Accessibility links

logo-print

“დიდი რვიანის” პეტერბურგული შეხვედრის წინ რუსეთის მედია სამიტის დღის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი “დიდი რვიანის” პეტერბურგული შეხვედრის წინ რუსეთის მედია სამიტის დღის წესრიგსა და მის შესაძლო შედეგებზე მსჯელობს. ამ დღეებში მედიის ინტერესის საგნად იქცა

კიდევ ერთი თემა - განიხილება თუ არა პეტერბურგის შეხვედრაზე დსთ-ს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები და როგორ აისახება ეს თავად შეხვედრის ატმოსფეროზე. რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.

26 ივნისის ”ნეზავისიმაია გაზეტამ” ერთი კითხვით მიმართა რუს ექსპერტებს - ჩაერევა თუ არა უფრო აქტიურად დასავლეთი ე.წ. გაყინული კონფლიქტების მოგვარებაში. რუსი ექსპერტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ თუ დასავლეთი გააქტიურდა, ეს ჩარევა ფრთხილი იქნება. როგორც გაზეთს განუცხადა პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსმა სერგეი მარკედონოვმა:


ყველა გაყინული კონფლიქტის გასაღები არა ვაშინგტონში, ბრიუსელსა ან მოსკოვშია საძებნი, არამედ თბილისში, სოხუმში, ცხინვალში, ტირასპოლსა და კიშინიოვში. არაღიარებული სახელმწიფოების პრობლემის მოგვარების გზა ერთია - ნდობის აღდგენა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის. ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილსა და ვორონინს არ ძალუძთ ამის დამოუკიდებლად მიღწევა, მხოლოდ ამ სახელმწიფოების შეუმდგარობას ადასტურებს. დასავლეთის ზეწოლას საზღვარი აქვს. როცა დასავლეთში მიხვდებიან, რომ პრობლემის მოგვარებაში იგულისხმება სომხების დეპორტაცია ყარაბაღიდან, აფხაზებისა - აფხაზეთიდან და ოსებისა - სამხრეთ ოსეთიდან, მხოლოდ ამის შემდეგ დადგება დღის წესრიგში ამ სახელმწიფოების აღიარება.


ხმელთაშუაზღვისა და შავი ზღვისპირეთის პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს ალა იაზიკოვას აეჭვებს, რომ “დიდი რვიანის” შეხვედრა გარდატეხას მოახდენს კონფლიქტების მოგვარების პრობლემატიკაში. მისი აზრით, უცნაურად არ უნდა გამოიყურებოდეს, რომ სანკტ-პეტერბურგის შეხვედრის წინ მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრა, მოლდოვეთის პრეზიდენტი ვორონინი კი -ბრიუსელში. ამ უკანასკნელ ვიზიტზე საუბრისას იაზიკოვა განმარტავს, რომ ბრიუსელში იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება რუმინეთსა და მოლდოვეთს შორის, სახელწოდებით ” ახალი მეზობლობა.”. რაც შეეხება საქართველოს:

ურიგო არ იქნება იმის გახსენება, რომ 2003 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე მიღებული იყო დადგენილება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტების მშვიდობინი გზით მოგვარების შესახებ. პრეზიდენტ პუტინს ეს დადგენილება არ უარუყვია. ამიტომ არ არის მოლოდინი, რომ “დიდი რვიანის” შეხვედრაზე რუსეთზე პირდაპირი ზეწოლა მოხდება, თუმცა ირიბი ზეწოლის გამორიცხვა არ შეიძლება.

26 ივნისის გაზეთი ”ვრემია ნოვოსტეი” ამ დღეებში სოჭში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ სამდღიან სემინარზე წერს, რომლის დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაციის განხილვაც იყო. რუსეთის მხრიდან სემინარს ხელმძღვანელობდა რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი ლიუბოვ სლისკა, რომელმაც დასავლელ კოლეგებს ”სიურპრიზი” მოუმზადა: სემინარზე სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფალთა წარმომადგენლები დაპატიჟა, რათა მათ თავად გაეცნოთ ევროპელებისთვის კონფლიქტების მოგვარების თავიანთი ხედვა. ”ვრემია ნოვოსტეი” წერს:

გასულ კვირას ქალბატონი სლისკა აფხაზეთს სტუმრობდა და ჟურნალისტებს აღფრთოვანებით უზიარებდა თავის შთაბეჭდილებებს. სლისკას თქმით, ჩერნოგორიის მაგალითი თვითაღიარებულ ქვეყნებს თავიანთი მომავლის განჭვრეტის საშუალებას მისცემს.

როგორც ”ვრემია ნოვოსტეი” შენიშნავს, რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერს არ გახსენებია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ლოკალური პრობლემების “დიდი რვიანის” სამიტის დღის წესრიგში ჩართვას.
XS
SM
MD
LG