Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი ქართული გაზეთების ყურადღების ცენტრში არაერთი აქტუალური საკითხი მოხვდა, მათ


დღევანდელი ქართული გაზეთების ყურადღების ცენტრში არაერთი აქტუალური საკითხი მოხვდა, მათ შორის - ლოკალური პოლიტიკურ–ეკონომიკური მოვლენების

გლობალური ასპექტები, როგორიცაა, მაგალითად, ენერგოუსაფრთხოება, საერთაშორისო პოლიტიკა და სხვ. უფრო კონკრეტულად კი, გაზეთ “ხვალინდელი დღის” იმ პუბლიკაციას შემოგთავაზებთ, რომლის თანახმად, საქართველოს კონფლიქტები დიდი პოლიტიკის ეპიცენტრში შემთხვევით არ მოხვედრილა. პუბლიკაციის თანახმად, საქართველო ერთგვარი შლაგბაუმია, რომელიც თუ რუსებმა ჩაკეტეს, ევროპის ენერგოუზრუნველყოფის ალტერნატიულ გზებზე საუბარი დიდწილად აზრსაც დაკარგავს. რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გამო ევროპა ბოლო დროს სულ უფრო დამყოლი და დამთმობიც კი ხდება პუტინის პოლიტიკის მიმართ. ვაშინგტონი კი, ცხადია, მის გამხნევებას ასევე ენერგეტიკული ალტერნატივის შეთავაზებით ცდილობს, რაც საქართველოს გარეშე ადვილი არ იქნება, თუ შეუძლებელი არა, - ნათქვამია სტატიაში, სახელწოდებით „ საქართველოს კონფლიქტები დიდი პოლიტიკის ეპიცენტრში.“ სტატიის თანახმად, საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარება დიდი პოლიტიკის კონიუნქტურის ამოცანაც გახდა. და რაც ყველაზე მთავარია, სავსებით შესაძლებელია, ის დიდი პოლიტიკის სრულფასოვან ამოცანადაც იქცეს. გაზეთ „ხვალინდელი დღის“ მოსაზრებები განმტკიცებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მეთიუ ბრაიზას თბილისსა და სოხუმში გამართული შეხვედრების შედეგებით. ამ შედეგებზე დღეს გამომავალი თითქმის ყველა გაზეთი საუბრობს, თუმცა გვერდს ვერ უვლის ვერც ისეთ მწვავე თემას, როგორიცაა თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის მუქარა მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლის, ენგურის ხაზის დანაღმვისა და დროებითი საზღვრის მთელ პერიმეტრზე აფხაზი მეომრების განლაგების შესახებ. გაზეთ “რეზონანსის” ცნობით, სოხუმი აფხაზეთში მცხოვრები ქართველების გადაბირებისა და გააფხაზების პოლიტიკას ეწევა, რისთვისაც ისეთ მეთოდებს მიმართავს, როგორიცაა მეგრულენოვანი გაზეთებისა და სახელმძღვანელოების გამოცემა.
დღევანდელი გაზეთები თავიანთ ფურცლებზე განსაკუთრებულ ადგილს უთმობენ ასევე წლის ყველაზე სკანდალურ და გახმაურებულ დანაშაულს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობას. ორი დღის წინ ქალაქის პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება დაასრულა, მანამდე კი ხელმეორედ დაკითხა ის ოთხი ადამიანი, რომელსაც დაზარალებული ოჯახი მკვლელობის დამკვეთებად მიიჩნევს. ჩვენებების შინაარსი არ გახმაურებულა, თუმცა გაზეთმა “ალიამ” შეიტყო, რომ ოთხივეს ჩვენება შეთანხმებულივით ერთნაირია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მათ “შარდენ-ბარში” არავითარი კონფლიქტი არ დაუნახავთ. თუმცა “ალიას” პუბლიკაციის საგანი დაკითხვის შინაარსი კი არა, გირგვლიანის საქმის მეხუთე მონაწილის იგორ მელნიკოვის გაუჩინარებაა. პროკურატურას მელნიკოვი ხელმეორედ არ დაუკითხავს. “ალია” ეჭვობს, რომ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: “გამოძიება ცდილობდა, კონფლიქტი ბარში არ დაფიქსირებულიყო, რადგან ამ შეთხვევაში მას დამკვეთების ძიებაც სწორედ სუფრის წევრებს შორის უნდა დაეწყო. მელნიკოვის დაკითხვით გამოძიებას სწორედ იმის აღიარება მოუწევდა, რომ კონფლიქტი ალანიასთან ბარის გარეთ კი არ წარმოიშვა, არამედ ზუსტად ისე, როგორც ამას გირგვლიანის ჭირისუფალი ყვება. არადა, მელნიკოვი ის მოწმეა, რომელზეც დაზარალებული მხარე ეჭვობს, რომ სწორედ მან მიიღო დავალება, ჭკუა ესწავლებინა გირგვლიანისა და ბუხაიძისათვის.“

მკვლელობის დამკვეთის ვინაობის გაურკვევლობით და ზოგადად გამოძიების დასრულების შედეგებით უკმაყოფილონი არიან როგორც გირგვლიანის ოჯახის წევრები, ისე ადვოკატი შალვა შავგულიძე. გაზეთ “ხვალინდელ დღესთან” საუბარში იგი აცხადებს, რომ წინ არის სასამართლო, სადაც საჯარო სხდომაზე საზოგადოებისათვის ნათელი გახდება, რამდენ უკანონობასთან გვაქვს საქმე. ადვოკატის თქმით, ბრძოლის მეორე და უფრო საიმედო გზა ევროპის სასამართლოა.
XS
SM
MD
LG