Accessibility links

logo-print

საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა


თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში 29 ივნისს, დილის 10 საათზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელების საქმის განხილვა განახლდა.

სასამართლოს წინაშე წარდგნენ მოწმეები: თათია მაისურაძე, ნუცა ქურიძე და ანი ჭლიკაძე. მოწმის სტატუსით ასევე დაიკითხნენ ბარის მიმტანები, თუმცა სახელმწიფო ბრალმდებელმა და პროცესში მონაწილე მხარეებმა ყველაზე მეტი დრო - დაახლოებით ორი საათი - მოწმე მაისურაძის დაკითხვას მოანდომეს.

წინასწარი გამოძიების მიხედვით, მკვლელობის ღამეს სანდრო გირგვლიანის მეგობარი თათია მაისურაძე შარდენის ქუჩაზე მდებარე ბარში თან ახლდა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეს თაკო მერაბიშვილსა და სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს - დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვსა და გურამ დონაძეს, რომლებიც 27 იანვრის ღამეს ბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ სანდრო გირგვლიანმა მას უცნობი მამაკაცების საზოგადოებაში ყოფნის გამო ხმამაღლა უსაყვედურა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი გურამ დონაძე უცენზურო სიტყვით მოიხსენია.

პირველი სხდომისაგან განსხვავებით, 29 ივნისს მოსამართლემ პროცესი დროულად გახსნა. მოწმეების გამოძახებამდე სხდომის მდივანმა ქალბატონმა გიორგი ჩემიას ერთგვარი ანგარიში ჩააბარა:

[ქალბატონის ხმა] „დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდნენ პროკურორები მანანა მოსულიშვილი და შოთა გენგაშვილი, საბადრაგო სამსახურის მიერ წარმოდგენილი იქნენ განსასჯელები: გია ალანია, აფციაური, ბიბილურიძე და ღაჭავა...“

ამის შემდეგ სხდომის მდივანმა მოწმის სტატუსით სასამართლოში დაბარებულ ქალბატონებს ხელი მოაწერინა ეგრეთ წოდებულ გაფრთხილების ხელწერილზე, რომლიდანაც მოწმეებმა შეიტყვეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ცრუ ჩვენებისთვის სასჯელს ითვალისწინებს. პირველმა გაფრთხილების ოქმს ხელი თათია მაისურაძემ მოაწერა. მოწმე იხსენებს, რომ სანდრო გირგვლიანმა მას უცნობი მამაკაცების საზოგადოებაში ყოფნის გამო უსაყვედურა:

[თათია მაისურაძის ხმა] „მკითხა უცხო ბიჭებთან ერთად რატომ ზიხარო. ამაზე ვუპასუხე: მერე რა, რა მნიშვნელობა აქვს ვისთან ვარ, ამის გასარკვევად მოხვედი-მეთქი? არ ვიცნობ ამ ბიჭებს, მაგრამ არ არიან-მეთქი უცხოები, ვისთანაც მე მოვედი, იმ გოგოების ნაცნობები არიან-მეთქი. ამ პედერასტთან ერთად რატომ ზიხარო, დონაძეზე მკითხა.“

თათია მაისურაძის ნათქვამზე დაყრდნობით, მოკლულის ოჯახის წევრები და ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ბარში მყოფმა პოლიციის მაღალი თანამდებობის პირებმა სანდრო გირგვლიანი დასაჯეს.

[ირინე ენუქიძის ხმა] „შეიძლებოდა თუ არა სუფრა გაბრაზებულიყო შენზე, რომ მიატოვე ისინი და გადაჯექი სანდროსთან? შეიძლება თუ არა ისინი ნაწყენები და გაბრაზებული დარჩენილიყვნენ, რომ სანდრომ ქალი მოუხსნა სუფრიდან?“

სანდრო გირგვლიანის დედის, ირინე ენუქიძის, ამ კითხვას, თათია მაისურაძემ უპასუხა, რომ გაბრაზება არავისთვის შეუმჩნევია, თუმცა, ამის მიუხედავად, ქალბატონი ირინე დარწმუნებულია, რომ განსასჯელები მითითებით მოქმედებდნენ.

[ირინე ენუქიძის ხმა] „ამ მკვლელებს, რომლებიც აქ სხედან, სანდრო კარში არ შეხვედრია. საერთოდ შეხების წერტილი არ ჰქონდა ამათთან, სახეზეც კი არ იცნობდა.“

ირინე ენუქიძის რწმენას მოწმის ჩვენების ის ნაწილიც ამყარებს, სადაც თათია მაისურაძე ამბობს, რომ შარდენ-ბარში გამართულ წვეულებაზე განსასჯელთაგან არავის ელოდნენ.

[შალვა შავგულიძის ხმა] „როდესაც შემოვიდნენ დათა ახალაია და ოლეგ მელნიკოვი, ვასილ სანოძეს ხომ არ უკითხავს რომელიმე მათგანისთვის, რატომ არ მოვიდა ალანია?“

[თათია მაისურაძის ხმა] „არა! მე არ გამიგია ასეთი რამ!“

არადა, განსასჯელთა ადვოკატი დავით ხაჟალია ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი ალანია სანდრო გირგვლიანს სწორედ რომ ბარის შესასვლელთან შეხვდა. ადვოკატის თქმით, გირგვლიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მისამართით იგინებოდა.

[დავით ხაჟალიას ხმა] „ჩვენებებით დადგენილია, რომ სანდრო გირგვლიანს და ლევან ბუხაიძეს ჰკითხეს განსასჯელებმა, რატომ შეაგინეო. უთხრეს, აქ სალაპარაკო ადგილი არ არის, გავიდეთ და სხვაგან ვილაპარაკოთო. სასაფლაოზე მისვლა მოხდა სპონტანურად და არავის სპეციალურად, განზრახ, რომ ეცემათ და მოეკლათ, არ აუყვანია.“

საწინააღმდეგოს ამტკიცებს დაზარალებული ლევან ბუხაიძე, რომელიც 27 იანვრის ღამეს სანდრო გირგვლიანს ახლდა:

[ლევან ბუხაიძის ხმა] „არანაირი კონფლიქტი არ მოსვლია სანდროს ამ განსასჯელებთან. უბრალოდ, ეს არის დაწერილი, შეთითხნილი სცენარი. მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო გამოავლენს ამას და გაცილებით მეტსაც.“

სხდომის მსვლელობისას, თათია მაისურაძის გარდა, სხვა სამი მოწმეც დაიკითხა, თუმცა არც ერთ მათგანს რაიმე ახალი და საყურადღებო არ უთქვამს. მორიგი სხდომა კი, მოსამართლე გიორგი ჩემიას გადაწყვეტილებით, 30 ივნისს, დილის ათის ნახევარზე გაიმართება.
XS
SM
MD
LG