Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს პარლამენტარებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილების უკანონო პატიმრობაზე იმსჯელეს


სტრასბურგში მუშაობას განაგრძობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია. დღეს განიხილეს საკითხი, რომელიც - საერთაშორისო მასშტაბით - ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა:

ბრალდება ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე ტერორიზმში ეჭვმიტანილების საიდუმლო დაპატიმრებისა და ტრანსპორტირების შესახებ.

ამ საკითხზე ანგარიში წარადგინა შვეიცარელმა დეპუტატმა, დიკ მარტიმ. [დიკ მარტის ხმა] “ხო თუ არა? გაიტაცეს თუ არა ევროპაში ადამიანები უცხოელმა აგენტებმა? პასუხია "ხო" და ეს გამოძიებამ დაადგინა.”

უცხოელი აგენტებით, დიკ მარტიმ რომ ახსენა, ამერიკელები იგულისხმებიან - აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მიერ ხორციელდებოდა ევროპის ტერიტორიაზე ეჭვმიტანილების დაკავება, მათი ტრანსპორტირება და უკანონო პატიმრობაში ყოლა. ამ საქმიანობაში ამერიკული უწყების აგენტები ევროპის 14 სახელმწიფოს ხელშეწყობით სარგებლობდნენ.

[დიკ მარტის ხმა] “ხო თუ არა? გადაეცათ თუ არა ადამიანები ევროპაში - ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურების გარეშე - ამერიკელ აგენტებს იმისათვის, რომ გადაეყვანათ ქვეყნებში, სადაც ვიცით, რომ წამებას მიმართავენ, ან მათს ჩასაყვანად გვანტანამოში - ციხეში, რომელიც უკვე გაკრიტიკებულ და დაგმობილ იქნა სწორედ ამ დარბაზში ერთი წლის წინ? ხო თუ არა? პასუხია ¨ხო”.

საპარლამენტო ასამბლეის შვეიცარელი წევრი ვარაუდობს, რომ ევროპაში 30-დან 50-მდე კაცი შეიპყრეს და წაიყვანეს ან ამერიკულ საპატიმროებში, ან კიდევ სხვა ქვეყნებში მათს დასაკითხად. უკანონოდ დაკავებულების უმეტესობას შეადგენდნენ არაბული წარმოშობის მოქალაქეები. ზოგი მათგანი ირწმუნება, რომ აწამეს.

ევროპის სახელმწიფოებმა, განაგრძობს დიკ მარტი, დაუშვეს მათს საჰაერო სივრცეში ფრენა და მათს ტერიტორიაზე დაშვება ამერიკის თვითმფრინავებისა, რომლებითაც გადაჰყავდათ ევროპაში, ან სხვაგან დაპატიმრებული ეჭვმიტანილები.

აქვე უნდა ითქვას, რომ აშშ-ის მთავრობა აღიარებს ეჭვმიტანილების სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირების ფაქტს, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს მათი წამების ბრალდებას და ირწმუნება, რომ ევროპაში მოქმედი კანონები არ დაურღვევია.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნების ხელისუფალთ - მათ, როგორც ანგარიშის ავტორი აღნიშნავს, განსაკუთრებული ენთუზიაზმი არ გამოუჩენიათ, როცა პასუხი უნდა გაეცათ ეჭვმიტანილების უკანონოდ დაპატიმრებისა და ტრანსპორტირების შესახებ შეკითხვებზე. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, "ზოგი მთავრობა, აშკარა იყო, რომ ცდილობდა აშშ-თან - საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირესთან - ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილებას”.

ასეა თუ ისე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შვეიცარელი დეპუტატის ანგარიში განიხილა და მიიღო, მაგრამ თითქმის არავინ მოელის, რომ ანგარიშში ასახული კანონდარღვევების გამო ვინმე დაისჯება. თვით დიკ მარტიმაც აღნიშნა, რომ მთავარია არა ვინმეს დაგმობა, არამედ იმაზე ზრუნვა, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს გამეორდეს ევროპის ტერიტორიაზე.

ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანკო ფრატინიმ, რომელიც ესწრებოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ განხილვას: [ფრატინის ხმა] “ანგარიშის მიზანი არ არის კონკრეტული ქვეყნების დადანაშაულება. მისი მთავარი მიზანია, რომელსაც სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ, რომ ასეთი აკრძალული ქმედებები მომავალში აღარ განმეორდეს”.
XS
SM
MD
LG