Accessibility links

logo-print

რა ცვლილებები ხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა როტაცია დაიწყო. 26 ივნისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ის ორი მოსამართლე დაასახელა,

რომლებიც ფიცის დადების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები გახდებიან. ბესიკ ლოლაძე და ოთარ სიჭინავა იმ მოსამართლეთა ადგილს დაიკავებენ, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის ვადა ამოეწურათ. უახლოესი ერთი თვის მანძილზე საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ოთხი წევრი შეიცვლება. რა ცვლილებები მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში?


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელისუფლების სამი შტო -საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო - თანაბარ პროპორციულად, სამ-სამი წარმომადგენლით, აკომპლექტებს. მათი ორი მესამედის, 6 მოსამართლის,უფლებამოსილების ვადა 25 ივლისამდე იწურება. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კანდიდატთა ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 26 ივნისს მხოლოდ უზენაესმა სასამართლომ დაასახელა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრების ვინაობა.


[კონსტანტინე კუბლაშვილის ხმა] ”ორივე მათგანი არის ძალიან კარგი იურისტი...”


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა აი, ასე დაახასიათა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრები - 31 წლის ბესიკ ლოლაძე და 34 წლის ოთარ სიჭინავა. მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზი აზრთა სხვადასხვაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ქართულ პოლიტიკურ ელიტაში. ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ასაკობრივი ზღვარის 30-დან 28 წლამდე შემცირების ინიციატივით გამოდის. კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი, ვახტანგ ხმალაძე, ფიქრობს, რომ ასაკობრივი ცენზი, შემცირების ნაცვლად, უნდა გაიზარდოს:


[ვახტანგ ხმალაძის ხმა] ”95 წლის შემდეგ, როდესაც ეს ასაკი განისაზღვრა 30 წლით, 10 წელზე მეტი გავიდა. ამიტომ მე დღეს უფრო ვიფიქრებდი ასაკის გაზრდაზე, ვიდრე მის შემცირებაზე.”


ამ საკამათო საკითხის გარდა, მე ვახტანგ ხმალაძეს ვთხოვე აზრი საკონსტიტუციო სასამართლოს თბილისიდან სხვა ქალაქში გადატანის შესახებაც გამოეთქვა.


[ვახტანგ ხმალაძის ხმა] ”მე მიმაჩნია, რომ გადატანა უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე თბილისში დატოვება…”


ხელისუფლება კი საკონსტიტუციო სასამართლოს თბილისიდან ბათუმში გადატანას ფიქრობს - იქ, სადაც ისედაც აქტიურია სახელმწიფოებრივი ცხოვრება. ვახტანგ ხმალაძე უფრო ოპტიმალურ ვარიანტად საკონსტიტუციო სასამართლოს ქუთაისში გადატანას მიიჩნევს. ჯერჯერობით კი, სანამ კანონში ცვლილება არ განხორციელებულა, საკონსტიტუციო სასამართლო დედაქალაქში რჩება და 6 ახალი მოსამართლის მისაღებად ემზადება. სავარაუდოდ, ისინი ფიცს 25 ივლისის შემდეგ დადებენ.
XS
SM
MD
LG