Accessibility links

logo-print

ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული რეალობა კატასტროფულად ფასდება


ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არის დაწესებული, საქართველო 2006 წელსაც კატასტროფული

რეალობის ფონზე ხვდება. ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა რიცხვი და აშკარაა, რომ ამ სენმა საშუალო სკოლებშიც მტკიცედ მოიკიდა ფეხი. რა მდგომარეობაა საქართველოში, რას აპირებს სახელმწიფო, რას ისახავს მიზნად ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტი და შეიცვალა თუ არა ნარკოტიკების გადაზიდვის ტრადიციული მარშრუტი (ავღანეთიდან ევროპისკენ) - ამ საკითხების გარშემო ექსპერტები 26 ივნისს სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” მსჯელობდნენ.

(ხათუნა თოდაძის ხმა) ”დღესდღეობით ნარკოსიტუაცია საქართველოში ნამდვილად შეიძლება შევაფასოთ როგორც კატასტროფული. ეს აღარ არის უკვე მძიმე. დღეს თუ არ მივიღეთ მართლაც ძალიან სერიოზული ქმედითი ზომები, ალბათ, რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენი ერი ამას უკვე ფიზიკურად ძალიან სერიოზულად იგრძნობს.” (სტილი დაცულია)

ეს ხათუნა თოდაძე გახლავთ, საქართველოს ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი სამეცნიერო დარგში. მის მიერ დასახელებული რიცხვი - 24 ათასი, რომელიც, ბოლო მონაცემებით, საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელი და ნარკოტიკზე დამოკიდებული აღრიცხული პირების რაოდენობას ასახავს, მართლაც, შთამბეჭდავია. მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ანგარიშში მოცემული მონაცემი, რომლის მიხედვითაც საქარველოში 350 ათასამდე ნარკოტიკების მომხმარებელს ითვლიან. ხათუნა თოდაძე ამბობს, რომ ვითარება დამძიმდა საშუალო სკოლებში, სადაც კვლევა 2005 წელს ჩატარდა:

(ხათუნა თოდაძის ხმა) ”ვაჟთა დაახლოებით 30 პროცენტი მოიხმარს ჰაშიშს. ჰაშიშის შემდეგ პირველ ადგილზეა დამამშვიდებელი და საძილე პრეპარატები, ანტიჰისტამინორები და ექსტაზი.”(სტილი დაცულია)

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ნარკომანიის პრევენციის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს, ხოლო იმის გამო, რომ მკურნალობა უფასო არ არის და ის საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ბევრი წამალდამოკიდებული ადამიანისთვის, სურვილის მიუხედავად, ნარკოტიკების დამარცხება აუხდენელ ოცნებად რჩება.

სახელმწიფო მოხელეები გვაიმედებენ, რომ 2007 წელი საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში გარდატეხის შემტანი წელი იქნება. ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელმა სახელმწიფო საბჭომ უკვე შექმნა ანტინარკოტიკული სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც, ექსპერტთა აზრით, პრობლემის ახლებურ ხედვას წარმოადგენს. მთავარი ის არის, რომ, სტრატეგიის მიხედვით, წამალდამოკიდებული ადამიანი ავადმყოფად მიიჩნევა და მას ციხე აღარ ემუქრება. თუმცა, როგორც ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე თამარ სირბილაძე ამბობს, ნარკოტიკების მომხმარებელი პასუხისმგებლობისგან მთლიანად არ უნდა გათავისუფლდეს:

(თამარ სირბილაძის ხმა) ”იყოს ჯარიმა. ამას რაღაც პრევენციული მნიშვნელობა ექნება. ციფრები, რა თქმა უნდა, თანხები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი წინადადებაა: პირველ ჯერზე - 750 ლარი და მეორე ჯერზე და ასე შემდეგ - 1500 ლარი.” (სტილი დაცულია)

კვლავაც დიდი იმედები მყარდება სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკულ პროექტზე - ‘სკადი’ (SCAD), რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ საქართველოში 2001 წლიდან ხორციელდება და 2007 წელსაც გაგრძელდება. პროექტის მთავარ მიზანზე ევროკომისიის წარმომადგენელი რიჩარდ ლაკსი საუბრობს:

(რიჩარდ ლაკსის ხმა) “ ‘სკადი’ რეგიონულ კონტექსტში განიხილება და ერთ-ერთია იმ პროექტთა შორის, რომლებიც ავღანეთიდან ევროპისკენ ნარკოტიკების ტრანსპორტირების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. მსგავსი პროექტები ხორციელდება ცენტრალურ აზიაში, უკრაინაში, ბელორუსიასა და მოლდავეთში. ყველა ამ პროექტს ერთი მიზანი აქვს - შევამციროთ ნარკოტიკების როგორც მოთხოვნა, ასევე მიწოდება.”

სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროექტის ექსპერტი პოლ კუკი ამბობს, რომ ტრანსპორტირების ტრადიციულ მარშრუტს (ავღანეთიდან ევროპისკენ) ბოლო პერიოდში კიდევ ერთი მარშრუტი დაემატა:

(პოლ კუკის ხმა) ”მართლაც, დიდი პრობლემაა ნარკოტიკების ტრანსპორტირება ავღანეთიდან ევროპისკენ, საქართველოს გავლით. მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 3 წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა სინთეტიკური ნარკოტიკების მოხმარება რეგიონში და, მათ შორის - საქართველოში (საუბარია ქვეყანაში ასე პოპულარულ სუბუტექსზე), აშკარაა, რომ ამჟამად ნარკოტიკები სამხრეთ კავკასიაში ევროპიდან შემოდის. ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება, თუკი სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ. საქართველომ ახლა უნდა იმოქმედოს ! ”

სუბუტექსი, რომელიც ექსპერტმა ახსენა, ჰეროინთან ერთად, კვლავაც რჩება ყველაზე პოპულარულ ნარკოტიკად საქართველოში.
XS
SM
MD
LG