Accessibility links

logo-print

”წინასაარჩევნოდ მინისტრები გაიწირებიან” - ასეთია დღევანდელ ”ახალ ვერსიაში” გამოქვეყნებული სტატიის


”წინასაარჩევნოდ მინისტრები გაიწირებიან” - ასეთია დღევანდელ ”ახალ ვერსიაში” გამოქვეყნებული სტატიის სათაური. ”სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, - წერს გაზეთი,

- გამორიცხული არ არის, რომ ეკონომიკურ ბლოკს მხოლოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები შემორჩეს. ეკონომიკური ბლოკის ახალი მინისტრების ვინაობა გამოკვეთილი არ არის. ბენდუქიძის მთავრობიდან წასვლის შემთხვევაში, ირაკლი ჩოგოვაძესთან და ლექსო ალექსიშვილთან დამშვიდობებასაც ვარაუდობენ”. ”ახალი ვერსია” საუბრობს განხეთქილებაზე, რომელიც ეკონომიკურ გუნდში რეფორმამ გამოიწვია: ”საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საბოლოოდ ვერ შეთანხმდა, ბენდუქიძის კლანის ინტერესები განხორციელდა თუ ნოღაიდელის დაჯგუფებამ მოიგო. თუმცა ვისაც არ უნდა ჩაეგდო ხელში ქვეყნის ეკონომიკური სადავეები, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ დღეებში განხორციელებული მასობრივი პრივატიზაცია სწორედ კლანურ ინტერესებს ემსახურება და ქვეყნის კეთილდღეობა ყველამ დაივიწყა. ექსპერტები აცხადებენ, რომ მათი ვარაუდები გამართლდა და ქართულ სტრატეგიულ ობიექტებს სხვა კომპანიების სახელს ამოფარებული რუსული სახელმწიფო კაპიტალი დაეპატრონა”. ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ”სამთავრობო ცვლილებები, შესაძლოა, დიდი პრივატიზაციის დასასრულსაც უკავშირდებოდეს. ვიღაცამ თავისი ბნელი საქმეები შეასრულა და უკვე აღარ არის საჭირო, მოსაშორებელია.”

პარალელურად, არ ცხრება პარლამენტართა ბიზნესინტერესებზე საუბარი. ”დემოკრატიული ფრონტის” მდივანი კახა კუკავა გაზეთ ”7 დღეში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში მაია ნადირაძეს ”ჩვეულებრივ ბანდიტს უწოდებს” და განაგრძობს: ”მას ოჯახიც ბანდიტური ჰყავს - პირდაპირ ავტობუსებით აკეთებენ ფულს. ეს ძალიან სამარცხვინოა... საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ? უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე კი არ ფიქრობს, არამედ იმაზე, რომ ყვითელი ავტობუსები შემოიყვანოს და თითოეულიდან 200 დოლარი მოიგოს,” - ამბობს კახა კუკავა. მას სამარცხვინოდ მიაჩნია, რომ ჩვენს პარლამენტში ბადრი ნანეტაშვილი ყველაზე მსხვილ ბიზნესმენად გამოაცხადეს.

გაზეთი ”რეზონანსი” იუწყება, რომ შაბათს ავტონომიას კიდევ ერთხელ მოითხოვს სომხური ორგანიზაცია ”გაერთიანებული ჯავახკი”, რომლის მორიგი შეკრებაც ახალქალაქში გაიმართება. საუბარია რეგიონისთვის - კულტურული ავტონომიის, ხოლო სომხური ენისთვის რეგიონში სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებაზე. დეპუტატი ვან ბაიბურთი აცხადებს, რომ ”კულტურული ავტონომია ჯავახელ სომხებს ისედაც აქვთ, ხოლო რაც შეეხება ენის პრობლემას, ის რეალურად არსებობს. ადგილობრივ სომხებს არა აქვთ საშუალება, რომ ქართული ისწავლონ და ეს პრობლემა ცენტრალური ხელისუფლების მოსაგვარებელია.” ”გაერთიანებული ჯავახკის” შესაძლო მოთხოვნებთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებული გოგა ხაჩიძე ”რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციის მიერ გამართული შეკრებების, აქციებისა და მოთხოვნების მასშტაბები თანდათან კლებულობს და ამას ისინი მხოლოდ ყურადღების მისაპყრობად გეგმავენ. ხაჩიძე ფიქრობს, რომ რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა ”ჯავახკის” საქმიანობას მხარს არ უჭერს.

XS
SM
MD
LG