Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონგრესის მოწყობა გადაწყვიტეს


25 ივნისს სასტუმრო ”შერეტონ მეტეხი პალასში” საქართველოში მოქმედი 300-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ”მესამე სექტორის” პირველ

კონგრესზე შეიკრიბება. კონგრესის მოწყობის ინიციატივით გამოვიდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია. ის აერთიანებს 70 სუბიექტს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ კოორდინირებული მუშაობით უფრო მეტის გაკეთებას შეძლებენ საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების ასაშენებლად. რა გახდა კონგრესის მოწვევის მიზეზი?

საქართველოში გავრცელებული აზრია, - და ამას თავად მესამე სექტორიც ეთანხმება, - რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა ძალიან გაჭირდა. არადა, ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული ხელისუფლება მნიშვნელოვანწილად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ყველა ელოდა, რომ ეს არასამთავრობოთა მუშაობას გაცილებით გააიოლებდა, მაგრამ პირიქით კი მოხდა.

[ლია მუხაშავრიას ხმა] ” არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც ხელისუფლებასა თუ პოლიტიკაში გადაინაცვლეს, საკუთარი გამოცდილება სწორედ არასამთავრობო სექტორის მოსაშლელად, მისი საქმიანობის შესასუსტებლად და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენეს.”

ლია მუხაშავრია, ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი, იმასაც ამბობს, რომ ამ ანომალიური ვითარებიდან გამოსავლის ძიებამ აიძულა მესამე სექტორი მოქმედების სტრატეგია გადაესინჯა. სტრატეგიის შეცვლა კი იმაში გამოხატება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ცალ-ცალკე საქმიანობიდან ერთობლივ მოქმედებაზე გადავიდნენ. ლია მუხაშავრიას კომენტარი:

[ლია მუხაშავრიას ხმა] ”პლურალიზმის საზღვრები საკმაოდ შეიზღუდა, შეიკვეცა, დიალოგი ხელისუფლებასთან პრაქტიკულად მოშლილია და ეგება იმით, რომ ამდენი არასამთავრობო გაერთიანდება და ერთი ხმით ილაპარაკებს, უფრო ყურადსაღები გახდეს ეს შეტყობინება.”

არასამთავრობო ორგანიზაციათა კონგრესის შეტყობინება კი შეიძლება რამდენიმე იყოს.
ის, ძირითადად, ადამიანის უფლებათა დაცვასთან იქნება დაკავშირებული; ასევე, სუსტი საზოგადოებრივი კონტროლის საკითხებთან, ძალოვანი სტრუქტურების შეუზღუდავ მოქმედებებთან, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის საკითხებთან, ბიზნესის პრობლემებსა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის მტკივნეულ სხვა თემებთან.

ამასთანავე, დიდი ყურადღება დაეთმობა რეგიონების პრობლემატიკას. კონგრესში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც. კონგრესის კიდევ ერთი ორგანიზატორის, კონფლიქტოლოგ გიორგი ხუციშვილის, კომენტარი:

[გიორგი ხუციშვილის ხმა] ”კონგრესი ჩატარდება იმისათვის, რომ მოისმინოს ყველა რეგიონის წარმომადგენლის გულისტკივილი. არათუ მოისმინოს, არამედ ერთობლივად ჩამოვყალიბდეთ იმისათვის, რომ კოლექტიური სოლიდარული პასუხი გავცეთ ყველა ამ შეკითხვას. დავაყენოთ საკითხი ხელისუფლების წინაშე, აი, ამ მტკივნეული საკითხების გადასაწყვეტად.”

არასამთავრობო ორგანიზაციების კონგრესი ”სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსთვის”, როგორც რეპორტაჟის დასაწყისში აღვნიშნეთ, 25 ივნისს გაიმართება. მის ორგანიზატორებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ასეთი თავყრილობა ყოველწლიურად მოაწყონ მესამე სექტორის მოქმედებათა კოორდინაციის მიზნით.
XS
SM
MD
LG