Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მორიგი ცვლილება შევა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ფინანსთა სამინისტრო რიგით მეორე ცვლილებას გეგმავს. ქვეყნის მთავარი ეკონომიკური კანონის შემოსავლების ნაწილი

ამჯერად 77 მილიონი ლარით იზრდება. მთავრობა ბიუჯეტის ზრდის მიზეზად ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს ასახელებს, თუმცა ექსპერტები საბიუჯეტო დაგეგმარების პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას და მიიჩნევენ, რომ უმჯობესია სწორი ეკონომიკური გათვლები ბიუჯეტის მიღების ეტაპზე გაკეთდეს, რათა მისი პერმანენტული კორექტირება არ გახდეს საჭირო. მინდა ბიუჯეტში შესატანი ახალი ცვლილების შესახებ გესაუბროთ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, პირველი კვარტალის მაკროეკონომიკური შედეგების ანალიზის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტში მორიგ ცვლილებებზე საუბრობს და შემოსავლების ნაწილის 77 მილიონი ლარით გაზრდის ინიციატივით გამოდის. საინტერესოა, რომ ერთი თვის წინ საქართველოს პარლამენტმა უკვე დააკმაყოფილა მთავრობის წინადადება და მხარი დაუჭირა 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 110 მილიონი ლარით გაზრდას. ხელისუფლება დაგეგმილზე მაღალი შემოსავლების მიღებით კმაყოფილებას ვერ მალავს, ექსპერტები კი ისევ არასწორ საბიუჯეტო გათვლებზე აკეთებენ აქცენტს და მიიჩნევენ, რომ მთავრობამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა ისწავლოს ზუსტი პროგნოზის გაკეთება და პარლამენტს ისეთი პროექტი წარუდგინოს დასამტკიცებლად, რომლის წამდაუწუმ კორექტირება აღარ იქნება საჭირო.

საქართველოს ეკონომიკური კვლევის ცენტრის ექსპერტი რევაზ საყევარიშვილი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგს ახორციელებს, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ, შესაძლოა, ხელისუფლებას ხელსაც აძლევდეს გეგმის დაბალ პარამეტრებზე დაფუძნება, რათა შემდგომ პროგნოზული მაჩვენებლების გადაჭარბებით მოიწონოს თავი და წარმატებული მუშაობის ეფექტი შექმნას:

[რეზო საყევარიშვილის ხმა] ”ბიუჯეტის ზრდის და გეგმების გადაჭარბებით შესრულების მონაცემების ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება: ერთი მხრივ, ის, რომ რეალურად თავიდანვე ხდებოდა ბიუჯეტის დაბალი ნიშნულით დაგეგმვა, რაც, საბოლოოდ, ქმნიდა იმის შთაბეჭდილებას და ილუზიას, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება და, მეორე მხრივ, ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდებოდა მონაცემების სათანადო დოზით ანალიზი და, შესაბამისად, საბიუჯეტო მონაცემების რეალურთან მიახლოებული პარამეტრებით დაგეგმვა.”

ექსპერტთა მოსაზრებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან ფინანსთა სამინისტროში. ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, ”სრულდება 2006 წლის პირველი კვარტალის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების დადგენა. წინასწარი მონაცემებით, პირველი კვარტალის ზრდის ტემპი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 8,5 პროცენტი გახდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი ასევე საკმაოდ მაღალია.”

სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ მორიგ ცვლილებებსაც ფინანსთა მინისტრი სწორედ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით ხსნის. იმის გამო, რომ საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილზე მაღალია, ეს პროცესი ბიუჯეტშიც უნდა აისახოს. რაც შეეხება იმას, თუ რას მოხმარდება დამატებითი 77 მილიონი, უკვე ცნობილია, რომ ხარჯვით ნაწილში ძირითადი საინვესტიციო მიმართულება იქნება. თბილისისთვის გათვალისწინებულია 14,5 მილიონ ლარის ტრანშის გამოყოფა, რომელიც ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება. რეგიონებისთვის კი 9 მილიონი ლარი გამოიყოფა, რაც ასევე ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება. ნამატი შემოსავლიდან დამატებითი ასიგნება, 17 მლნ ლარი, თავდაცვის სამინისტროსაც ერგო.


XS
SM
MD
LG