Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში რევოლუციური ცვლილებების შეტანას აპირებს.

2007 წლიდან შეიცვლება წინასწარი გამოძიების ვადა, რომელიც 9 თვიდან 45 დღემდე შემცირდება; ასევე შეიქმნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელიც მხოლოდ გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანს. ცვლილებების ძალაში შესვლა მომავალი წლიდან იგეგმება, თუმცა პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში უკვე შეიტანა არანაკლებ მნიშვნელოვანი შესწორებები, რომელთა ნაწილსაც ცნობილი ადვოკატები და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები ინკვიზიციური სამართლის ელემენტებად მიიჩნევენ.

განმარტების თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ამოცანებია: დაადგინოს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტობრივი გარემოებანი და მისი ჩამდენი პირი; უზრუნველყოს კანონის სწორად გამოყენება; არ დაუშვას უდანაშაულო პირის მსჯავრდება; დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; საზოგადოებაში დაამკვიდროს კანონის, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის იდეების პატივისცემა. ადვოკატი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ძირეულად ეწინააღმდეგება კოდექსის პირველ მუხლში ჩამოყალიბებულ ამოცანებსა და მიზნებს:

[შალვა შავგულიძის ხმა] „ანონიმური განცხადება ისევ გახდა სისხლის სამართალწარმოების საფუძველი. უფრო მეტიც: არაიდენტიფიცირებული პირის ჩვენება, სპეცრაზმელის ჩვენება, მიცემული შეცვლილი ხმით, დიქტოფონით, ნიღბით და დაუდგენელი სახელითა და გვარით არის მტკიცებულება.“

ადვოკატის თქმით, კანონში შეტანილი ცვლილების წყალობით, თავისუფლების აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაცვისა და ბრალდების მხარეები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან:

[შალვა შავგულიძის ხმა] „ამ ცვლილებებით იგზავნება სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიებების შეფარდების გადასაწყვეტად იმ მასალათა ქსეროასლები, რომელსაც თავად ბრალდების მხარე მიიჩნევს საჭიროდ. ესე იგი მხარეთა თანასწრობის პრინციპის თეორიული შანსიც არ დარჩა.“

არადა, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, ცვლილებების წყალობით, საპროცესო კოდექსი თვისებრივად იცვლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტი უარს ამბობს შეჯიბრებითობის პრინციპზე.

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „ახალი ხედვა უკავშირდება როგორც წინასწარი გამოძიების ვადებს, ასევე წინასწარი გამოძიებისას მხარეთა საპროცესო უფლება-მოვალეობებს, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას, სასამართლოში საქმის განხილვის გამარტივებას და შეჯიბრებითობის პრინციპის დამკვიდრებას საპროცესო სამართალწარმოების მთელ სტადიაზე.“

მაგრამ, ერთია კოდექსის კონცეპტუალური ხედვა და მეორე - კონკრეტული ცვლილებები, რომელთა ნაწილი უკვე განხორციელდა. ნანა კაკაბაძე, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, ამბობს, რომ კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ადვოკატები, რომლებსაც ისღა დარჩენიათ, სასამართლო პროცესებში მხოლოდ ფორმალურად მიიღონ მონაწილეობა. და კიდევ:

[ნანა კაკაბაძის ხმა] „ფაქტიურად, ხელმიუწვდომელია მისთვის საქმის მასალები, თუ გამოძიებამ საჭიროდ არ ჩათვალა. ფაქტიურად, ეჭვმიტანილის სტატუსით სარგებლობს ადვოკატი. მაგალითად, გააცდინა სასამართლო პროცესი. არის ასეთი დათქმა, რომ თუ ეს არ მოხდა საპატიო მიზეზით, მაშინ ადვოკატი ჯარიმდება 500 ლარით, შემდეგ გაცდენაზე ჯარიმის მოცულობა იზრდება და, არ არის გამორიცხული, პროკურორმა სისხლის სამართლის პასუხისგების საკითხიც კი დააყენოს.“ (სტილი დაცულია)

ნანა კაკაბაძის თქმით, ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე, ბევრი ადვოკატი უარს იტყვის კომერციულად არამომგებიან პროცესში მონაწილეობაზე. იურისტი გიორგი ლაღიძე კი ამბობს, რომ ადვოკატების უფლებების შეზღუდვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა, ადვოკატთა შესახებ კანონში შეტანილი ცვლილელების წყალობით, საკვალიფიკაციო ტესტირების გავლა აუცილებელი გახდა.

[გიორგი ლაღიძის ხმა] „თავისუფალი პროფესიის ადამიანებს ჩაუტარეს ტესტირება და ეს არის კანონისა და საერთაშორისო კონვენციების დარღვევა. ამიტომ იმ მუხლის გაუქმებას ვითხოვთ, რომელიც ითვალისწინებს ტესტირებას და ადვოკატთა უფლებამოსილების შეწყვეტას.“

გიორგი ლაღიძემ ამ მოთხოვნით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც, თავის მხრივ, სარჩელი წარმოებაში მიიღო.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG