Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთი “ხვალინდელი დღე” სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვის დაწყებას


გაზეთი “ხვალინდელი დღე” სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვის დაწყებას ეხმაურება. ავტორი აღნიშნავს,

რომ გირგვლიანის საქმე სასამართლოში გამოძიების დასრულებიდან რეკორდულად მოკლე დროში მოხვდა: “სანდრო გირგვლიანის მკვლელობა დიდი ხანია გასცდა ერთი ოჯახის ტრაგედიას და მას, საქმის ობიექტური გამოძიების, მკვლელობის შემკვეთთა დასჯისა და მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილის პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა. როგორც ჩანს, საქმის განხილვის დაჩქარებაც, გარკვეულწილად, ამ საპროტესტო აქციებმა განაპირობა. საქმის გახმაურებიდან რამდენიმე დღეში ვანო მერაბიშვილმა გირგვლიანის მკვლელობის გახსნა თავისი ღირსების საქმედ შერაცხა. მაგრამ ჩანს, მერაბიშვილისათვის ლამის ტრადიციად ქცეულ ამ პირობას ისეთივე ძალა აქვს, როგორც ერთი ქართული ფილმის პერსონაჟის მიერ მოჯამაგირის ვალის სანაცვლოდ და პატიოსნების დასამტკიცებლად თამასუქად გაცემულ ულვაშის ღერს...” - წერს “ხვალინდელი დღის” კორესპონდენტი და ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ ფაქტზე: გაზეთის მტკიცებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის გადამდგარი უფროსის დათა ახალაიას შემცვლელი რევოლუციამდელ საქართველოში ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის, ლევან მამალაძის, მარჯვენა ხელი ვაჟა ლილუაშვილია. “ხვალინდელი დღე” წერს”: “ეჭვს, რომ დათა ახალაიას შემცვლელი, მართლაც, ვაჟა ლილუაშვილია, ისიც აძლიერებს, რომ ის ოპოზიციური პარტიებისა თუ თანასწორობის ინსტიტუტის აქციებზე არაერთხელ დავაფიქსირეთ. თავდაპირველად, ოპოზიციური აქციების ერთ-ერთ რიგით მონაწილედ მივიჩნიეთ, რაც გასაკვირი თითქოს არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს გაირკვა, რომ ძებნილი და ვარდების ხელისუფლების მიერ ბანდიტად შერაცხული ლევან მამალაძის მარჯვენა ხელი დღეს, შესაძლოა, რეფორმირებული ძალოვანი უწყების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დანაყოფის ხელმძღვანელია”, - ასეთი გახლავთ “ხვალინდელი დღის” ინფორმაცია.

“რეზონანსი” ენერგოუსაფრთხოების საკითხებს ეხება და წერს, რომ “ევროკავშირი მომავალს ცენტრალურ აზიასა და საქართველოს უკავშირებს. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების მიღების აუცილებლობა ევროპამ რამდენიმე წლის წინ განიხილა და ამისთვის სპეციალური პროგრამაც კი შეიქმნა, რაც ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ერთიან სისტემაში მოქცევას გულისხმობს. ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპა მიზნების მიღწევაში ერთობ პასიურია, ვინაიდან წლების განმავლობაში ის რუსეთის ფაქტორს ითვალისწინებდა: “ახალ ვითარებაში საქართველოს როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია. გაიხსენეთ პირველივე რეაქცია გასულ ზამთარს მომხდარ აფეთქებებზე. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთი პოლიტიკურ შანტაჟსა და ენერგეტიკულ ტერორიზმში დაადანაშაულა. ამ ბრალდებას რუსები ვერ გაექცნენ. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ისინი საქართველოსთან თავს იმართლებდნენ. რუსეთმა თვითონ დაიწყო იმ ტოტის ჭრა, რომელზეც ზის. მათ უკრაინას ხან გაზი გაუძვირეს და ხან მიწოდება შეუფერხეს. ამით ევროპას ზიანი მიადგა, თუმცა ევროპა ასე მაინც ვერ გაყოჩაღდებოდა, ამერიკისგან მწვანე შუქი რომ არ ჰქონდეს”, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას.

ამავე თემას ეხმაურება “24 საათიც” პუბლიკაციაში, სათაურით - “ევროპა მომავალი “გაზის კრიზისის” მოლოდინში”. ავტორი წერს: “რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროპელებს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკუთარ გეგმას სთავაზობს, რომლის წარდგენასაც რუსეთი “დიდი რვიანის” სამიტზე გეგმავს. ერთ-ერთი პუნქტი ამ გეგმაში ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოვლითი გაზსადენების მშენებლობაა. შესაძლოა, მოსალოდნელი თურქმენულ-რუსულ-უკრაინული გაზის კრიზისი ამ კონცეფციის სასარგებლოდ ერთ-ერთი არგუმენტი გახდეს, მით უმეტეს, რომ “გაზპრომი” უკრაინის მიერ შეთანხმების გადახედვით სწორედ ევროპელების შეშინებას ცდილობს”, - წერს “24 საათი”.

“ახალი თაობა” პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს სააკაშვილი-ბუშის მოსალონდელ შეხვედრაზე ესაუბრება. კლიმიაშვილს მიაჩნია, რომ ეს შეხვედრა არ იქნება ისეთი განსაკუთრებული, როგორიც სააკაშვილი-პუტინის შეხვედრა იყო, რომელიც იქნება კიდეც შეერთებული შტატებისა და საქართველოს 5 ივლისის შეხვედრის ძირითადი თემა. პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ საქართველოს საკითხი არ განიხილება “დიდი რვიანის” სამიტზე: “ასეთი წვრილმანი თემები ამ სამიტზე არ განიხილება. ძირითადად იქნება საუბარი მსოფლიო ენერგოუსაფრთხოებაზე, ირანის საკითხსა და ტერორიზმთან ბრძოლაზე. ამ საკითხების შემდეგ, უბრალოდ, დრო არ რჩება რეგიონალური საკითხების განხილვისთვის”, - ამბობს რამაზ კლიმიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG