Accessibility links

logo-print

ჯონ მალხაზ შალიკაშვილი 70 წლისაა


ცნობილ ამერიკელ გენერალს, გადამდგარ გენერალს, ჯონ მალხაზ შალიკაშვილს გუშინ, 27 ივნისს, 70 წელი შეუსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების

შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს თავის ისტორიულ სამშობლოსთან ეპიზოდური ურთიერთობა აკავშირებს, იგი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

წარმოშობით ქართველი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი 1936 წლის 27 ივნისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაიბადა. მისი მამა დიმიტრი შალიკაშვილი 1918–21 წლების დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში პოდპოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა. საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობის შემდეგ მან თავი პოლონეთს შეაფარა. მეორე მსოფლიო ომში დიმიტრი შალიკაშვილი გერმანელებთან ერთად ქართულ ბრიგადაში იბრძოდა იმ მიზნით, რომ საქართველო ბოლშევიკური რუსეთის მარწუხებისაგან გაეთავისუფლებინათ. შემდეგ მისი სამხედრო ერთეული ბრიტანელებმა იგდეს ხელთ და დიმიტრი შალიკაშვილი სამხედრო ტყვეთა ბანაკში აღმოჩნდა. 1952 წელს შალიკაშვილები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდნენ. 1958 წელს ოჯახის წევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღეს. ბრედლის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯონ მალხაზი ამერიკის არმიაში შევიდა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო მისი თავბრუდამხვევი სამხედრო კარიერა. 1993 წლის 25 ოქტომბერს, პრეზიდენტ ბილ კლინტონის გადაწყვეტილებით, გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით მან დაამტიკიცა, რომ ამერიკული ოცნება რეალობაა და მისი განხორციელება ემიგრანტული წარსულის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ.

[ლევან ცუცქირიძის ხმა]“ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს შალიკაშვილს და, ალბათ, ეს არის მნიშვნელოვანი იმის გასაგებად, თუ რა როლს ასრულებდა იგი ამერიკის სამხედრო პოლიტიკაში, ისევე როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მთელი მისი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი არის გატარებული დევნილობაში – ჯერ პოლონეთში, შემდეგ ბრიტანეთში, შემდეგ შეერთებულ შტატებში და არის, ასე ვთქვათ, პირველი თაობის ამერიკელი, რომელმაც მიიღო უმაღლესი სამხედრო წოდება.“

როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე შენიშნავს, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის უმაღლეს სამხედრო თანამდებობაზე წარდგენის დროს ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი გენერლის განსაკუთრებულ ბიოგრაფიას, განსაკუთრებულ კონტექსტში. კერძოდ, ამერიკა არის ძლიერი დემოკრატიის ისეთი ზესახელმწიფო, რომელსაც ემიგრანტების ისეთი სწრაფი ინტეგრაცია შეუძლია, როგორც ეს ჯონ მალხაზ შალიკაშვილის შემთხვევაში მოხდა. ჯონ მალხაზ შალიკაშვილის შემთხვევაში საინტერესო და სასიამოვნო დამთხვევას ჰქონდა ადგილი ამერიკა–საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების საწყის ეტაპზეც. ადამიანი, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო, სწორედ იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა დომინანტი სახელმწიფოს სამხედრო სტრუქტურას, როდესაც საქართველოში სამხედრო სფეროს ინსტიტუციური რეფორმირება დაიწყო. ნატოს ფარგლებში წარმოებული პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ უშუალოდ უკავშირდებოდა ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელს.
შალიკაშვილი იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის თანაავტორი, ავტორი და განმახორციელებელი უშუალოდ ამერიკის შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო პოლიტიკაში. კვლავ ლევან ცუცქირიძეს მოვუსმინოთ:

[ლევან ცუცქირიძის ხმა]“ერთ-ერთი, რაც შეიძლება გამოვარჩიოთ, ეს არის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების ოპერაცია ერაყის პირველი ომის შემდგომ. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ ერაყში განხორციელდა ძალიან რთული ოპერაცია – სამხედრო და ჰუმანიტარული ოპერაცია ერთობლივად, რაც თავისთავად არის ძალიან რთული საქმე გასაკეთებლად. ასევე იგი იყო ერთ–ერთი ფლაგმანი ნატოს გაფართოების პოლიტიკის შექმნისა. ასევე შალიკაშვილი იყო ნატოს სამხედრო პოლიტიკის ერთ–ერთი შემქმნელი იუგოსლავიის კრიზისის დროს, განსაკუთრებით ბოსნია–ჰერცოგოვინის შემთხვევაში.“(სტილი დაცულია)

ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელს უკავშირდება ასევე ნატოს სწრაფი რეაგირების კორპუსის შექმნა, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის რეორგანიზაცია და სხვა. ბოლოს კი საზოგადოებას მან თავი, კიდევ ორ ოთხვარსკვლავიან გენერალთან ერთად, “ნიუ–იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებული იმ ცნობილი წერილით დაამახსოვრა, რომელშიც ჯორჯ ბუში ერაყში წარმოებული ომის გამო გააკრიტიკა.

ჯონ მალხაზ შალიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით 1997 წლის სექტემბერში გადადგა. 2004 წელს კი იგი საპრეზიდენტო კამპანიაში ჯონ კერის მრჩეველი იყო. ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორია და ბიზნესშიც საქმიანობს.

[თორნიკე შარაშენიძის ხმა]“ჯონ მალხაზ შალიკაშვილი მუშაობს ბოინგში. ბოინგში უჭირავს საკმაოდ სერიოზული თანამდებობა. ბოინგი, მოგეხსენებათ, მუშაობს სამხედრო მრეწველობაშიც. იგი უშვებს სამხედრო თვითმფრინავებს.და სწორედ ამ სფეროშია ჩართული, ალბათ, მისი მოღვაწეობა.“

ამბობს თორნიკე შარაშენიძე, დირექტორი საინფორმნაციო ცენტრისა “ნატოს შესახებ“. მის ნათქვამს დავძენთ, რომ სახელოვანი გენერალი, გადამდგარი გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის მიუხედავად, ჯანმრთელობაშერყეულია და მხედრული შემართებით ებრძვის ინსულტის შედეგებს.
XS
SM
MD
LG