Accessibility links

logo-print

ისლამისტ ექსტრემისტთა მტკიცებით, ერაყში მოტაცებული რუსი დიპლომატები სიკვდილით დასაჯეს


კვირას ისლამისტურმა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ, რომელშიც ერაყში მოქმედი "ალ ყაიდაც" შედის, თავის ინტერნეტ-გვერდზე გამოაქვეყნა

3 ივნისს მოტაცებული რუსი დიპლომატების სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეომასალა. ყოველ შემთხვევაში, ასეა ნათქვამი თავად ამ ორგანიზაციის განცხადებაში. რუსეთის ოფიციალურ ინსტანციებს დიპლომატების დახოცვის ფაქტი ჯერ არ დაუდასტურებიათ.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს განაცხადა, მას ეჭვი ეპარება ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომასალის ავთენტურობაში. წინა დღით კი მოსკოვის საგარეო უწყების პრესმდივანმა მიხაილ კამინინმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ვიდეომასალის სარწმუნოობის დადგენას ცდილობს:

[მიხაილ კამინინის ხმა] "ჩვენი წყაროები ბაღდადში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ ცნობებს რუსი მძევლების დაღუპვის შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ერაყში რუსეთის საელჩო, იყენებენ რა მათს ხელთ არსებულ არხებსა და შესაძლებლობებს, განაგრძობენ მუშაობას, რათა შეამოწმონ, რამდენად სარწმუნოა გავრცელებული ინფორმაცია."

რუსი დიპლომატები ბაღდადში მოიტაცეს 3 ივნისს, როცა მათს ავტომანქანას თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები. მოტაცებულთა შორის იყვნენ ერაყში რუსეთის საელჩოს მესამე მდივანი ფიოდორ ზაიცევი და საელჩოს თანამშრომლები რინატ აგლიულინი, ანატოლი სმირნოვი და ოლეგ ფედოსეევი.

ექსტრემისტების მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დიპლომატები იმისთვის მოკლეს, რომ რუსეთის ურჯულო მთავრობა ხოცავს და აწამებს "ჩვენს ძმებსა და დებს ჩეჩნეთში".

მუსტაფა მუსტაფა ალანი, დუბაიში მოქმედი კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი, რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთი განცხადებები - და, საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაჰმადიანთა სახელით მოქმედება - დამახასიათებელია ე.წ. "ურჯულოთა" წინააღმდეგ "ალ-ყაიდის" მიერ წარმოებული გლობალური ბრძოლისთვის.

[მუსტაფა მუსტაფა ალანის ხმა] "რასაც ისინი ამბობენ, ზუსტად ჯდება უნივერსალური "ჯიჰადის" ზოგად სურათში. "ალ-ყაიდა" უნივერსალური ორგანიზაციაა, რომელიც სწორედ ამ პრინციპს მიმართავს."

მუსტაფა მუსტაფა ალანი გვახსენებს, რომ თვით "ალ-ყაიდის" ლიდერს, ოსამა ბინ ლადენსაც არაერთხელ გამოუთქვამს მოწოდება "ურჯულოების" წინააღმდეგ ბრძოლისკენ - იქნებოდა ეს დარფურში, პალესტინაში თუ იმავე ჩეჩნეთში. აქვე დუბაელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ "ალ-ყაიდა" რუსეთის ძველი მტერია. თავად ბინ ლადენი რუსებს ჯერ კიდევ ავღანეთში ებრძოდა 80-იან წლებში, მისი არაერთი თანამოაზრე კი - მაგალითად არაბი საველე მეთაური ხატაბი - ჩეჩნეთში დაიღუპა რუსეთის ფედერალურ ჯართან დაპირისპირებისას.

განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს რუსი დიპლომატები ჩეჩნეთის მიმართ მოსკოვის ძალადობის საპასუხოდ დახოცეს, მკვეთრ პროტესტს იწვევს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერთა შორის. აი, რა თქვა რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ ზაკაევმა:

[აჰმად ზაკაევის ხმა] "ეს არის უხეშზე უხეში პროვოკაცია, რომელიც მიმართულია ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მოძრაობისა და მთელი ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ."

ამავე ინტერვიუში აჰმედ ზაკაევმა დასძინა, რომ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას პოლიტიკური მოლაპარაკების გზით ესწრაფიან და "ალ-ყაიდის" დახმარებას არ საჭიროებენ.
XS
SM
MD
LG