Accessibility links

logo-print

უზენაესმა სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს, სასჯელის ზომა არ შეუმსუბუქა


კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს, სასჯელის ზომა არ შეუმსუბუქეს. უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ არ დააკმაყოფილა მისი

ადვოკატების შუამდგომლობა - ადვოკატები კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას მოითხოვნდნენ. სულხან მოლაშვილს 23 ივნისს საქართველოში საბოლოო განაჩენი გამოუტანეს. მას 8 წლიანი პატიმრობა აქვს მოსახდელი, თუმცა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ადვოკატები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთ სარჩელს გაგზავნიან.

”საქართველოში მართლმსაჯულება მკვდარია!” - ასეთი რეპლიკით შეხვდნენ სულხან მოლაშვილის ადვოკატები უზენაესი სასამართლოს 23 ივნისის განჩინებას, რომელიც მოსამართლე ლევან მურუსიძემ წაიკითხა:

[ლევან მურუსიძის ხმა] ”სულხან მოლაშვილის ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 მარტის განაჩენი სულხან მოლაშვილის მიმართ დარჩეს უცვლელი. ”

”სად არის სამართალი?” - კითხულობდნენ მოლაშვილის ოჯახის წევრები. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის საქმესთან დაკავშირებით სამართლის საქართველოში ძიების პროცესი დასრულებულია. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. უზენაესმა სასამართლომ კი სულხან მოლაშვილთან მიმართებით ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი - 8 წლიანი პატიმრობა. აქედან 2 წელი მოლაშვილს უკვე მოხდილი აქვს. ის ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წლის 23 აპრილს, დააკავეს.
კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, სხვისი ქონების - მათ შორის, სახელმწიფო ქონების - მიტაცებას და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდნენ. საერთო ჯამში, სულხან მოლაშვილს ბრალს სახელმწიფოსა და იურიდიული პირებისთვის 3 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაში სდებდნენ. 2005 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მოლაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ადვოკატების მიერ სააპელაციო სასამართლოში იქნა გასაჩივრებული. სააპელაციო სასამართლომ სულხან მოლაშვილს რამდენიმე ეპოზოდში მოუხსნა ბრალდება, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, მას თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიესაჯა. ადვოკატებმა სოსო ბარათაშვილმა და შალვა შავგულიძემ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უზენაეს სასამართლოში 47 გვერდიანი შუამდგომლობით გაასაჩივრეს. ადვოკატები მოლაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვდნენ, რაც არ მოხდა. მოვისმინოთ, რა განცხადებები გააკეთეს მათ 23 ივნისს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. აქვე შევნიშნავთ, რომ სამთაგან ერთი მოსამართლე მას არ დაეთანხმა.:

[სოსო ბარათაშვილის ხმა] ”საშინელებაა, როცა არ გააჩნია სასამართლო პროცესზე რაიმე პოზიცია ბრალდების მხარეს და სასამართლო ძალაში ტოვებს გამამტყუნებელ განაჩენს. ”

{შალვა შავგულიძის ხმა] ”ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ევროპის სასამართლოში შევა ჩვენი კიდევ ერთი სარჩელი. ჩვენ გვაქვს შეტანილი 2 საჩივარი ევროპის სასამართლოში. ისინი წარმოებაშია მიღებული და განხილვას ველოდებით. ამას დაემატება მესამე - სასამართლო განხილვის სტადიებზე დაშვებული დარღვევები ევროპის კონვენციისა, რასაც ადგილი ჰქონდა სულხან მოლაშვილის მიმართ. ”

ევროპის სასამართლოში გასაგზავნად მორიგი სარჩელის მოსამზადებლად ადვოკატებს 6 თვე აქვთ. ჯანმრთებლობის მხრივ შექმნილი მძიმე პრობლემების გამო სულხან მოლაშვილი ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა. სწორედ იქიდან მიიყვანეს ის 23 ივნისს სასამართლოს სხდომაზე.
XS
SM
MD
LG