Accessibility links

ბრუს ჯეკსონი: "'გაყინული კონფლიქტები' პირველი რანგის საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხია." ინტერვიუ "გარდამავალი დემოკრატიების" პროექტის ხელმძღვანელთან


რამდენიმე დღის წინ ჩვენს გადაცემაში უკვე გიამბეთ “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებული სტატიის შესახებ,

რომელიც ივლისისთვის დაგეგმილ დიდი რვიანის სამიტს და ამ სამიტზე განსახილველ საკითხებს ეხებოდა. სტატიის ავტორი, ჯეკსონ დილი, წერდა, რომ დასავლეთი აღარ აპირებდა სამიტზე რუსეთის დემოკრატიული სტანდარტების გაკრიტიკებას, და მოსკოვის მხრიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის საშინაო საქმეებში ჩარევაზე საუბარს. სტატიაში მოყვანილი იყო ვაშინგტონში განთავსებული ორგანიზაციის, "გარდამავალი დემოკრატიების პროექტის" ხელმძღვანელის, ბრუს ჯეკსონის სიტყვები – რომ რუსეთი “აგრესიულ და გააზრებულ” თამაშს თამაშობს, და ამით ამერიკას უკან იტოვებს. სტატიის გამოქვეყნების მეორე დღეს ბრუს ჯეკსონს სალომე ასათიანი დაუკავშირდა და შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობაში ძალაუფლების გადანაწილებაზე ესაუბრა. ახლა სწორედ ამ ინტერვიუს გთავაზობთ.

პირველი შეკითხვა, რომლითაც ბრუს ჯეკსონს მივმართეთ, რამდენიმე რუსი ანალიტიკოსის მიერ პრესაში, და ჩვენთან საუბარში გამოთქმულ მოსაზრებას ეხებოდა – რომ საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან დაკავშირებული საკთხები რეგიონული მნიშვნელობის თემებს წარმოადგენს, და ისეთი გლობალური მასშტაბის ღონისძიებებზე, როგორიც დიდი რვიანის სამიტია, მათ არასოდეს განიხილავენ. ბრუს ჯეკსონს ვკითხეთ, რამდენად ეთანხმებოდა ამას:

[ბრუს ჯეკსონის ხმა]: “რუსი ანალიტიკოსების პასუხად იმას ვიტყოდი, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა, და ის, როგორც ის მეზობელ დემოკრატიულ ქვეყნებს ექცევა, არავითარ შემთვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს რეგიონულ საკითხად. ეჭვგარეშეა, რომ ეს პირველი რანგის საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხია. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ გლენიგლსის სამიტზე აფრიკის ქვეყნების საგარეო ვალის საკითხი რეგიონული საკითხი იყო, მაგრამ ასე არ არის - ეს საკითხი გლობალური მნიშვნელობისა იყო. ჩვენი სურვილია, დიდი "რვიანის მომავალ" სამიტზე განხილულ იქნეს საკითხი "გაყინული კონფლიქტებისა", რომლებიც გაყინული მხოლოდ იმიტომ არის, რომ ასეთი ვითარება რუსეთის ამჟამინდელ საგარეოპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება; აგრეთვე განხილულ იქნეს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საკითხი და რუსეთის სწრაფვა, ხელთ იგდოს მონოპოლია გაზზე... საკითხავი ის კი არ არის, რამდენად გვაწუხებს ეს ყოველივე. საკითხავი ის არის - და "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაც სწორედ ამაზეა - რამდენად მზად არის დასავლეთი ასეთი დისკუსიისთვის.”

ბრუს ჯეკსონს გავახსენეთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაისში, მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის მხრიდან გატარებულ პოლიტიკაზე საკმაოდ რადიკალური შეფასებები ისმოდა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ ვილიუსის სამიტზე რუსეთი მწვავედ გააკრიტიკა; ჩანდა, რომ ვაშინგტონი აშკარად მოწადინებული იყო რომ დიდი რვიანის სამიტზე ეს თემა აუცილებლად გამხდარიყო განხილვის საგანი. რა შეიცვალა ახლა? შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ შეერთებული შტატების პოზიციამ განიცადა ტრანსფორმაცია – ვკითხეთ ამერიკელ ანალიტიკოსს:

[ბრუს ჯეკსონის ხმა]: “ვფიქრობ, შეერთებული შტატების პოზიცია ნათელია, და ის ვილნიუსის სამიტზე ვიცე-პრეზიდენტმა ჩეინიმ გამოხატა. რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების უკმაყოფილება, სულ ცოტა, ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, მუდმივად იზრდება. “ვაშინგტონ პოსტში” გამოთქმული მოსაზრებები დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნებისადმი უფრო იყო მიმართული – მთავარი ის არის, რამდენად შეძლებენ ეს ქვეყნები, ერთობლივად იმოქმედონ იმ პრობლემებთან საბრძოლველად, რომლებსაც რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობას უქმნის. სტატია თეთრ სახლს სწორედ იმის გამო აკრიტიკებდა, რომ ის საკმარისად არ ზრუნავს ერთიანი სტრატეგიის მისაღწევად. ეს კი დიპლომატიური მარცხი უფროა, ვიდრე პოზიციის ცვლილება”.

სრულად ეთანხმება თუ არა სტატიაში გამოთქმულ კრიტიკას – და თუ ეთანხმება, როგორ ფიქრობს, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთის მიმართ ერთიანი პოლიტიკა გატარდეს – ეს იყო შემდეგი შეკითხვა, რომელიც ბრუს ჯეკსონს დავუსვით:

[ბრუს ჯეკსონის ხმა]: “სტატიაში გამოთქმულ კრიტიკას ვეთანხმები. ამერიკელი ხალხის, და საზოგადოების წინაშე დიდ რვიანს წარმოაჩენდნენ, როგორც სავაჭრო სისტემის, დემოკრატიის განმტკიცების, კონფლიქტების გადაჭრის პლატფორმას; ადგილს, სადაც დიდი შვიდეულის ყველა ძირეულ ფასეულობას უჭერდნენ მხარს. ის, რომ ჩვენ საკუთარ პოზიციას გაბედულად ვერ გამოვთქვამთ - მხოლოდ იმის გამო, რომ სანკტ-პეტერბურგში ვართ - მარცხის ტოლფასია. რა იწვევს ამ მარცხს, არ ვიცით. თუმცა, შეიძლება ეს კრიტიკა უსაფუძვლოც აღმოჩნდეს, და პრეზიდენტმა ბუშმა, და დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნებმა იქნებ სერიოზული და დასაბუთებული გადაწყვეტილებაც მიიღონ”.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც “ვაშინგტონ პოსტის” სტატია რუსეთის მიმართ კრიტიკის შერბილების მიზეზად სახავს, ირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისია. თეირანის ატომური პროგრამის შეჩერების საქმეში ვლადიმერ პუტინმა დასავლეთთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა – და მის ავტორიტარულ საშინაო პოლიტიკაზე, და იმპარიალისტურ საგარეო პოლიტიკაზე კრიტიკა სწორედ ამის გამო შერბილდა. ეთანხმება თუ არა ამ მოსაზრებას – ვკითხეთ ბრუს ჯეკსონს:

[ბრუს ჯეკსონის ხმა]: “არსებობს ეჭვი, რომ ერთადერთი მიზეზი, რომლითაც სხვადასხვა პროცესს ავხსნით – მაგალითად, რატომ უახლოვდება საქართველო ასეთი ნელი ტემპით ევროპულ ინსტიტუტებს – ნატოსა და ევროკავშირს; რატომ ახასიათებს აღმოსავლეთ ევროპას გაუბედავობა რამდენიმე ასპექტში; ან, ზოგადად, რატომ შეინიშნება ერთგვარი რიდი რუსეთის ინტერესების მიმართ – ის არის, რომ ამის სანაცვლოდ რუსეთი, ალბათ, სადღაც რაღაცას გვიკეთებს. ჯერ ვითომ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით გვეხმარებოდნენ – თუმცა, როგორც გაირკვა, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მერე ერაყში უნდა დაგვხმარებოდნენ – თუმცა არც ეს აღმოჩნდა მართალი. ახლა კი ამბობენ, თითქოს რუსეთი ირანთან დაკავშირებით აპირებდეს ჩვენს დახმარებას. მაგრამ ასე არ ხდება – და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ეს არის მართალი. ეს ყველაფერი პუტინის ავტორიტარიზმის მიმართ შემრიგებლური დამოკიდებულების რეალისტურად ახსნის სურვილი უფროა”.

“ვაშინგტონ პოსტის” სტატიაში მოყვანილი იყო ბრუს ჯეკსონის სიტყვები, რომ რუსეთი აგრესიულ, და კარგად გააზრებულ თანაშს თამაშობს. საუბრისას ანალიტიკოსს ვთხოვეთ დაეკონკრეტებინა, კონკრეტულად რას გულისხმობდა ამაში:



[ბრუს ჯეკსონის ხმა]: “ენერგეტიკის მეზობელი ქვეყნების შესავიწროებელ იარაღად გამოყენება; ქართულ და მოლდავურ ნაწარმზე ემბარგოს დაწესება; აფხაზეთში, სამხრეთი ოსეთის რეგიონში და დნესტრისპირეთში ეუთოს სამშვიდობო მისიის განხორციელებისთვის, და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისთვის ხელის შეშლა; პარალელურად, ევროპელი მოკავშირეების გარკვეული თვალსაზრისით ეკონომიკური მოქრთამვა – იქნება ეს გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრიოდერი, თუ სხვა ინიციატივები. ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, საერთაშორისო სისტემაში იმპერიული სტატუსის დაბრუნების მცდელობის ელემენტებია. მიმდინარეობს მასშტაბური და ძალიან აგრესიული დიპლომატიური კამპანია – იქნება ეს საქართველოს მიმართ მუქარა, თუ ევროკავშირის ელჩებისთვის რჩევა, არ შეავიწროვონ რუსული კომპანიები ევროპაში. პარალელურად, შეერთებული შტატებისთვის იმის დემონსტრირება, რომ რაღაც უფრო დიდი ფაქტორების გამო, ყოველივე ეს დასაშვებია. ამგვარი პოლიტიკა აშკარად კარგადაა გააზრებული, ის ძალიან აგრესიულია, და, ჩემი აზრით, მოსკოვი საკმაო წარმატებით ახერხებს ამერიკისა და მისი ევროპელი მოკავშირეების გათიშვას. ვფიქრობ, ეს უნდა გამოვასწოროთ”.

შემდეგი შეკითხვა ბრუს ჯეკსონს ევროკავშირთან დაკავშირებით დავუსვით. გაზაფხულზე დასავლეთის პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, პარლამენტის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში გერმანიის ამოცანებზე ისაუბრებდა, და კავკასიის რეგიონს კავშირის აღმოსავლეთის პოლიტიკის ცენტრად გამოაცხადებდა. თუმცა, საკუთრივ გამოსვლაში, მერკელს კავკასია არ უხსენებია. იყო თუ არა ეს რუსეთის მხრიდან ზეწოლის შედეგი – ვკითხეთ ბრუს ჯეკსონს:

[ბრუს ჯეკსონის ხმა]: “მე იმ ადამიანების სახელით ვერ ვილაპარაკებ, ვინც ანგელა მერკელს სიტყვებს უწერს. ნათელია, რომ კანცლერს რუსეთსა და მის მიზნებზე რეალისტური წარმოდგენა აქვს და, ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში ეს გერმანიის პოლიტიკის ელემენტი გახდება. ამავე დროს, ამ ასპექტს ტრანს-ატლანტიკური პოზიციაც დაეყრდნობა იმის განსაზღვრაში, თუ როგორ ვიმუშაოთ რუსეთთან მიმართებით ერთად. ის გარემოება, რომ ხელისუფლებაში მერკელის ყოფნის პირველ თვეებში ეს მკაფიოდ არ იჩენს თავს, გასაკვირი არ არის. იქ ხომ კოალიციური მთავრობაა; და მე დარწმუნებული ვარ, მასში ბევრი წინააღმდეგობრივი ძალა მოქმედებს. მერკელის წინამორბედი, გერჰარდ შრიოდერი, ახლახან სამუშაოდ “გაზპრომში” გადავიდა – ეს კი აშკარად რუსეთის სახელმწიფო კომპანიაა. ამდენად, მე ვფიქრობ რომ გერმანიის პოლიტიკას ჩამოყალიბებისთვის ერთი ან ორი წელიწადი დასჭირდება. ანგელა მერკელს ნამდვილად სწორი შეხედულებები აქვს სამხრეთი კავკასიის და აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოების დამოუკიდებლობაზე”.

საუბრის ბოლოს, ბრუს ჯეკსონს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ვაშინგტონში მიწვევაზე ვკითხეთ. სააკაშვილი ჯორჯ ბუსს დიდი რვიანის სამიტამდე შეხვდება. შეიძლება თუ არა ეს იმის ნიშნად აღვიქვათ, რომ ვაშინგტონი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას – ვკითხეთ ამერიკელ ანალიტიკოსს:

[ბრუს ჯეკსონის ხმა]: “ვფიქრობ, სრულიად ნათელია, რომ პრეზიდენტი ბუში ახალი დემოკრატიების დამოუკიდებლობის და თვითგამორკვევის მომხრეა. ეს მან 2005 წლის მაისში, თბილისის თავისუფლების მოედანზეც განაცხადა. ჩემი აზრით, ეს პრეზიდენტ პუტინისთვის პრეზიდენტ ბუშის მიერ გაგზავნილი მესიჯის ელემენტია, და მიზნად იმის ჩვენებას ისახავს, თუ რა ფასეულობებს ეფუძნებიან შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები. შემთხვევითი არ არის, რომ სააკაშვილი აქ 4 ივლისს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს იქნება. ვფიქრობ, ეს მართლაც სიმბოლურია”.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG