Accessibility links

logo-print

ჰაიდი ტალიავინი: "ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა, რომ სტაბილურობის შენარჩუნება შევძელით." ინტერვიუ გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელთან


გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი, შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი სულ მალე დატოვებს საქართველოს და შვეიცარიის საგარეო საქმეთა

სამინისტროს პოლიტიკური დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. 1995 წლიდან მოყოლებული, ის კრიზისულ რეგიონებში მუშაობს. სხვადასხვა დროს მსახურობდა ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ჩეჩნეთში. 1998-99 წლებში იყო საქართველოში გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. 2002 წელს კი საგანგებო წარმომადგენლად და მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა. ჰაიდი ტალიავინი მოღვაწეობის ოთხი წლის შედეგებს ჩვენთან ინტერვიუში აჯამებს. ახლა სწორედ ამ საუბრის შინაარსს გთავაზობთ:

ჩემი პირველი შეკითხვა ბოლო ოთხი წლის მანძილზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზაზე ძირითად მიღწევებს შეეხებოდა. ჰაიდი ტალიავინის შეფასება ასეთი გახლავთ:

[ტალიავინის ხმა]
“მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა ის, რომ ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნება შევძელით. გახსოვთ რა ხდებოდა გასულ წლებში: 1998 წელს იყო შეტაკებები, 2001 წელს სირთულეები წარმოიშვა კოდორის ხეობაშიც, 2002 წელს კოდორში შეიარაღებული შეტაკებები იყო და ხშირად ძალიან ახლოს ვიყავით ვითარებასთან, როცა მხარეები მზად იყვნენ დესტაბილიზაციისთვის. ასე რომ, სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვან მიღწევად მიმაჩნია. მეორე, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო და რაც, ალბათ, უფრო სხვების განსასჯელია, არის ის, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეთა დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. მიუხედავად განსხვავებული მიდგომებისა, დიალოგი რეალურად არ შეწყვეტილა. მაშინაც კი, როცა იყო გარკვეული წყვეტა ამ დიალოგში, აშკარად იგრძნობოდა ვითარებაში გარკვევისა და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნების სურვილი. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, კარგი ატმოსფეროა და ეს ნაწილობრივ ჩემი დამსახურებაც არის. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ისინი უფრო პრაქტიკული ხასიათის არის: ეკონომიკური რეაბილიტაცია, ენგურის ხიდზე ავტობუსის მარშრუტის დანიშვნა, რაც სიმბოლურადაც კი მიმაჩნია იმ თვალსაზრისით, რომ ამ ავტობუსით ხდება ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გადაკვეთა. მინდა აღვნიშნო, რომ შეიძლება შორს არ ვიყოთ ორი პრეზიდენტის –დე ფაქტო პრეზიდენტ ბაღაფშისა და პრეზიდენტ სააკაშვილის - შეხვედრისგან. ამდენად, შორს არც იმისგან ვართ, რომ ხელი მოეწეროს დეკლარაციას შეიარაღებული დაპირისპირების განუახლებლობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ. ასე რომ, არსებობს მთელი კალათა საკითხებისა, რომელთაც განვითარება და თვალყურის მიდევნება სჭირდება.

ასეთი გახლავთ ტალიავინის მოსაზრება იმაზე, თუ რას ეფუძნება დღეს სტაბილურობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში. რამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე დღეს სტაბილურობას?

[ტალიავინის ხმა]
“სტაბილურობის შენარჩუნებას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება და ჩვენ სწორედ ამით ვართ დაკავებული. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი კონტაქტები. ჩვენ მართლაც შევუწყვეთ ხელი პირდაპირი კონტაქტების მექანიზმის განვითარებას – ამის გამოხატულება გახლავთ ყოველკვირეული ოთხმხრივი შეხვედრები, რომლებზეც კონფლიქტის მხარეები დსთ-ს სამშვიდობო ძალებისა და გაეროს მისიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ შექმნილ ვითარებას. როცა კი ამგვარი შეხვედრები არასაკმარისი იყო (და ასეთი შემთხვევები გვქონდა), ჩვენ ხელს ვუწყობდით უფრო მაღალი დონის შეხვედრების მოწყობას. სამ-ოთხჯერ მაღალ დონეზე შეხვედრები დაგვეხმარა შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსვლაში. ჩვენ აღვადგინეთ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს - მათ შორის, ფაქტების დამდგენი ჯგუფი, რომელსაც ევალება დანაშაულის შემთხვევებისა და ურთიერთბრალდებების საფუძვლიანობის გამოძიება, არის ის პოლიტიკური ხასიათის თუ კრიმინალურის. დღემდე შემთხვევების უმრავლესობა კრიმინალური გახლდათ.”

სულ მალე საქართველოს პარლამენტი განიხილავს თანამეგობრობის სამშვიდობო ძალების მოქმედების საკითხს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში. ცნობილია გაეროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. გაერო მიიჩნევს, რომ რუსი მშვიდობისდამცველები კონფლიქტის ზონაში დადებით, მასტაბილიზებელ როლს ასრულებენ. თუმცა ბევრი მოელის, რომ საქართველოს პარლამენტის დასკვნა, ამ თვალსაზრისით, უარყოფითი იქნება. როგორია ჰაიდი ტალიავინის რჩევა კონფლიქტის მხარეების მიმართ?

[ტალიავინის ხმა]
“ვიცი, რომ ამ საკითხის ირგვლივ დიდი დაძაბულობაა - ცხადია, იმ მხარესაც, რომელიც სამშვიდობო ძალების კონტინგენტს უზრუნველყოფს. თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავთ ძალიან დამაიმედებელ ნიშნებსაც, იმავე საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის სახით. მიმაჩნია, რომ პირდაპირი დიალოგის გზით შესაძლებელია ზოგიერთი გაუგებრობისთვის სინათლის მოფენა. საქმე ეხება სამშვიდობო ძალების მოქმედების შეფასებასა და მისიის გაუმჯობესებას. პირადად მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით რაიმე უხეში ნაბიჯი არ გადაიდგმება, რადგან უფრო მეტი დაძაბულობა არის კონფლიქტის ზონაში, ვიდრე პოლიტიკურ ტვინებში. ძალიან უხეშმა და რადიკალურმა ცვლილებამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს სტაბილურობაზე.”

.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG