Accessibility links

ნარკოტიკებთან ბრძოლის მსოფლიო დღე


1987 წელს, როცა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა,

ყოველი წლის 26 ივნისს მთელ მსოფლიოში აღინიშნოს ნარკომანიასა და ნარკობიზნესთან ბრძოლის დღე, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა რაოდენ სახიფათო გახდებოდა ეს სენი ჩვენი პლანეტისათვის. ამიტომაც გაეროს ინიციატივას, მართალია, ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ნარკომანიის მსოფლიო დღის აღნიშვნა უფრო აქტიურად მხოლოდ გასული საუკუნის მიწურულს დაიწყო. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია ირონიით აღიქვა ზოგიერთმა ხელოვანმა, განსაკუთრებით როკ-მუსიკოსებმა. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე”, რომელიც ნარკომანიისა და ნარკობიზნესთან ბრძოლის მსოფლიო დღეს ეძღვნება, ნარკომანიას სწორედ ამ რაკურსით განვიხილავთ – “ნარკომანია, როგორც კულტურის პრობლემა”.


[ელვის პრესლი. ხმა დისკზე]


ელვის პრესლი ერთ-ერთია მხოლოდ იმ მუსიკოსებს შორის, რომელთა სიცოცხლე ნარკოტიკებმა შეიწირა. მუსიკის სამყაროში ჯერ მსუბუქი, შემდეგ ძლიერი და, ბოლოს, ძალიან ძლიერი ნარკოტიკი შოუს ერთ-ერთ ატრიბუტად იქცა – სცენაზეც და მაყურებლის დარბაზშიც, ხმის ჩამწერ სტუდიებში, სტადიონებზე.


ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ ჯერ კიდევ 1912 წელს გამოხატა პროტესტი ჰააგის დეკლარაციაში, რომელიც ნარკოტიკების წარმოებასა და გავრცელებას მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო სფეროში მოითხოვდა.


1988 წელს მიღებულ გაეროს დეკლარაციაში კი უკვე პირდაპირაა ნათქვამი, რომ “ნარკოტიკები ახალგაზრდების განვითარებას და მათ თავისუფლებას ზღუდავს”, “ნარკოტიკები სახიფათოა ცალკეული ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის”.


დეკლარაციის ავტორებმა თითქოს, პირველ რიგში, იმ ადამიანებს მიმართეს, რომელთაც აქვთ ილუზია, რომ ნარკოტიკი თავისუფლების, დამოუკიდებლობის განცდას ქმნის იმ სამყაროში, სადაც ადამიანი მუდმივად დათრგუნულად გრძნობს თავს – ოჯახში, სასწავლებელში და, თუ გნებავთ, შოუ-ბიზნესშიც... ყველგან მოქმედებს სასტიკი და დაუწერელი კანონები, ადამიანზე ყველგან სხვადასხვა სახის ზეწოლა ხდება. ასეთ პირობებში ახალგაზრდები “ახალ რეალობაში” გაქცევას ამჯობინებენ, საკუთარ თავზე ექსპერიმენტს ატარებენ და შემდეგ სწორედ ამ ექსპერიმენტის მსხვერპლნი ხდებიან.


პესიმისტების თქმით, ნარკომანია იმას ამტკიცებს სწორედ, რომ დევიზი “სამყარო მონობის გარეშე” სრული უტოპიაა. მონობა – მისი კლასიკური გაგებით – მსოფლიომ თითქოს დაძლია, მაგრამ გაჩნდა მონობის ახალი ფორმები: ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სახიფათო, სწორედ ნარკომანიაა.


ფსიქოლოგი დალი უშარიძე, რომელიც დიდი ხანია უკვე ნარკომანიის მიზეზებს იკვლევს საქართველოში, უარყოფს ჩვენში გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს ნარკომანიას სიღარიბე და ადამიანთა დაუსაქმებლობა განაპირობებს:


[დალი უშარიძის ხმა] “გაქცევა რეალობიდან – ესაა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ადამიანი მიმართავს ნარკოტიკს... რეალობიდან გაქცევა ნებისმიერ ადამიანს - და არა მხოლოდ ღარიბს - შეიძლება მოუნდეს. ყოფილა შემთხვევები, რომ შემოქმედებაში მოახდინა ადამიანმა თვითრეალიზება და შეწყვიტა ნარკოტიკების მიღება.”


თუკი ნარკომანია კულტურის პრობლემაა და მასთან ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა ადამიანის რეალიზაციაა, ნათელი ხდება რატომ არსებობდა ნარკომანიის პრობლემა საბჭოთა კავშირშიც კი, სადაც ხელისუფლება განსაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდა ნარკოტიკების მომხმარებლებს... და, მით უმეტეს, გამსაღებლებს. მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება ყაზახეთსა და შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკებში ხომ ლამის ჩვეულებრივი ამბავი იყო, ხოლო ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლის შემდეგ ნარკოტიკების იმპორტი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. პარალელურად ქვეყანაში იხსნებოდა ნარკოლოგიური კლინიკები და მკვიდრდებოდა მკურნალობის მეთოდი, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია “თანადგომის” მესვეური ხათუნა ხაზარაძე შეგვახსენებს:


[ხათუნა ხაზარაძის ხმა] “ადრე ნარკოტიკებთან დაკავშირებით სხვა მიდგომა იყო... მარტო დაშინება – ეს დაგემართებათ და ა.შ... აღმოჩნდა, რომ არ სჯერა ხალხს ამის, რადგან პირველად, მართლაც, იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს... ახლა კი თავდაპირველად ეუბნები მოზარდს, რა შეგრძნებას იწვევს ესა თუ ის ნარკოტიკი და მერე ეუბნები ზიანზე. ამას იღებს, რადგან ეს არ არის მხოლოდ თითის ქნევა.”(სტილი დაცულია)


ქართველი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი ინფორმაციის მიწოდება უნდა იყოს. საბჭოთა კავშირში ნარკომანიის თემა თითქმის ტაბუდადებული იყო. დღეს საზოგადოებას საშუალება აქვს გაიგოს, როგორია ამა თუ იმ ნარკოტიკის ზემოქმედება და რა ცვლილებებს იწვევს ეგრეთ წოდებული “მსუბუქი” და ძლიერი ნარკოტიკები. დალი უშარიძე აღნიშნავს, რომ “მსუბუქი ნარკოტიკი”, ფაქტობრივად, ისეთივე შხამია, როგორც ძლიერი. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ თუნდაც “ექსტაზის” – დისკოტეკებსა და ღამის კლუბებში ძალზე გავრცელებული ნარკოტიკის - მიღება, თვითმკვლელობის ტოლფასია:


[დალი უშარიძის ხმა] “ ‘ექსტაზი’ იწვევს დეპრესიას, რომლიდანაც გამოყვანა შეუძლებელი ხდება. გარკვეული რაოდენობის ‘ექსტაზის’ მიღების შემდეგ ადამიანი ვარდება დეპრესიაში, რომლისგანაც ვერ გამოიყვან ვერც მედიკამენტით და ვერც ფსიქოთერაპიით.”


ორგანიზაცია “თანადგომის” კიდევ ერთი მესვეური, ექიმი გიორგი ლომიძე, ამბობს, რომ ნარკოტიკების მხოლოდ და მხოლოდ განადგურებით ნარკომანიის პრობლემა ვერ გადაიჭრება, თუმცა შეგვახსენებს, რომ დღევანდელ საქართველოში სწორედ იაფ ნარკოტიკებზეა მოთხოვნილება. ამიტომ, გარკვეულწილად, მიესალმება კიდეც ასეთი სახის ნარკოტიკების განადგურებას:


[გიორგი ლომიძის ხმა] “ის, რაც ნადგურდებოდა მაშინ, ის ყაყაჩოს თესლები არის იაფი ნარკოტიკი - თითო დოზა (ასე დავარქვათ) დაახლოებით 5 ლარი ღირს. გარდა ამისა, არის საშიში ახალი ნარკოტიკი ეფედრონი, სტიმულატორი. მის დასამზადებლად გამოიყენება კალიუმის პერმანგანატი, იგივე “მარგანცოვკა”, რომელიც ისეთ ცვლილებას იწვევს თავის ტვინში, რომ შანსი არ რჩება ადამიანს თავი დააღწიოს მას – იგი უკვე ინვალიდია.”(სტილი დაცულია)


გაეროს მონაცემებით, დღეს ნარკომაფიის ყოველწლიური მოგება 400 მილიარდ დოლარზე მეტია და მსოფლიო სავაჭრო ბრუნვის 8 პროცენტს შეადგენს... როცა ნარკოლოგები ამბობენ, ნარკომანია კულტურის პრობლემააო, მხედველობაში ისევ ინფორმაციის ნაკლებობა და ის ფსიქოლოგიური ტრავმები აქვთ, რომელმაც ადამიანი ნარკოტიკამდე შეიძლება მიიყვანოს. სხვა მხრივ, ნარკომანია არაა დამოკიდებული პოლიტიკურ რეჟიმსა და იდეოლოგიაზე, რომელსაც ამა თუ იმ ქვეყანაში ქადაგებენ.


და მაინც, ექიმ გიორგი ლომიძეს შევახსენებთ, რომ ნარკოტიკების მიღება, საბჭოთა ეპოქისგან განსხვავებით, დღეს თითქმის ღიად ხდება ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებზე.


[გიორგი ლომიძის ხმა] “რა თქმა უნდა, სტიმულატორების მიმართ დამოკიდებულება ძალიან მალე ვითარდება და ბევრია სიკვდილიანობის შემთხვევები ამ დისკოტეკებზე. ვერ გრძნობენ ისინი ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას, რომ სწყურია და წყალი უნდა დალიოს... სტიმულატორი აძლიერებს მეტაბოლიზმს, ე,ი, ნივთიერებათა ცვლას, ტემპერატურა იმატებს და ყოფილა შემთხვევები, როცა გაუწყლოვნების გამო იქვე დაღუპულა ახალგაზრდა.”


რას ეძებენ ახალგაზრდები ნარკოტიკებში? არსებობს სხვადასხვა სახის სოციოლოგიური გამოკვლევა, ნარკომანთა ეგრეთ წოდებული “ზეპირი ისტორიები”. მაგრამ ყველაზე გავრცელებულია პასუხი, რომელსაც დალი უშარიძე შეგვახსენებს:


[დალი უშარიძის ხმა] “ერთმა მოზარდმა მითხრა, რომ მარიხუანის მოწევის შემდეგ უკეთესად აზროვნებს. ამ დროს, პირიქითაა ყველაფერი, მეხსიერება ქვეითდება ამ დროს.”


[ელვის პრესლი]


რატომ უნდა გაექცე სიცოცხლეს, როცა სიცოცხლე ისედაც მშვენიერია. მთავარია მოინდომო, მთავარია გააღვიძო შენში ამ მშვენიერების დანახვის უნარი... ვიღაცისთვის ეს მოწოდება შეიძლება მეტისმეტად პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ პათეტიკა იმაზე უკეთესი მაინცაა, რასაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულება იწვევს.
XS
SM
MD
LG