Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეთიუ ბრაიზა: ''მუქარის შემცველი გამონათქვამები კარგს არაფერს მოგვიტანს''


ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ ამ ერთი კვირის წინათ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა,

რომლის საქმიანობის სფეროში საქართველოც შედის, ეუთოს ე.წ. "მინსკის ჯგუფის" თანათავმჯდომარედ დაინიშნა. იმავე დღეს მეთიუ ბრაიზამ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო "თავისუფლების" სომხურსა და აზერბაიჯანულ სამსახურებს, რადგან "მინსკის ჯგუფი", მოგეხსენებათ, სწორედ ამ ქვეყნებს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობს. გუშინ ბრაიზამ რადიო "თავისუფლებას" კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა - ამჯერად ესაუბრა ჩვენს ვაშინგტონელ კორესპონდენტს ჯული კორვინს. გაგაცნობთ ინტერვიუს რამდენიმე ნაწყვეტს.

ჩვენს კორესპონდენტებთან საუბრებშიც და საჯარო გამოსვლებშიც მეთიუ ბრაიზას არაერთხელ განუცხადებია, რომ დაპირისპირებულთა წარმომადგენლების მხრიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარების შესაძლებლობაზე საუბარი მხოლოდ გააჭიანურებს ვითარების საბოლოო მოწესრიგებას და სიკეთეს არც ერთ მხარეს არ მოუტანს. არადა, ამ შინაარსის განცხადებები არცთუ იშვიათად გაისმის როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

მაგალითად, 23 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო შუამავალთა მცდელობას, კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოაგვარონ, "უიმედო" უწოდა და დასძინა, რომ აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს - "რადაც უნდა დაუჯდეს" - დაიბრუნებს. როგორ აფასებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ასეთ განცხადებებს?

[მეთიუ ბრაიზას ხმა] "ასეთი განცხადებები იმაზე უფრო ხშირად კეთდება, ვიდრე უნდა კეთდებოდეს. გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამს: ყარაბაღის ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე საუბარი ან, საერთოდ, ამა თუ იმ მხარის მიერ ძალის გამოყენებაზე საუბარი მხოლოდ ზიანის მომტანია. მით უფრო, რომ ასეთი საუბარი, უბრალოდ, საჭირო არ არის. უკვე მოგვეპოვება სავსებით სიცოცხლისუნარიანი ჩარჩო-შეთანხმება, რომლის განხორციელება ორივე მხარისგან მოითხოვს მეტ პოლიტიკურ სითამამეს, კომპრომისისთვის მეტ მზადყოფნას. მუქარის შემცველი გამონათქვამები კი, ვიმეორებ, კარგს არაფერს მოგვიტანს."

"მინსკის ჯგუფის" თანათავმჯდომარის პოსტის დაკავებისთანავე მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა, რომ მისმა წინამორბედმა სტივენ მენმა და ჯგუფის სხვა წევრებმა მთელი თავიანთი დიპლომატიური უნარი და ფანტაზია გამოამჟღავნეს ჩარჩო-შეთანხმების შემუშავების პროცესში და რომ ახლა ჯერი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებზეა.

[მეთიუ ბრაიზას ხმა] "ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილი ვისხდებით და არაფერს მოვიმოქმედებთ. და არც იმას ვამბობთ, რომ მოლაპარაკების პროცესი სამუდამოდ დამთავრებულია. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ამ ეტაპზე რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა ჯერი სახელმწიფოების მეთაურებზეა, გადაწყვეტილებებს მათგან ველით."

რას ფიქრობს მეთიუ ბრაიზა “დიდი რვიანის” მოახლოებული სამიტის დღის წესრიგზე, კონკრეტულად კი იმაზე, განიხილავენ თუ არა მისი მონაწილეები ე.წ. "გაყინული კონფლიქტების" საკითხს? (საუბარია აფხაზეთის, სამხრეთი ოსეთის, მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტებზე.) ამ კითხვაზე მეთიუ ბრაიზამ ასე გვიპასუხა:

[მეთიუ ბრაიზას ხმა] "პირადად მე იმედი მაქვს, რომ განიხილავენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეს საკითხები დღის წესრიგში იქნება. მისი თქმით, "დიდი რვიანის" წევრებიდან რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი მოითხოვს, რომ მთიანი ყარაბაღის, სამხრეთი ოსეთის, აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის საკითხები სამიტის დღის წესრიგში შევიდეს. და რაკი ასეა, როგორც ლავროვმა თქვა, შევა კიდეცო. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მართლაც ასე იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ იმთავითვე ძალიან გვინდოდა, ეს საკითხები დღის წესრიგში ყოფილიყო."
XS
SM
MD
LG