Accessibility links

logo-print

ხელისუფლება რეგიონების განვითარებას სამთავრობო უწყებების დეცენტრალიზაციით შეეცდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ხელისუფლება ქვეყნის რეგიონალური განვითარების ახალ მიდგომაზე საუბრობს, რაც ცენტრალური ხელისუფლების დეცენტრალიზაციასა და სამთავრობო დაწესებულებების

რეგიონებში განთავსებას გულისხმობს. ამგვარი პროექტი ჯერ კიდევ 3 წლის წინ არსებობდა, თუმცა პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ დავიწყებას მიეცა. ცოტა ხნის წინ კი ანალოგიური იდეა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმში გუბერნატორებთან შეხვედრაზე გაახმიანა. მინდა რეგიონალური განვითარების ახალი მოდელის ეკონომიკური ეფექტის შესახებ გესაუბროთ.

საქართველოს პრეზიდენტი გუბერნატორებთან ბათუმში გამართულ შეხვედრაზე, ქვეყნის რეგიონების ეკონომიკური განვითარების მიზნით, ცენტრალური ხელისუფლების დეცენტრალიზაციის იდეით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხანში პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს - ბათუმში, ხოლო მარეგულირებელი კომისიების - ქუთაისში გადატანის ინიციატივით მიმართავს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის საქართველოს ყველა რეგიონის განვითარება და საქართველოს სამთავრობო ფუნქციების დეცენტრალიზაცია - იქ, სადაც ეს შესაძლებელია - ისე, რომ მთავრობის ეფექტურობა არ დაიკარგოს.”

პრეზიდენტის განცხადებით, პირველ ეტაპზე დაიწყება სპეციალური შენობის აგება ქუთაისში იქ მარეგულირებელი კომისიების განსათავსებლად, ხოლო ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაეთმობა. ხელისუფლება ამით შეეცდება, აჭარის რეგიონისა და ქუთაისის პოლიტიკურ ცენტრებად ჩამოყალიბების გარდა, რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი.

სამთავრობო და სასწავლო დაწესებულებების რეგიონებში გადატანისა და თბილისის განტვირთვის პროექტი რამდენიმე წლის წინაც არსებობდა, თუმცა ექს-პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ამ იდეამ დღემდე განვითარება ვერ პოვა. საკონსტიტუციო სასამართლოსა და მარეგულირებელი კომისიების თბილისის გარეთ გატანა, ბუნებრივია, ქუთაისისა და ბათუმისათვის, გარდა პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დატვირთვისა, ეკონომიკური განვითარების მაპროვოცირებელი იქნება, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ლოკალურად ორ ქალაქს შეეხება და ზოგადად ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაზე დიდად არ იმოქმედებს. ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სტაგნაციიდან რეგიონების გამოსაყვანად საგადასახადო პოლიტიკის შეცვლა იქნება ეფექტური. დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ხელ-ფეხი აქვთ შეკრული და მთლიანად ცენტრალურ ბიუჯეტზე არიან დამოკიდებული. გარკვეული გადასახადების ადგილებზე დატოვება ან ადგილობრივი ბიზნესისათვის მცირე ბეგარის დაწესება, ლექვინაძის აზრით, რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს და სამუშაო ადგილებსაც შექმნის:

[ირაკლი ლექვინაძის ხმა] „ხელისუფლებას შეუძლია, რომ გადასახადების მანევრირებით შექმნას რეგიონალური განვითარების წინაპირობები, მაგალითად, რეგიონებში აშენებულ საწარმოს მიეცეს, გარკვეულწილად, უფრო ნაკლები გადასახადი. ეს სტიმულია მეწარმისთვის, რომ, მაგალითად, რეგიონში გახსნას რომელიმე საწარმო, იქ დაასაქმოს ადგილობრივი მუშახელი და ამით ადგილობრივ მოსახლეობას შემოსავლის წყარო გაუჩინოს. ამის ძალიან კარგი მაგალითია ნატახტარი, სადაც დასაქმებულია იმ სოფლის უმრავლესობა. ასეთი მიდგომა იყო წყალტუბოსთან მიმართებით, როდესაც სათამაშო ბიზნესის სალიცენზიო მოსაკრებელი გახდა ნული, თუმცა ამას რაღაც რეალური შედეგი არ გამოუღია.”

ხელისუფლება რეგიონებში განთავსებული საწარმოებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შესახებ არაფერს ამბობს. სამაგიეროდ, გარკვეული სამთავრობო დაწესებულებების თბილისიდან გატანის თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივის რეალიზაციას, როგორც ჩანს, უკვე უახლოეს მომავალში უნდა ველოდეთ.
XS
SM
MD
LG