Accessibility links

logo-print

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა დაიწყო


თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ 27 ივნისს ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის - „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომელ

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის - განხილვა დაიწყო.
განსასჯელთა სკამზე სხედან შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები, კერძოდ: პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი გია ალანია და ამავე სამმართველოს ოფიცრები - ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილური. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, განსასჯელებმა "გაერთიანებული ქართული ბანკის" თანამშრომელი სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე 2006 წლის 27 იანვარს ლესელიძის ქუჩიდან გაიტაცეს, სანდრო გირგვლიანის ნაწამები სხეული კი 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოსთან იქნა ნანახი. დაზარალებული ლევან ბუხაიძე ამტკიცებს, რომ გატაცებამდე რამდენიმე წუთით ადრე სანდრო გირგვლიანი შარდენის ქუჩაზე მდებარე ბარში ეკამათა მეგობარ გოგონას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეს, თაკო სალაყაიას, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დათა ახალაიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს გურამ დონაძეს ახლდა.

სასამართლო პროცესი მოსამართლე გიორგი ჩემიას 11 საათზე უნდა გაეხსნა, მაგრამ იმის გამო, რომ დარბაზმა ყველა მსურველი ვერ დაიტია, საქმის განხილვამ ერთი საათით გადაიწია. დაზარალებული მხარის გაღიზიანება გამოიწვია რამდენიმე მოქალაქემ, რომლებმაც წინასწარ დაიკავეს დასაჯდომი ადგილები, რომელთა რაოდენობა, დარბაზის სიმცირის გამო, ისედაც შეზღუდული იყო.

[ისმის ხმა] „არავინ არ იცნობს ამათ, ხალხნო! ყველაფერი გადაიღეთ! შემოგზავნილები არიან...”

გახმაურებულ პროცესზე ეგრეთ წოდებული შემოგზავნილი პირების ხილვა არ გაჰკვირვებია დეპუტატ კოკა გუნცაძეს, რომლის მტკიცებითაც, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილებს შალვა რამიშვილის პროცესზეც იკავებდნენ:

[კოკა გუნცაძის ხმა] „ეს არის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი. ჩვეულებრივად, ასე აკეთებენ, რათა დაიკავონ ადგილები. ეს სპეციალურად კეთდება. იცოდნენ, საზოგადოების ინტერესს იწვევს ეს პროცესი და ამიტომ მცირე ზომის დარბაზში ატარებენ სხდომას. ჩვენ დღეს ველოდებით პრინციპულ გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში იღებს ერთი ადამიანი: პრეზიდენტი სააკაშვილი.“

პროცესის დაწყებისთანავე დაზარალებული მხარის ადვოკატმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა: შალვა შავგულიძემ საქმის მასალების გასაცნობად სამი დღე და, შესაბამისად, სხდომის გადადება ითხოვა. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურის წარმომადგენელმა საბრალდებო დასკვვნის წაკითხვას 15 წუთი მოანდომა, რის შემდეგაც სასამართლო გამოძიება დაიწყო. დაზარალებულ ლევან ბუხაიძეს კითხვებს საკუთარი ადვოკატები, სახელმწიფო ბრალმდებელი და განსასჯელთა ადვოკატები უსვამდნენ.

[ლევან ბუხაიძის ხმა] „გადმოგვიყვანეს მანქანიდან და პირდაპირ დაგვიწყეს ცემა. არანაირი ახსნა, რატომ და რისთვის. ერთს ამბობდნენ მხოლოდ: ძალიან კარგად იცით, რატომაცო, და კიდევ: აქ რატომაც ხართ, ხო იცითო. კონკრეტულად რომელი გველაპარაკებოდა, არ მახსოვს... ყველა, სამივე, და მერე მეოთხეც შემოუერთდა.“

ბუხაიძის დაკითხვამ თითქმის ერთ საათს გასტანა. დაზარალებული ამტკიცებს, რომ მას და გირგვლიანს გატაცებამდე განსასჯელებთან კონფლიქტი არ მოსვლიათ. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ განსასჯელები, რომელთა მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენების თანახმად, კამათი მოხდა ბარის შესასვლელთან, სადაც აწ გარდაცვლილი გირგვლიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვნელობას აუგად იხსენიებდა. 27 ივნისს სასამართლოს ჩვენება მისცა მოკლულის, სანდრო გირგვლიანის, დედამ. ირინე ენუქიძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ჩქარობს:

[ირინე ენუქიძის ხმა] „ჩქარობენ, რომ ეს დამკვეთები დროზე გაათავისუფლონ, რომ მათ პრობლემა აღარ ჰქონდეთ. დაკითხავენ, ალბათ, საჯაროდ და მერე გაასუფთავებენ. მაგრამ გარწმუნებთ, ასე არ წავა საქმე. ძიების მასალებში ბევრი ისეთი რამ არის, რასაც ვერ გაექცევიან.“

ირინე ენუქიძეს მხედველობაში, როგორც თავად ამბობს, მკვლელობის შემკვეთები ჰყავს. განსასჯელებს იგი მკვლელობის შემსრულებლებს უწოდებს. 12 საათზე დაწყებული სხდომა სამ საათში დასრულდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი ხუთშაბათს, 29 ივნისს, 10 საათზე განახლდება.
XS
SM
MD
LG