Accessibility links

logo-print

გასული კვირის პრესის მიმოხილვაში ამჯერად რამდენიმე საკითხს მოვნიშნავთ. პირველი


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის პრესის მიმოხილვაში ამჯერად რამდენიმე საკითხს მოვნიშნავთ. პირველი გახლავთ სამედიცინო მომსახურების გაძვირება, რაც, ერთი მხრივ,

განპირობებულია გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირებით, მეორე მხრივ, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ექიმთა სოციალური მდგომარეობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სურვილით. გაზეთ “ახალ თაობაში”, მაგალითად, წაიკითხავდით:“ექიმები ირწმუნებიან, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ჯიბეს დიდად არ დაამძიმებს, რადგან უმწეოთა პროგრამა 700 ათას მოქალაქეს სრულიად უფასოდ მოემსახურება.” თუმცა გაზეთი არ აკონკრეტებს, რა სახის მომსახურება იქნება სრულიად უფასო. სამაგიეროდ, წერს, რომ დანარჩენ შემთხვევებში იმოქმედებს თანაგადახდის პრინციპი, ანუ პაციენტს მოუწევს დაფაროს ხარჯის 50%. ეს ხელს შეუწყობს ზედმეტი ჰონორარის გამოძალვის პრაქტიკის ამოძირკვას საავადმყოფოებში, წერდა ”ახალი თაობა”.

ვაშინგტონს მოთმინების ფიალა აევსო. ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველო ტემპს ანელებს - ეს გასულ კვირაში გაზეთ ”ახალ ვერსიაში” ეწერა. 8 ივნისს, ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, საფრანგეთმა და სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა უკუაგდეს აშშ-ის საუბარი საქართველოსთან ინტენსიურ დიალოგზე. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ვაშინგტონში დაბარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნატო-საქართველოს ურთიერთობები იყოს. შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშმა პირადად აცნობოს, რომ ნატოსთან ინტენსიური დიალოგის მიღება გარკვეული ხნით გადაიდება - ვარაუდობს ”ახალი ვერსია”. გაზეთი აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებს, რომელიც მან რუსეთის პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ წარმოთქვა: ”ჩვენი მთავარი პრობლემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა. რუსეთს ვეუბნებით, თუ თქვენ ამ პრობლემას ჩვენთან ერთად მოაგვარებთ, გარწმუნებთ, რომ ყველა სხვა საკითხი ასჯერ ნაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის დახმარებით აღდგება, ნატოს საკითხს მერე დავუბრუნდებით”. ერთი რამ უდავოა, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას სურს კიდევ ერთხელ გაიგოს, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსში რაიმე ცვლილება ხომ არ არის,” - ეწერა ”ახალ ვერსიაში”.

გაზეთი “24 საათი” ეხმიანება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრას. ვანო მერაბიშვილი და მიხეილ მინძაევი შეთანხმდნენ აამოქმედონ შერეული საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც დაევალება მართლწესრიგის დაცვა და თანამშრომლობის კოორდინაცია სამართალდამცველებს შორის, იუწყებოდა გაზეთი. მხარეთა სამართალდამცავი უწყებები ყოველთვიურად გაუცვლიან ერთმანეთს ოპერატიულ ინფორმაციას. შეხვედრაზე ქართველმა მინისტრმა წამოაყენა წინადადება, ორივე მხარემ გამოყოს პირები, რომლებიც ყველა ძალოვანი სტრუქტურის მოქმედებაზე აგებენ პასუხს. ამის აუცილებლობა რეგიონში მოქმედი სხვადასხვა დაქვემდებარების შეიარაღებულ ფორმირებათა არსებობამ განაპირობა. ქართული მხრიდან ყველა ძალოვანის მოქმედებაზე პასუხისმგებლობა ვანო მერაბიშვილმა იკისრა.
ახლა კი ციტატები 24 ივნისის, შაბათის, ქართული გაზეთებიდან. თურქეთში საქართველოს მაჰმადიანთა პოლიტიკური პარტიის შექმნა იწყება - აუწყებს მკითხველს გაზეთი ”რეზონანსი”. საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნულმა ასამბლეამ თურქეთის ქალაქ ერზერუმში გამართა საქართველოს მაჰმადიანთა ყრილობა, რომელსაც აფხაზი, ოსი, ინგუში, ქისტი და ქართველი მაჰმადიანები ესწრებოდნენ - სულ 80 დელეგატი. ყრილობაზე მიიღეს რეზოლუციები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობისა და მისი სუვერენიტეტის დაცვის შესახებ. გარდა ამისა, შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელიც საქართველოს მაჰმადიანთა ერთიანი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებაზე იწყებს მუშაობას. გაზეთი წერს, რომ საქართველოში მოქმედი სხვა აზერბაიჯანული ორგანიზაციები აზერბაიჯანელთა ნაციონალურ ასამბლეას ეჭვის თვალით უყურებენ. ასე მაგალითად, ალი ბაბაევი, ლიდერი ორგანიზაციისა ”საქართველო ჩემი სამშობლოა”, აცხადებს, რომ თავს იკავებს მათთან თანამშრომლობისაგან, რადგან ”საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული ასამბლეა საზღვარგარეთ მდებარე რომელიღაც იდეოლოგიური ცენტრიდან ფინანსდება.”

კიდევ ერთ პუბლიკაციას, რომელშიც ერზერუმი იხსენიება და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის შეძენას ეხება, გაზეთ ”ხვალინდელ დღეში” წაიკითხავთ. “საქართველოს მთავრობას სურს, გაზის დამატებითი მოცულობა შეიძინოს. ენერგეტიკის მინისტრი გილაური იმედოვნებს, რომ საქართველო ახალი წლიდან განსაზღვრულზე მეტი გაზის მიღებას შეძლებს. ჩვენ შევეცდებით, 2007-2012 წლებში საქართველოს წილი მილიარდ-ნახევარ კუბურ მეტრ აირს შეადგენდეს, - აცხადებს გილაური.”
XS
SM
MD
LG