Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე სექტორი წამების მსხვერპლთა საერთაშორისო დღისთვის ემზადება


9 წლის წინ, 1997 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 26 ივნისი წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

ამ დროიდან მოყოლებული, ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები ყოველი წლის 26 ივნისს წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერად აქციებს მართავენ: ეწყობა საპროტესტო მსვლელობა, იმპროვიზებული თეატრალური წარმოდგენა, წამების იარაღების გამოფენა... 26 ივნისს ცივილიზებული სამყარო გამოხატავს თანადგომას და პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, ვინც არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდა, ხოლო სახელმწიფო მოხელეებსა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ წამება სისხლის სამართლის დანაშაულია. აწამებენ თუ არა ადამიანებს საქართველოში და როგორ ემზადება მესამე სექტორი 26 ივნისის აღსანიშნავად?


იურისტების განმარტებით, წამება არის ნებისმიერი მოქმედება, რომლითაც ადამიანს განზრახ აყენებენ ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან სულიერ ტანჯვას. შესაბამისად, წამება იკრძალება ნებისმიერ ვითარებაში. მეტიც, თითოეული ადამიანი დაცულია წამებისგან როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ადამიანებს არ აწამებენ.

[ელენე თევდორაძის ხმა] „როცა მიიყვანეს პოლიციაში, ჯერ დააწვინეს რკინის ლოგინზე, დაუწყეს ცემა. შემდეგ დააჯინეს, მიაბეს საწოლის საზურგეს და სცემდა ის, ვინც კარტში წააგებდა.“(სტილი დაცულია)

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის მიერ აღწერილი ეს ამბავი პოლიციის განყოფილებაში მოხდა, ხოლო წამების მსხვერპლი, მესტიის მკვიდრი რევაზ ცალანი, რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა. ოფიციალური ონფორმაციით, მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენელი მანანა კობახიძე ამბობს, საქმის აღძვრა არ ნიშნავს იმას, რომ მოძალადე აუცილებლად დაისჯება:

[მანანა კობახიძის ხმა] „აღძრული საქმეებიდან არც ერთი არ წარმართულა სასამართლოში. შესაბამისად, განაჩენი დამდგარი წამების ფაქტთან დაკავშირებით არა გვაქვს. აქ არის ორი ვარიანტი: ან წამება არ არის ქვეყანაში, ან ხელისუფლება არ არის დაინტერესებული გამოიძიოს ეს ფაქტები. აქ არის გვარები პირდაპირ ჩამოთვლილი, რომელთა წამების ფაქტზე აღიძრა საქმეები, მაგრამ შემდეგ შეწყდა. შეწყვეტის საფუძველი, როგორც წესი, არის შემდეგი: დაზარალებული წერს, რომ პოლიციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.“(სტილი დაცულია)

მანანა კობახიძე გამოთქვამს ეჭვს, რომ წამების მსხვერპლი, როგორც წესი, განიცდის ზეწოლას და მუქარის შემდეგ აღარ ითხოვს მოძალადის დასჯას. “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მონაცემებით, წამების პარალელურად სახელმწიფო ორგანოებში ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობასაც. მანანა კობახიძეს მაგალითად მოაქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის შენობა, სადაც განსასჯელებს აუტანელ პირობებში უწევთ ლოდინი:

[მანანა კობახიძის ხმა] „კერძოდ, ეს გახლავთ ამ შენობის სარდაფი. ამას შეიძლება დილეგიც კი დავარქვათ. დაახლოებით 30 კვადრატულ მეტრში მოთავსებულია რამდენიმე ათეული პატიმარი. მთელი დღის განმავლობაში მათ უწევთ ფეხზე დგომა. არ არის სკამები. მოგვივიდა ინფორმაცია, ერთ-ერთი პატიმრის ახლობლები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ პატიმარმა დაიზიანა საკუთარი სხეული, ამოიჭამა საკუთარი ხელი, რათა ბადრაგის ყურადღება მიექცია და მისთვის მიეწოდებინათ წყალი.“(სტილი დაცულია)

“კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გარდა, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს სხვა ქართული არასამათავრობო ორგანიზაციებიც აღნიშნავენ. კერძოდ: ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი, თანასწორობის ინსტიტუტი და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ორგანიზებას უკეთებენ ორდღიან კამპანიას, დევიზით: ერთად - წამების წინააღმდეგ. უჩა ნანუაშვილის, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თქმით, წამების ბრალდებით საქართველოში, ფაქტობრივად, არავინ გასამართლებულა:

[უჩა ნანუაშვილის ხმა] „სახელმწიფომ სპეციალური ანგარიშის წარდგენის დროს მიუთითა თორმეტ ფაქტზე, როცა პოლიციელი იქნა დასჯილი. მაგრამ როცა გადავამოწმეთ, აღმოჩნდა, რომ ეს თორმეტი ადამიანი დასჯილია არა წამების მუხლით, არამედ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს კომპენსაციისა და რეაბილიტაციის შესახებ კანონი, რომლითაც წამების მსხვერპლნი ისარგებლებდნენ.“

უჩა ნანუაშვილის თქმით, წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერად 26 ივნისს, დღის 12 საათზე, ვერის პარკში გამოიფინება წამების თანამედროვე იარაღი, გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა. მოგვიანებით კი, 13 საათზე, დაიწყება აქცია, მოწოდებით: მიეცი წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი სიგნალი.



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG