Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები და ტენდენციები


ამ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამაყად გამოაცხადა, წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვი იქნებაო.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით კი, 2006 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 8,4 პროცენტიანი ზრდა აღინიშნა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენციაა სოფლის მეურნეობაში, ხოლო ზრდა, ტრადიციისამებრ, საბანკო სფეროში, კავშირგაბმულობასა და მშენებლობაში შეიმჩნევა. მინდა საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებისა და ტენდენციების შესახებ უფრო დაწვრილებით გესაუბროთ.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ზრდა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზეც მეტყველებს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს - და, მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილს - არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ეკონომიკა არნახული ტემპით ვითარდება და ამის საბუთად სწორედ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაუსახელებიათ:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”დღეს ჩვენი ეკონომიკა - და ეს არის ციფრები, ეს არ არის სპეკულაცია - ვითარდება წარმოუდგენლად მაღალი ტემპებით.”

მზარდი ციფრები რომ ეკონომიკის წარმოუდგენელ ზრდაზე არ მეტყველებს, ამაზე, დამოუკიდებელ ექსპერტთა კომენტარების გარდა, სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ვლადიმერ მაღნარაძის ერთი განმარტებაც მეტყველებს:

[ვლადიმერ მაღნარაძის ხმა] ”პირობითად, გასულ წელს გამოუშვეს ორი ტელევიზორი და წელს გამოუშვეს ოთხი ტელევიზორი. 200 პროცენტითაა ზრდა. მაგრამ სადღაც შეერთებულ შტატებში 5 მილიონ ტელევიზორს უშვებენ და გამოუშვეს 5 მილიონ 100 ათასი. იქ ზრდა გაცილებით მცირეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ ჩვენი ქვეყანა რა ძლიერია. უბრალოდ, ეს შეფარდებითი მაჩვენებელია და უჩვენებს ზრდას.”(სტილი დაცულია)

სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ 27 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, ძირითადად, საბანკო სფეროს აქტივობა, მშენებლობისა და კომუნიკაციების ბიზნესის ზრდა განაპირობებს.
ზრდა შეიმჩნევა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებშიც - ძირითადად, ბრიტიშ პეტროლიუმის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ინვესტორი კომპანიის, ხარჯზე.

რაც შეეხება კლებას, ის სოფლის მეურნეობაში აღინიშნა. წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 8,3 პროცენტითაა შემცირებული. სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ყაველაშვილის კომენტარი:

[გიორგი ყაველაშვილის ხმა] ”მართლაც,სამწუხარო ფაქტია, რადგან მთლიან შიდა პროდუქტში უდიდესი ნაწილი კვლავ სოფლის მეურნეობას უჭირავს, რადგან საქართველო არის აგრარული ქვეყანა და, შესაბამისად, დასაქმებულთა ნახევარი ამ სექტორშია დასაქმებული. შემცირება, ძირითადად, იმითაა გამოწვეული, რომ ამ კვარტალში იყო არასახარბიელო კლიმატური პირობები.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში ვარდნა შეიმჩნევა, დასაქმებულთა 52 პროცენტის სამუშაო ადგილი კი სწორედ სოფლის მეურნეობაშია, უმუშევრობის დონე არ გაიზარდა. უფრო პირიქით, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2006 წლის პირველ კვარტალში უმუშევართა რაოდენობა 12 ათასი კაცით შემცირდა.

საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესების უფრო ზუსტი ტენდენციები წლის ბოლოს გამოიკვეთება - მაშინ, როდესაც სტატისტიკის დეპარტამენტი 2006 წლის ყველა კვარტალის მონაცემებს გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG