Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში


23 ივნისს ამოიწურა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების მაძიებელი მეცნიერებისა და პედაგოგების საბუთების მიღების ვადა.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აკადემიურ თანამდებობეზე დასანიშნად გამოცხადებულია კონკურსი, რომლის პირობებსა და ჩატარების წესს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აპროტესტებს. მიტინგების პარალელურად, განათლების სამინისტროსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებულმა მეცნიერ-თანამშრომლებმა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს, ხოლო აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. რას აპირებენ უნვერსიტეტის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებული პროფესორ-მასწავლებლები და როგორ ასაბუთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები კონკურსის ჩატარების აუცილებლობას?


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ხუბუას ბრძანებულებით, რომელმაც დღის სინათლე ერთი თვის წინ იხილა, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ეკონომიკისა და მედიცინის ფაკულტეტებზე პროფესორ–მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანა მხოლოდ კონკურსის წესით მოხდება. 23 ივნისს, საღამოს 6 საათზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღების ვადა ამოიწურა. ჯემალ მებონია, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აცხადებს, რომ უნივერსიტეტის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა კონკურსს ბოიკოტი გამოუცხადა. საკითხავია, რატომ?

[ჯემალ მებონიას ხმა] „იმტომ, რომ არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ დროს, შუა საუკუნეებშიც კი, კონკურსს არ ატარებდა დეკანი და რექტორი, კონკურსს ატარებს საბჭო.“

საბჭო, რომლის შესახებაც ჯემალ მებონია ლაპარაკობდა, იურიდიულად ზუსტად ერთი წლის წინ გაუქმდა, თუმცა რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან დაპირისპირებულმა პროფესორ-მასწავლებლებმა დიდი სამეცნიერო საბჭო სულ ახლახან აღადგინეს. უნივერსიტეტის პრორექტორი ივანე ბოკერია ამბობს, რომ საბჭო არალეგიტიმური ორგანოა, ხოლო პროფესორ-მასწავლებლები კონკურსის გარეშე აკადემიურ თანამდებობებს ვეღარ დაიკავებენ.

[ივანე ბოკერიას ხმა] „უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ყოველთვის კონკურსის წესით უნდა იყვნენ არჩეული და მხოლოდ საუკეთესო მათგანი უნდა იყოს უნივერსიტეტში. შესაძლებელია ამ ეტაპზე კონკურსში ვერ გავიდეს რომელიმე ღირებული ადამიანი, მაგრამ ის აუცილებლად იქნება მოწვეული, როგორც სპეციალისტი, და მას ორი-სამი წლის შემდეგ აუცილებლად ექნება ახალ კონკურსში მონაწილეობის საშუალება.“

ივანე ბოკერიას თქმით, კონკურსი 800-მდე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა, ანუ უნივერსიტეტის საშტატო განრიგი მკვეთრად შემცირდება. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი შემცირების აუცილებლობას შემდეგ ახსნას უძებნის:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოთხ-ხუთ სტუდენტზე მოდის ერთი მასწავლებელი. თუ გადავხედავთ ევროკავშირის ქვეყნებს, იქ არის 16 სტუდენტზე 1 პროფესორი, საბერძნეთსა და იტალიაში 1 მასწავლებელზე 20 სტუდენტი მოდის... დამეთანხმეთ, რომ არა აქვს საქართველოს იმის ფუფუნება, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტივით 1:5 შეფარდება ჰქონდეს.“

ნოდარ გრიგალაშვილი ასევე ამბობს, რომ საქართველოს არც იმის ფუფუნება აქვს, რომ კვალიფიციური მეცნიერები უნივერსიტეტიდან გაუშვას. ამასვე იმეორებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია ხუბუა:

[გია ხუბუას ხმა] „უნივერსიტეტი არ დაკარგავს არც ერთ ღირებულ მეცნიერს, არც ერთ ღირებულ პედაგოგს. არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევები შეწყდეს.“

საქმე ის არის, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეუძლია კონკურსის გამოუცხადებლად მეცნიერების მიწვევა, თუმცა ჯემალ მებონიას რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. პროფესორი სამომავლო გეგმებსაც გვიმხელს:

[ჯემალ მებონის ხმა] „ეს არის ცარიელი სიტყვები! გია ხუბუას უნდა, რომ იქ მორჩილი ხალხი ჰყავდეს და არა მეცნიერები. ჩვენი საბჭო მუშაობას აგრძელებს, მან უკვე გადაყვანის პროცედურა დაამთავრა, ახლა იწყებს სტრუქტურების ჩამოყალიბებას ფაკულტეტებზე და ამის შემდეგ გამოიყენებს ყველა უფლებას... დღეს თუ ხვალ რექტორი და მისი გარემოცვა იძულებული გახდება ანგარიში გაუწიოს საბჭოს არსებობას და მიიღოს მისი დადგენილებები, როგორც აუცილებლად შესრულებადი დოკუმენტები.“

ჯემალ მებონია უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა იმ ნაწილის სახელით ლაპარაკობს, რომლებმაც კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და რომლებმაც 2005 წლის ივნისში გაუქმებული დიდი სამეცნიერო საბჭო აღადგინეს. მებონიას ნათქვამიდან ირკვევა, რომ უნივერსიტეტში რექტორატის პარალელურად მმართველობის ალტერნატიული სტრუქტურა ყალიბდება, კონკურსის შედეგები კი 24 ივლისს გახდება ცნობილი. თუმცა, ბოიკოტში მონაწილე პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობის გათვალისწინებით, შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ კონკურსის დასრულებით უნივერსიტეტში არსებული დაპირისპირება არ აღმოიფხვრება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG