კითხვაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პასუხები ასეთი იყო:

[გოგონას ხმა] "ძალიან მომწონს ალტერნატიული როკი და პოსტ-პანკი. "კოკტო ტვინსი", რადგან ძალიან ლამაზი და მშვიდი მუსიკაა. ელექტრონულ მუსიკასაც, ასე თუ ის,ე ვუსმენ. ვერ ვიტან ტრანსს, რადგან ძალიან მაგონებს ბაზრობის მუსიკას."

[მამაკაცის ხმა] "თავიდან იყო "ქუინი". მერე გადავედი მძიმე მუსიკაში. ახლა ვუსმენ მეტალს. ასევე მომწონს გოთიკური მუსიკაც. გოთიკური მუსიკის მოსმენა მიყვარს ძირითადად ღამით."

[მამაკაცის ხმა] "ტექნო მიყვარს. კიდევ - IDM-ი - ციცხალია ძალიან და ეგ მომწონს. ჯაზს ვერ ვიტან. და ვერც მათ, ვინც ჯაზს უსმენს - ჩმორული მუსიკაა."

ამ უკანასკველ მოსაზრებას, ალბათ, კატეგორიულად არ დაეთანხმებიან ჯაზის ის მოყვარულები, ვისთვისაც ამ დღეებში განსაკუთრებული პერიოდი დგება: მათ თბილისში ცოცხალი ლეგენდის, ჰერბი ჰენკოკის მოსმენის საშუალება ექნებათ.

ერთ-ერთი სტაჟიანი მელომანი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ჰენკოკის კონცერტზე წასვლას პირველ რიგში ახალგაზრდებს ურჩევს. 28 ივნისს, როცა დიდ საკონცერტო დარბაზში ჰენკოკის კონცერტი გაიმართება, თავად პაატა საქართველოში არ იქნება, თორემ ასეთი სიამოვნების შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდა. სიამოვნებით იხსენებს, ამ რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში ყოფნისას, როგორ აღმოჩნდა "ტაჯმაჰალის" კონცეტრზე. პაატა ზაქარეიშვილი ჯაზის განსაკუთრებულობას ასე ხსნის:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "ჯაზი ჩემთვის უფრო პოეზია და სულის გამოხატულებაა. კონკრეტულად რას უკრავენ, მნიშვნელობა არა აქვს. ჯაზი დამოკიდებულებაა - შენი დამოკიდებულება ამ ნაწარმოების მიმართ. ყოველი ჩვენგანი სხვადასხვანაირად კითხულობს მწერალს - დოსკოევსკი იქნება, ჭავჭავაძე თუ ნებისმიერი სხვა. როგორც შენ წაიკითხავ ლექსს - ნებისმიერი ხომ ისე წაიკითხავს გალაკტიონს, როგორც უყვარს? ჯაზიც ესაა. ჯაზი არის შენი დამოკიდებულება, შენი გაგება, შენი განცდა და არა - თემა."

ჯაზის გასაგებად საკმარისია გული გაუხსნა მუსიკასო - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და ჯაზის მიმართ შუა თაობის წარმომადგენლების განსაკუთრებულ ერთგულებას ასე ხსნის:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "პროტესტის ფორმა იყო თავის დროზე. ჯაზი ვისაც უყვარს, არიან 60-იანელები, ვინც 60-იანებში დაიჯერა ხრუშჩოვის "ოტტეპელი" - მაშინ გაიხსნა რაღაც არტახები და ჯაზი ჩათვალა საბჭოთა ხელისუფლებამ ყველაზე უწყინარ მუსიკალურ ფორმად. ამიტომ ადამიანების უდიდესმა ნაწილმა, ვისაც თავისუფლება უნდოდა, გათავისუფლება უნდოდა საბჭოთა მარწუხებიდან - თავისუფლება აქ ნახა. ამიტომ, ასე მგონია, რომ თაობა, რომელიც დღემდე ჯაზშია ჩახარშული - ისინი არიან, ვისაც იმ დროს მოუნდა თავისუფლება და თავისუფლებაში გაითქვიფნენ თუ გაიცრიცნენ."

რას ნიშნავს თავისუფლებაში გათქვეფა? ამის გასაგებად საკმარისია თუნდაც ჰერბი ჰენკოკის მოსმენა, რომელიც, შეგახსენებთ, "თავისუფლების გაკვეთილს" თბილისში 28 ივნისს გამართავს.

[მუსიკა. ჰერკი ჰენკოკი]

დავით კაკაბაძე:
რა მუსიკას უსმენენ დღევანდელ საქართველოში? ამის გარკვევას თამარ ჩიქოვანი ცდილობდა. თქვენ უსმენთ რადიო "თავისუფლებას" ეთერშია "მეათე სტუდია".

დავით კაკაბაძე:
24 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. და სწორედ ამან განაპირობა ჩვენი არჩევანი "მეათე სტუდიის" სტუმრის შერჩევისას. დღეს რადიოჟურნალის სტუმარი გახლავთ ბუქარესტის წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის მორჩილი ალექსი ქშუტაშვილი, რომელიც უკვე ათი წელიწადია, რუმინეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თავიდან, ბუნებრივია, სწორედ იმით დავინტერესდი, როგორ აღმოჩნდა იგი ბუქარესტში.

ინტერვიუ ალექსი ქშუტაშვილთან (იხ. აუდიოვერსია)

მწვანე ჩაი - ჯანმრთელობის ელექსირი?

დავით კაკაბაძე:
ჩვენი გადაცემის ბოლო სიუჟეტი ერთ სასმელს ეხება - წყალს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე მეტად გავრცელებულს დედამიწაზე. საფეხბურთო ციებ-ცხელებამ უთუოდ შეუწყო ხელი ლუდის პოპულარობის მკვეთრ ზრდას, მაგრამ ლუდიც კი ვერ გაასწრებს, მეტიც: ვერც მიუახლოვდება სასმელს, რომელსაც თითქმის მთელს მსოფლიოში იცნობს და აფასებს დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, მუსლიმანი თუ ქრისტიანი: ეს სასმელი ჩაი გახლავთ. და დღეს მწვანე ჩაიზე ვილაპარაკებთ. მას ლამის სასწაულებრივ თვისებებს მიაწერენ. ჩვენც შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სინამდვილეს და საერთოდ: რატომ, რით არის მწვანე ჩაი სასარგებლო? ჯერ მწვანე ჩაის ერთ მოყვარულს მოუსმინეთ, შემდეგ კი თხრობას მარიამ ჭიაურელი განაგრძობს.

მარიამ ჭიაურელი:
[მამაკაცის ხმა] “როცა ცხელა, მწვანე ჩაის ვსვამ, რადგან წყურვილს მიკლავს და სხვა ჩაი ვერ მშველის, ეს მარტო მწვანეს შეუძლია. მწვანე ჩაის ვსვამ, როცა ცხელა და ისიც მსმენია, რომ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო.”

ყირგიზი ალიშერივით, ახლა რომ მოუსმინეთ, მილიონობით ადამიანი სვამს მწვანე ჩაის - და, როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, ძალიან გონივრულადაც იქცევა.

[ჯეფრი ბლუმბერგის ხმა] “ასე ვიტყოდი: ლაბორატორიის ვირთხა თუ ხარ, ძალიან ბევრი ჩაი უნდა სვა, ეს კიბოს რისკს ამცირებს”, გვირჩევს ამერიკელი მკვლევარი, ტაფტის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი ბლუმბერგი. მართალია, ვირთხები არ ვართ, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა - ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაინც არ გვაწყენს, მით უმეტეს რომ ჩაის სმა, უსიამოვნო ნამდვილად არ არის...

[ჯეფრი ბლუმბერგის ხმა] “რამდენიმე ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ მწვანე ჩაი შესაძლოა ეფექტიანი საშუალება იყოს ანთებითი პროცესებისას, როგორიცაა მაგალითად ართრიტი, ან კოგნიტიური პრობლემებისას, როგორიცაა ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებები. ზოგმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, ვინც ბევრ ჩაის სვამს, მოტეხილობების ნაკლები რისკი ემუქრებათ, რომ ჩაის შეუძლია ოსტეოპოროზის შემსუბუქება. რამდენიმე გამოკვლევა - განსაკუთრებით ბრიტანეთში - მიანიშნებს, რომ მოზარდებს, რომლებიც ჩაის სვამენ, კარიეზი ნაკლებად უნვითარდებათ. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავია ის დასკვნები, რომლებიც მიუთითებს, რომ ჩაის გულის დაავადებების რისკის შემცირებაც ძალუძს.”

ამერიკელი მეცნიერი, როგორც მოისმინეთ, უმეტესწილად, ზოგადად ჩაიზე ლაპარაკობდა. კონკრეტულად მწვანე ჩაი კი, შესაძლოა განსაკუთრებით სასრგებლო იყოს.

თავად განსაჯეთ: აზიის ზოგ ქვეყანაში თამბაქოს ფართო მოხმარების მიუხედავად, გულის დაავადებებით ან ფილტვის კიბოთი სიკვდილის სტატისტიკური მაჩვენებელი შედარებით დაბალია. მაგალითად იაპონიაში შეერთებულ შტატებზე, გაცილებით ნაკლები, თითქმის ორჯერ ნაკლები ადამიანი კვდება გულის დაავადებებით, მაშინ როცა იაპონელები ამერიკელებზე გაცილებით მეტს ეწევიან. პროფესორი ბაუერ სუმპიო, ქირურგი -ანგიოლოგი იეილის უნივერსიტეტში, აზიურ პარადოქსზეც კი ლაპარაკობს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან აზიელების გარკვეული დაცულობის მიზეზი, შესაძლოა აზიელებს შორის ფრიად პოპულარული მწვანე ჩაი იყოს...

[ბაუერ სუმპიოს ხმა] “ისინი სხედან მაგიდასთან, ან სულ ერთია - სადაც მუშობენ - უდგათ დიდი შუშის, ან ლითონის ჭურჭელი და მასში ყრიან მწვანე ჩაის ფოთლებს, დაასხამენ ცხელ წყალს - მერე, ბოლომდე რომ დალევენ, ისევ ცხელ წყალს დაასხამენ და ასე სვამენ მთელი დღე”.

პროფესორმა სუმპიომ ისიც იცის, რა არის ასე სასარგებლო მწვანე ჩაიში - ეს გახლავთ ქიმიური ნივთიერება პოლიფენოლი. უწინარეს ყოვლისა მისი სახეობა, რომლის სახელწოდებაც თითქმის ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი სასიკეთო გავლენა ჯანმრთელობაზე.

[ბაუერ სუმპიოს ხმა]

...ამ სახელწოდების გამეორებას ვერ შევეჭიდები, განმარტება უფრო ადვილია: ლაპარაკია ანტი-ოქსიდანტზე. ახდენს იმ მავნე ნაწილაკების, ე.წ. "თავისუფალი რადიკალების" ნეიტრალიზებას, რომელთაც ორგანიზმში უჯრედების დაზიანება შეუძლია. ისევ პროფესორ სუმპიოს მოვუსმინოთ.

[ბაუერ სუმპიოს ხმა] "ითვლება, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს დადებითი გავლენა კარდიოვასკულარულ სისტემაზე და ამავე დროს, კიბოს უჯრედებზეც. ბევრი რამ მიუთითებს იმალე, რომ ყოველ შემთხვევაში, ლაბორატორიულ პირობებში, ამ კიბოს უჯრედთაგან ზოგიერთის ზრდას - პოლიფენოლი აფერხებს."

ვისაც მწვანე ჩაი არ უყვარს, ისღა დარჩენია შეიყვაროს - პირადად მე ძალიან შევეცდები - ან თავი დაიმშვიდოს რჩევით, რომელსაც პროფესორი ბლუმბერგი იძლევა: ჩაის - მწვანეს, თეთრს თუ შავს, - ერთი და იგივე ბუჩქი გვჩუქნის, ამდენად ჯანმრთელობისთვის, დაახლოებით მაინც, ერთნაირი სარგებელი უნდა მოჰქონდეს...

როგორც უნდა იყოს, მწვანე ჩაის საუცხოო, სასარგებლო თვისებებზე ლაპარაკმა, რომელიც უკვე წლებია, არ წყდება, საკმაოდ გაზარდა მისი პოპულარობა მწვანე ჩაის სმის ტრადიციის არ-მქონე ქვეყნებშიც, მათ შორის შეერთებულ შტატებში.

კევინ მური ძალიან კმაყოფილია ამ ტენდენციით - ის ხომ მწვანე ჩაით მთელს მსოფლიოში ვაჭრობს. კომპანიის შტაბბინა იაპონიაში, ფუკუშიმაში აქვს განთავსებული.

[კევინ მურის ხმა] “იაპონიაში საქმეში ვარ ჩართული უკვე 20ი წელია. ცოლი მყავს იაპონელი. ჯერ კიდევ არიზონის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, როცა დამატებით პატარა ბიზნესის წამოწყება დავაპირე. რახან იაპონიას ვიცნობდი, ვიცოდი მწვანე ჩაის შესახებ - (მაშინ 1998ტ წელს გაგიჭირდებოდა შტატებში რიგიანი მწვანე ჩაის შოვნა, სხვათა შორის ეს დღემდე ძნელია) - ეს ბიზნესი წამოვიწყე, და ვფიქრობ, კარგი დროც შევარჩიე, რადგან მას შემდეგ საქმე სულ წინ მიიწევს.”

საქმე სულ წინ მიიწევს, ანუ მწვანე ჩაის მოყვარულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ხოლო ვინც ამ მოყვარულთა რიგში დღემდე არ ჩამდგარა, თავი იმით შეუძლია დაიმშვიდოს, რომ მწვანე ჩაისთვის დამახასიათებელ ზოგ სასარგებლო ინგრედიენტს - სხვაგანაც მიაგნებს: მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დღეებში განსაკუთრებით პოპულარული ლუდის რა გითხრათ, მაგრამ წითელ ღვინოს - ისევე, როგორც ვაშლს, შოკოლადს, ჭარხალს, კომბოსტოს - მწვანე ჩაის მსგავსი სასარგებლო თვისებანი ახასიათებს.

დავით კაკაბაძე:
მაშ ასე - მწვანე ჩაი, ან წითელი ღვინო - სიცოცხლის ელექსირად თუ არა ჯანმრთელობის ელექსირად მაინც შეიძლება მივიჩნიოთ. მწვანე ჩაიზე მარიამ ჭიაურელი მოგითხრობდათ. მასთან ერთად "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადა დავით კაკაბაძემ, რომელიც გადაცემასაც უძღვებოდა. ხმის ოპერატორები იყვნენ თბილისში - ლევან გვარამაძე, ხოლო პრაღაში - იულია საიკო. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG