Accessibility links

რა წინააღმდეგობები ახლავს თან აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენის პროცესს


ორიოდე დღის წინ სოხუმში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელშიც აფხაზეთის ხელისუფლების, საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მათი შეკრების მიზეზი აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის პროექტის პოლიტიკური ასპექტები იყო. მრგვალ მაგიდასთან სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა, მაგრამ თითქმის ყველა გამომსვლელი იმ აზრს დაეთანხმა, რომ ამ ეტაპზე რკინიგზის ამოქმედება აფხაზეთისთვის წამგებიანია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. რატომ ეწინააღმდეგებიან სოხუმში აფხაზეთის გამჭოლი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას?

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის გამჭოლი სარკინიგზო მაგისტრალის აღსადგენად მიმდინარე წლის მაისში შეიქმნა ”შავი ზღვის რკინიგზის საერთაშორისო კონსორციუმი”, საქართველოს, რუსეთის, სომხეთისა და აფხაზეთის რკინიგზის უწყებათა მონაწილეობით. სწორედ მასში აფხაზეთის შესვლის წინააღმდეგ გამოვიდნენ მონაწილენი სოხუმში 27 ივნისს გამართული მრგვალი მაგიდისა, რომელსაც აფხაზეთის რკინიგზის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილის, სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის დირქტორის, ოლეგ დამენიას აზრით, აფხაზეთს, რა თქმა უნდა, ესაჭიროება სარკინიგზო მაგისტრალი, მაგრამ მისი აღდგენით არ უნდა შეიბღალოს აფხაზეთის სტატუსი და აღნიშნულ პროექტში აფხაზეთის სამართლებრივი პოზიცია კონსტიტუციას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გარი სამანბამ კი აღნიშნა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე კონსორციუმის ხელშეკრულების მსგავსი დოკუმენტების ხელმოწერა ნაადრევია.

მე კონსორციუმის ერთ-ერთ მონაწილეს, საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს, ირაკლი ეზუგბაიას დავუკავშირდი და ვკითხე, თუ რა სტატუსით მონაწილეობს კონსორციუმში აფხაზეთი.

[ირაკლი ეზუგბაიას ხმა] ”მე მაქვს ურთიერთობა რკინიგზასთან, რომელიც განთავსებულია აფხაზეთის ინგირი-განთიადის მონაკვეთზე...”

არადა, თავდაპირველად, როცა პრეზიდენტების პუტინისა და შევარდნაძის 2003 წლის სოჭის შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა გადაწყდა, საერთაშორისო კონსორციუმის შექმნა არ განიხილებოდა. უფრო მეტიც, საკითხი პოლიტიზებული იყო, რადგან, ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, რკინიგზის აღდგენა და ლტოლვილების დაბრუნება სინქრონულად უნდა მომხდარიყო. მისივე თქმით, ეს რუსეთ-საქართველოს შეთანხმება იყო და მასში აფხაზები არ მონაწილეობდნენ:

[შევარდნაძის ხმა] ”აფხაზების ინტერესი იმ მხრივ არის გათვალისწინებული, რომ ეს რკინიგზა მოქმედებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ასე რომ, ეს არც აფხაზებისთვის იყო წამგებიანი, არც ქართველებისთვის და არც რუსეთისთვის. მე არ ვიცი, ახლა რას ამბობენ აფხაზები, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ მაშინ სხვა ჭკუაზე იყვნენ.”

ახლა კი სოხუმში გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ რკინიგზის აღდგენის პროექტი არც ეკონომიკურადაა მომგებიანი. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ბესლან ბუტბას გაანგარიშებით, შავი ზღვის რკინიგზის საერთაშორისო კონსორციუმს აფხაზეთის თითქმის მთელი ზღვისპირა სანაპირო უფასოდ ჩაუვარდება ხელში, მაშინ როდესაც მისი მინიმალური ღირებულება 4 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება. გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლებელია კონსორციუმის მონაწილე სომხეთმა თავისი წილი საქართველოს მიჰყიდოს და ის გახდეს აფხაზეთის რკინიგზის რეალური მფლობელი.

ირაკლი ეზუგბაიას ნაადრევად მიაჩნია ასეთი ვარაუდების გამოთქმა, რადგან ჯერჯერობით კონსორციუმი არ შეთანხმებულა წილების გადანაწილების თუ გასხვისების საკითხებზე. რაც შეეხება საკუთრებას, ის კონსორციუმს მხოლოდ მართვის უფლებით გადაეცემა. მე ირაკლი ეზუგბაიას ისიც ვკითხე, ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი არის თუ არა დაკავშირებული კონსორციუმის შექმნასთან.

[ირაკლი ეზუგბაიას ხმა] ”მთავრობათაშორისი გადაწყვეტილებით, რუსეთის და საქართველოს რკინიგზებს დაევალათ მექანიზმის შემუშავება... ... ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ერთ-ერთი თანმდევი საკითხი აფხაზეთთან მიმართებაში, საერთოდ.”
XS
SM
MD
LG