Accessibility links

სად არის პრობლემა – კანონმდებლობასა თუ მის დაუცველობაში


არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” სომხურ “ბარასა” და აზერბაიჯანულ “სამართლებრივი განათლების საზოგადოებასთან” ერთად იწყებს

განხორციელებას პროექტისა - “სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში”. აღსანიშნავი გახლავთ პროექტის მიზანიც, ხანგრძლივობაცა და ბიუჯეტიც. პროექტის დონორი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროა. ძირითად სამიზნე ჯგუფს ადვოკატები წარმოადგენენ, თუმცა არამხოლოდ ისინი. მინდა უფრო დაწვრილებით გესაუბროთ პროექტის მიზნებსა და ადვოკატთა პრობლემებზე საქართველოში. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროექტისთვის “სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში” ორი მილიონ 250 ათასი ევრო გამოყო. სამხრეთ კავკასიის სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად პროექტის პარტნიორი გახლავთ ბრიტანული ორგანიზაცია “ინტერაითსი”. პროექტს კოორდინაციას “ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი” გაუწევს.

პარტნიორები დასახული მიზნების მიღწევას 5 წელიწადში იმედოვნებენ. მიზნები კი საკმაოდ ამბიციური გახლავთ, კერძოდ: საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, აგრეთვე – სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფა. “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარე მანანა კობახიძე მოსალოდნელ შედეგებს შორის ასახელებს 50-ზე მეტი მაღალკვალიფიციური ადვოკატის მომზადებას; ადვოკატთა ქსელის შექმნას; სამართლებრივ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიმღები პირების ცნობიერების ამაღლებას; ქვეყნების შიდა კანონმდებლობების ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. დავინტერესდი, თუ რა აძლევთ პროექტის ავტორებს ასეთი დიდი ამოცანების გადაჭრის რწმენას. მანანა კობახიძემ მიპასუხა, რომ ამის საფუძველი დღემდე მიღწეული წარმატებებია და გაიხსენა საქმე, სახელწოდებით “შამაევი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ”:

[კობახიძის ხმა]
“ის, რომ თუნდაც ამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჩაიდო მთელი თავი, რომელიც ეხება ექსტრადირების პროცედურას, რომელიც ეხება ბრალდებულის უფლებას გაასაჩივროს ექსტრადირების შესახებ პროკურატურის დადგენილება სასამართლოში და ამით მიიღოს სამართლიანი დაცვის საშუალება. ეს, მართლაცდა, პრეცედენტული გადაწყვეტილება გახდა სწორედ საფუძველი მთელი რიგი ცვლილებისა საპროცესო კოდექსში. ანუ ეს არის შესაძლებელი. ჩვენ თუ ხუთი წლის განმავლობაში ყველაფერ იმას გავაკეთებთ, რაც გათვლილია პროექტით, ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი კანონმდებლობა - გარკვეულწილად, რა თქმა უნდა - შესაბამისობაში მოვიდეს ევროპის სტანდარტებთან.”

მანანა კობახიძისავე თქმით, პროექტის მსვლელობისას დიდი ყურადღება დაეთმობა ევროსასამართლოში მიმდინარე თუ წარსადგენი პრეცედენტული საქმეების შერჩევასა და მათი წარმატებით წარმართვისთვის თანამშრომლობას.

ახალი პროექტით დაინტერესება გამოთქვა საქართველოში აქტიურად მოღვაწე არაერთმა ადვოკატმა. პრეზენტაციას ესწრებოდა ბოლო დროს ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ “სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში” დაზარალებულის ოჯახის ადვოკატი – შალვა შავგულიძე. რა უფრო დიდ პრობლემად მიაჩნია მას – საკანონმდებლო ბაზის არასრულფასოვნება თუ მისი შეუსრულებლობა?

[შავგულიძის ხმა]
“ორივე პრობლემა დგას. თავიდან, რევოლუციის შემდგომ პერიოდში, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული პრობლემა იყო სამართალწარმოების დროს დაშვებული უკანონობები, მაგრამ მაშინ იმედი მაინც იყო იმისა, რომ გაივლიდა ეს პოსტრევოლუციური ეიფორია და, ასე ვთქვათ, გაუვლიდათ შიში, რაღაცა სხვა ქვენაგრძნობები პროკურორებს, მოსამართლეებს და სამართალწარმოება დაბრუნდებოდა სამართლებრივ ჩარჩოებში. მაგრამ თანდათანობით გატარდა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები (და უპირატესად ეს შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას), რომ აქ უკვე ძირითადი საშიშროება გადავიდა თავად საკანონმდებლო სფეროზე. ანუ ჩვენ დღეს მივიღეთ კანონმდებლობა, რევოლუციის შემდგომი ცვლილებების შედეგად (საპროცესო კანონმდებლობა), შეიძლება ითქვას, ინკვიზიციური სამართლისთვის დამახასიათებელი, და აქ ადგილი აღარ რჩება რაღაც დემოკრატიულ და სამართლებრივ საზოგადოებასა და სახელმწიფოს შესაბამის კანონდებლობაზე საუბრისთვის.”

საქართველოს კონსტიტუციის მეექვსე მუხლის მეორე პუნქტში წერია: “საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ”. ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ირწმუნება, რომ კონსტიტუციის ეს მუხლი სისტემატურად ირღვევა საქართველოში:

[ხატიაშვილის ხმა]
“თუ მოსამართლე, ელემენტარულად, არის სამართლიანი და ემორჩილება საქართველოს კონსტიტუციის მეექვსე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნას და სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტი უნდა დააყენოს, ვალდებულია, ჩვენს კანონმდებლობაზე წინ, ეს მოსამართლე იმით კი არ ხელმძღვანელობს, როდესაც ადვოკატი მიუთითებს კონკრეტულ პრეცედენტზე, არამედ ხელმძღვანელობს იმ დამახინჯებული საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც გენერალური პროკურატურის მითითებით მიიღო საქართველოს პარლამენტმა.”(სტილი დაცულია)

ზაზა ხატიაშვილს მიაჩნია, რომ განმახორციელებლებმა ახალი პროექტისა “სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში” დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ადვოკატების დაცვის თემასაც, რადგან, მისი თქმით, ბოლო დროს ადვოკატი, რომელიც სხვის კანონიერ უფლებებს უნდა იცავდეს, თავად აღმოჩნდა დაუცველ მდგომარეობაში.

XS
SM
MD
LG