Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა და საქართველომ ავტომანქანების გამტაცებლებს ერთობლივი ბრძოლა გამოუცხადეს


სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვართან ოსკანიანმა და მისმა ქართველმა კოლეგამ გელა ბეჟუაშვილმა 27 ივნისს თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში,

ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2 ქვეყანა ავტომანქანების გამტაცებლებს ერთობლივ ბრძოლას უცხადებს. მას შემდეგ, რაც ანტიკრიმინალური დოკუმენტის ხელმოწერა შამპანიურით აღინიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. რას ფიქრობს ვართან ოსკანიანი ეთნიკური სომხებით კომპაქტურად დასახლებულ ჯავახეთში შექმნილ ვითარებასა და კულტურული ავტონომიის თაობაზე ორგანიზაცია “ჯავახკის” მოთხოვნებზე? რას ჰპირდება საქართველო ჯავახეთის რეგიონს და რით დარჩა კმაყოფილი გელა ბეჟუაშვილი?

საქართველოსა და სომხეთის მთავრობების სახელით ხელმოწერილი შეთანხმება ”ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი დაბრუნების უზრუნველყოფის შესახებ”, ბუნებრივია, საგარეო საქმეთა სამინისტროების აღსასრულებელი არ იქნება. 2 ქვეყნის მინისტრები განმარტავენ, რომ ავტომანქანების გატაცების სფეროში დასაქმებულ კრიმინალებს უნდა შეებრძოლოს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ანტიკრიმინალური შეთანხმებაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც საქართველო-სომხეთის ბოლო ერთი თვის ურთიერთობები. სწორედ დროის დასახელებულ მონაკვეთში შედგა სახელმწიფო კომისიის სხდომა, რომელიც ორი ქვეყნის საერთო საზღვრის დელიმიტაციის საკითხს იხილავდა. ბეჟუაშვილის თქმით, უკვე შეთანხმებულია 110-კილომეტრიანი ზოლი. პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და იმ დროისთვის სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს უკვე სამუშაო მაგიდაზე უნდა ედოთ საბოლოო შეთანხმება ერთობლივი საზღვრის დელიმიტაციის შესახებ. საზღვარზე ბლოკპოსტების რიცხვის შესაძლო ზრდას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საზღვრის გამტარიანობის ზრდის აუცილებლობით ხსნის. ეს კი, თავის მხრივ, იმით არის ნაკარნახევი, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების ტექნიკის ნაწილი სწორედ სომხეთში გადის და ეს მარშრუტი საკმაოდ დატვირთულია.

გელა ბეჟუაშვილი ამბობს, რომ საქართველოსა და სომხეთის ბოლო პერიოდის ურთიერთობაში ეკონომიკური წინსვლაც შეინიშნება:

(გელა ბეჟუაშვილის ხმა) ”ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის იზრდება. ძალიან ნაყოფიერად მუშაობს ერთობლივი ეკონომიკური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობენ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები და ყველა ეკონომიკური პროექტი და საკითხები, რომლებიც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ენერგეტიკულ სექტორში იქნება განხილული მორიგ სხდომაზე, ბიზნესფორუმზე, რომელიც ჩატარდება ბათუმში.” (სტილი დაცულია)

27 ივნისს ყურადღება გამახვილდა საკითხზე, რომელსაც ბოლო დროს ინტერესი და მითქმა-მოთქმა საქრთველოში ისედაც არ მოჰკლებია. საუბარია სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯავახკის” მოთხოვნებზე, რომლებიც ჯავახეთის კულტურულ ავტონომიასა და რეგიონში სომხური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას შეეხება. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრობლემის გარშემო კომენტარს ვერ ან არ აკეთებს:

(ვართან ოსკანიანის ხმა) ”სამწუხაროდ, მე არ ვიცნობ ამ საკითხის დეტალებს. ისე კი, ეს საკითხი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებშია მოქცეული და პასუხისმგებელიც სწორედ ის არის.”

უნდა ითქვას, რომ სომეხი კოლეგის ასეთმა პასუხმა გელა ბეჟუაშვილი მეტად კმაყოფილი დატოვა:

(გელა ბეჟუაშვილის ხმა) ”ჩვენ ძალიან ვაფასებთ ასეთ ძალიან პასუხისმგებელ მიდგომას სომხეთის მთავრობის მხრიდან, რომ ის აღიარებს, რომ ყველა საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს, არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაში შემავალი საკითხი.” (სტილი დაცულია)

იმის დამტკიცებას, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯავახეთის მომავალზე მართლაც ფიქრობს, გელა ბეჟუაშვილი ციფრებით ცდილობს. მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთის განვითარების პროექტებს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაც ითვალისწინებს. 300-მილიონიანი პაკეტიდან 102 მილიონი დოლარი სამცხე-ჯავახეთში გზების რეაბილიტაციისთვის არის გამიზნული. ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის გამოყოფილი საერთო თანხიდან - 49,5 მილიონი დოლარიდან - გარკვეული წილი სამცხე-ჯავახეთსაც ერგება. როგორც ირკვევა, რეგიონს წილი იმ 32 მილიონი დოლარიდანაც შეხვდება, რომელიც საქართველოში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის იქნება გამოყოფილი. პარალელურად, სახელმწიფო ეძებს გზებს, თუ როგორ განახორციელოს კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები, რაც ეთნიკური უმცირესობების (მათ შორის - ჯავახელი სომხების) მიერ ქართული ენის შესწავლასაც გულისხმობს.

რაც შეეხება რკინიგზის მშენებლობას ყარსი-ახალქალაქი-თბილისის მარშრუტზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საკითხი მარკეტინგულ კვლევას საჭიროებს და რომ ჯერჯერობით მის დაფინანსებაზე საუბარი ნაადრევია. ვართან ოსკანიანის პასუხი კი ასეთია:

(ვართან ოსკანიანის ხმა) ”ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის პოზიცია სრულიად ნათელია - ჩვენ ვთქვით, რომ სომხეთი მზად არის შესაძლებლობა მისცეს თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს გამოიყენენონ ეს ხაზი, სომხეთის მონაწილეობის გარეშე. მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ გაიგოს, რომ სომხეთი მათთვის ასეთი შესაძლებლობის მისაცემად მზად არის.”

დაბოლოს, საკითხი, რომელიც სომხეთისა და აზერბაიჯანის გაყინული კონფლიქტის არეალს, მთიან ყარაბახს შეეხება. აზერბაიჯანელი კორესპონდენტის შეკითხვაზე - რატომ არ ასრულებს სომხეთი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას და არ ათავისუფლებს დაკავებულ ტერიტორიას, ოსკანიანი პასუხობს, რომ ვინც ყურადღებით გაეცნობა ხსენებულ რეზოლუციას, მიხვდება, რომ იქ სომხეთი ოკუპანტად არ არის მოხსენიებული. მთიანი ყარაბახის ბედი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვიტოს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG