Accessibility links

logo-print

ყაზახი ინვესტორების მიერ შეძენილი სასტუმროებიდან გამოსახლებული დევნილების მსვლელობა ბათუმიდან ენგურის ხიდისკენ


ბათუმში ყაზახი ინვესტორების მიერ ნაყიდი სასტუმროებიდან იძულებით გამოსახლებული დევნილების ჯგუფი ბათუმიდან ენგურის ხიდის მიმართულებით 29 ივნისს, გამთენიისას,

დაიძრა. მათ ენგურის ხიდისკენ ფეხით სვლით გააპროტესტეს მათდამი და მათი პრობლემისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება. გავრცელდა ცნობა, რომ დევნილთა ეს ჯგუფი აფხაზეთში გადასვლას აპირებს და რომ დე ფაქტო ხელისუფლება მზადაა საქართველოს ხელისუფლების მიერ დაჩაგრულ დევნილებს დაუთმოს სოხუმის მახლობლად სასტუმრო. მართლაც გაისმა თუ არა სოხუმიდან ასეთი დაპირებები და რისთვის, რა მიზნით დაიძვრნენ ბათუმიდან ენგურის ხიდისკენ აფხაზეთიდან დევნილები?

აფხაზეთიდან დევნილთა ერთი ჯგუფი ბათუმიდან ენგურის ხიდის მიმართულებით გზას ფეხით გაუყვა. უკან, ბათუმში, მათ აწიოკებული მეზობლები და სპეცრაზმელების მიერ ქუჩაში გამოყრილი საოჯახო ნივთები დატოვეს. აფხაზეთიდან დევნილების მიერ დაკავებული სასტუმროების, “ მედეასა” და ”მესხეთის”, დევნილებისგან დასაცლელად აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სწორედ სპეცრაზმი გამოიყენა. დევნილები, რომლებმაც უარი თქვეს სასტუმროების ახალი მფლობელების, ყაზახი ინვესტორების მიერ გამოყოფილი საკომპენსაციო თანხის, ოჯაზე 7000 დოლარის, მიღებაზე, ხელისუფლებისგან ასეთ ქმედებას არ ელოდნენ. დევნილები უფრო მეტს ითხოვდნენ და სასტუმროებიდან მათი გამოსახლების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებდნენ. ამ ადამიანებს ჰქონდათ იმედი, რომ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე დაკავებულ ფართს ვერავინ დაატოვებინებდათ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ.სასამართლო პროცესი არ შემდგარა, გაყიდული სასტუმროებიდან დევნილთა იძულებითი გამოსახლება კი შედგა.
ფეხით მსვლელობა ენგურის ხიდისკენ ამიტომაც დაიწყო. გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან გაწბილებული დევნილები აფხაზეთში აპირებენ გადასვლას და ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ბათუმიდან ენგურისკენ დაწყებული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს, ერთმანეთის მიყოლებით, მოღალატეების იარლიყები მიაკერეს.

[ნინო ბურჯანაძის ხმა} ” ძალიან ფრთხილი ვარ გამონათქვამებში, მე არ მინდა ამ ადამიანებს მოღალატეები ვუწოდო, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს ასეა.”


ბათუმიდან ენგურის ხიდისკენ საპროტესტო მსვლელობის ერთ-ერთ მონაწილეს, სოხუმელ ქალბატონ ნანის, ტელეფონით სამეგრელოს ტერიტორიაზე დავუკავშირდით და ვკითხეთ, ის და მასთან ერთდ მყოფები მართლა აპირებენ თუ არა აფხაზეთში საცხოვრებლად გადასვლას. პასუხი ასეთი იყო:

[სოხუმელი მაიას ხმა] ”არა, არა, არა. ეს ასე არ არის. ჩვენ მივდივართ, ჩვენი გულისტკივილი რომ გავუზიაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენ მივდივართ სამეგრელოში. 6 თვეა სამართალს ვეძებთ. ჩვენ მიზნად გვქონდა საერთაშორისო ჟურნალისტების ჩართვა. ძალიან ცუდ დღეში ვართ და ამიტომ, თორემ სრულებით არ მქონია მიზნად აფხაზეთში გადასვლა.”

”მე არ ვარ საქართველოს მოღალატე, შვილებს დევნილობაში ერთადერთს საქართველოს სიყვარულს ვუნერგავდი, მე ვერავინ მასწავლის საქართველოს სიყვარულს,” - გვითხრა ქალბატონმა ნანიმ . ”საქართველოს სიყვარულს ვერც მე მასწავლის ვინმეო,” - დასძენს მის ნათქვამს ბათუმის სასტუმრო ”კოლხიდაში ” მცხოვრები გაგრელი მაია, რომელმაც იცის, რომ მასაც ელის გამოსახლება. ქალბატონი მაია 29 ივნისს აპირებდა მანქანით დასწეოდა ენგურის ხიდისკენ მიმავალ დევნილებს. სოხუმელი ნანისგან განსხვავებით, ის არ გამორიცხავს აფხაზეთში გადასვლას და ამბობს, რომ საამისოდ სოხუმიდან შემოთავაზებაც არის - სოხუმის მახლობლად დევნილებისთვის ერთ-ერთი სასტუმროს დათმობის შემოთავაზება.:

[სოხუმელი მაიას ხმა] ”იყო ასეთი რამ, გუშინ ველაპარაკეთ ბაღაფშის ძმას, ხვალ დაგვხვდებიან ხიდზე. ან დაგვეხმარონ, ან სხვა გზა არა გვქვს დარჩენილი. ასე გვითხრა, დაგისვამთ ხელის გულზეო. თუ არ მოგვაქციეს ყურადღება, გადავალ, აბა რას ვიზამ. ” (სტილი დაცულია)

მაგრამ სოხუმში აცხადებენ, რომ დევნილებისთვის აფხაზეთში დაბინავების პირობა არ მიუციათ და არც აპირებენ მათ მიღებას. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა:

[მაქსიმ ღვინჯიას ხმა] ” დევნილების მიღების თაობაზე განცხადება არ გაგვიკეთებია. ჩვენ არც ველოდით მოვლენების ასე განვითარებას. დევნილების საკითხს ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში განვიხილავთ. ჩვენი პოზიცია ცნობილია - დევნილთა საყოველთაო დაბრუნება ახალ დაძაბულობას გამოიწვევს. ”
XS
SM
MD
LG