Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გირგვლიანის მკვლელობის საქმის განხილვა დღეს იწყება


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება. შეგახსენებთ: “გაერთიანებული ქართული ბანკის”

თანამშრომელი სანდრო გირგვლიანი 27 იანვარს მოკლეს. 28 იანვარს მისი ცხედარი ოქროყანის სასაფლაოზე აღმოაჩინეს. სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დღემდე დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 პირი. გასულ კვირაში თბილისის პროკურატურამ საქმის გამოძიება დაასრულა და საქმე არსებითი განხილვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადასცა. გასულ კვირაში ხუთტომიანი საქმე გასაცნობად გადაეცა დაზარალებული მხარის ადვოკატსაც. სასამართლო კი დღეს იწყება. რას მოელის დაცვის მხარე სასამართლო პროცესისგან? მე ადვოკატ შალვა შავგულიძეს ვესაუბრე და ვკითხე, თუ რისი იმედი აქვს მას სასამართლოზე:


[შავგულიძის ხმა]

“მე იმედი მაქვს, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ჯანსაღი რეაქციისა. აი, მაგალითად, გირგვლიანის საქმეზე მოხდა ჯანსაღი, დროული რეაგირება საზოგადოების მხრიდან, ხომ? ფაქტი იყო ადვილად აღქმადი საზოგადოებისათვის და გარკვეული შედეგი მოჰყვა კიდეც. იმიტომ რომ პირევლი ორი დღე, საერთოდ, გირგვლიანთან ერთად მყოფი მისი მეგობარი ბუხაიძე ჰყავდათ დაკავებული - საშინელი ზეწოლის ქვეშ... და მე არ გამოვრიცხავ, საზოგადოების ასეთი დროული და მძაფრი რეაქცია რომ არ ყოფილიყო, საერთოდ ბუხაიძეს ეღიარებინა გირგვლიანის მკვლელობა. დღეს ის მაინც მივიღეთ, რომ გარკვეულ დონეზე მაინც ხელისუფლება იძულებული გახდა გაეწირა ერთი-ორი ფიგურა სხვების გადასარჩენად, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც პირველი ნაბიჯი გადაიდგა.”(სტილი დაცულია)


ადვოკატი შავგულიძე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას წინასწარი გამოძიებისას მის მიერ აღნუსხულ დარღვევებზე:


[შავგულიძის ხმა]

“წინასწარი გამოძიება იქ მიდიოდა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევების კასკადით. არა მარტო საპროცესო კანონმდებლობის, არამედ მთლიანად სამართლიანობის გრძნობის... როდესაც ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ოთხი ბრალდებული ერთ საკანში გყავს მოთავსებული, როდესაც არის ნამდვილი ინფორმაცია, რომ იმ საკანში შესდით მათ ალკოჰოლი, ნარკოტიკი და აქვთ ღრეობა და დროსტარება გამართული და, თუ ეს ტყუილია, ვითხოვ საჯარო შემოწმებას ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე - საჯაროს კი არა, ლაბორატორიულ შემოწმებას - და ამას არ ახდენს ხელისუფლება, იქ სხვა საპროცესო დარღვევებზე რაღა უნდა ვილაპარაკო და რატომ უნდა დავღალო მსმენელი.”(სტილი დაცულია)


გასულ კვირაში თბილისის პროკურატურაში, მოწმეების სტატუსით, მესამედ დაკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ვასილ სანოძე, გურამ დონაძე და დათა ახალაია, აგრეთვე შსს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია. მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა, დაკითხვას არ დაასწრეს დაზარალებული მხარის ადვოკატი. შავგულიძემ ჩემთან საუბარში განმარტა:


[შავგულიძის ხმა]

“69-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტი საპროცესო კანონისა იმპერატიულად ითვალისწინებს, რომ დაზარალებულს და მის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მათი შუამდგომლობით მოთხოვნილ საგამოძიებო მოქმედებაში. ეს საგამოძიებო მოქმედება იყო ჩვენ მიერ მოთხოვნილი. მაშინ გვეთქვა უარი, რომ ასეთი საჭიროება ამ მოწმეთა დაკითხვის - დამატებითი დაკითხვის საჭიროება - გამოძიებას არ გააჩნია და ამიტომ არ დავკითხავთ. ჩვენ ეს გავასაჩივრეთ ზემდგომ და ზემდგომ ინსტანციებში, ყველგან მივიღეთ უარი, მაგრამ შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, დადგა ეს საჭიროება, მათი დაკითხვისა, და ეს საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ეს არის პირდაპირ ჩვენი იმპერატიული უფლების დარღვევა.”(სტილი დაცულია)


როგორც დასაწყისში აღნიშნა, შალვა შავგულიძეს იმედი აქვს საზოგადოების ჯანსაღი რეაქციის. თუმცა საინტერესოა, რას ემყარება ადვოკატის წარმატება ამა თუ იმ საქმეში. შავგულიძის პასუხი ასეთი გახლდათ:


[შავგულიძის ხმა]

“არ ვიცი, რომელ წარმატებაზე ვილაპარაკოთ. ძალიან ძნელია წარმატების მიღწევა. ერთადერთი რეალური ბერკეტი გვრჩება ევროპის სასამართლო და როდესაც ჩვენს სამართალწარმოებაში ვაყენებთ შუამდგომლობას, არათუ დაცვით სიტყვას ვწერთ, უკვე მივუთითებთ და იძულებული ვხდები მივუთითო ევროპის კონვენციის რა მუხლების დარღვევაა, რომ იქნებ, შეეშინდეთ და მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ევროპის სასამართლოში იქნება გასაჩივრებული კონკრეტულად ამ მუხლით და ამ შიშით, რომ ეს ყველაფერი იქნება განხილული ხვალ თუ ზეგ ევროპის სასამართლოში, იქნებ ამან დაახევინოთ და არ ჩაადენინოთ რაღაც ზღვარგადასული უკანონობა. და შემდეგ მხოლოდ იმედი გვაქვს ევროპის სასამართლოსი და ღმერთმა არ ქნას, ეს იმედი გაგვიცრუვდეს.”(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG