Accessibility links

logo-print

ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვს


დღეს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და კენჭი უყარეს საარჩევნო კოდექსის გარდამავალ დებულებებში

ცვლილებების პროექტს. კოდექსის ცვლილებების თანახმად, საარჩევნო სიების მოწესრიგების მიზნით, ერთი კვირის ვადაში შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომზადებულ სიებს ამომრჩევლებთან კარდაკარ სიარულით დააზუსტებენ. აღნიშნული სპეციალური ჯგუფები, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის მიხედვით, ბოლო არჩევნებში 7 პროცენტიანი ბარიერის გადამლახავი პოლიტიკური პარტიების წევრთაგან დაკომპლექტდება. საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოებას სიების გადამოწმების დამატებითი მექანიზმების ჩადებასთან დაკავშირებული ინიციატივის ავტორად რესპუბლიკური პარტია დაუსახელა. თუმცა თავად რესპუბლიკელები განმარტავენ, რომ ხელისუფლებამ რეალურად მათი ინიციატივის შეკვეცილი, სახეცვლილი და საკუთარ ინტერესებზე მორგებული პროექტი დაამტკიცა.

რესპუბლიკური პარტიის ინიციატივა რამდენიმე საკვანძო პუნქტისგან შედგებოდა, კერძოდ: გამოვლინდნენ და დაისაჯონ ის თანამდებობის პირები, რომლებმაც 3 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს საარჩევნო სიების დადგენა; არჩევნები დაინიშნოს 90 დღით ადრე, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა დასახული მიზნებისათვის უკეთ მობილიზება შეძლონ და, ბოლოს, საარჩევნო სიების დახვეწისა თუ კორექტირების მიზნით, საუბნო კომისიები არჩევნებამდე 70 დღით ადრე დაკომპლექტდეს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ადაპტირებული და დამტკიცებული ვარიანტით, სიების გადამოწმებას საუბნო კომისიების შექმნამდე სპეციალური ჯგუფები შეუდგებიან. ისინი უახლოეს ერთ კვირაში შეიქმნება და ორი კვირის განმავლობაში ამომრჩეველთა კარდაკარ შემოვლით გადამოწმდება სიები. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციურ, კერძოდ, რესპუბლიკურ პარტიასთან ფორმალური თანამშრომლობის ფორმატში და საპარლამენტო სიების მოწესრიგების მზაობის პირობებში, საპარლამენტო უმრავლესობამ წინასაარჩევნო პროცედურების ვადების გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირა. ძნელი სავარაუდოა, მან ოპოზიციურ პარტიათა ის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, რომელიც არსებული საარჩევნო სისტემის რადიკალურად შეცვლას გულისხმობს. კერძოდ:

[დავით უსუფაშვილის ხმა]“ ძირითადი მოთხოვნა ესაა თბილისის საკრებულოს საარჩევნო სისტემის შეცვლა და პროპორციული არჩევნების ჩატარება. ამ ნაწილში ჩვენ, 8 პოლიტიკური პარტია, ვართ ერთ აზრზე.“

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ ნახსენები პოლიტიკური პარტიებია: თავად რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება“, სახალხო ფორუმი, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, ლეიბორისტული პარტია, საქართველოს გზა და კონსერვატიული პარტია. აღნიშნულ პარტიათა ერთობლივი განცხადების თანახმად, ადგილობრივი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ოპოზიცია, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზის“ გამოკლებით, არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს.

[კობა დავითაშვილის ხმა]“ საყოველთაო ბოიკოტი ოპოზიციისა არჩევნებზე ეს იქნება ხელისუფლების იმ გეგმების დასამარება, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთის თვალწინ დემოკრატიად წარმოჩენას და ქვეყნის შიგნით ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას. ჩვენ ამის საშუალებას ხელისუფლებას არ მივცემთ და ისინიც სერიოზული არჩევანის წინაშე დგანან. ან თავისი ავტორიტარული ბუნება გააშიშვლონ მსოფლიოს წინაშე, ანდა წავიდნენ კომპრომისებზე.“

ამბობს კონსერვატორთა ლიდერი კობა დავითაშვილი. თუმცა იმის განსასაზღვრად, განწყობილია თუ არა დათმობებისთვის მმართველი პარტია, საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის ამასწინდელ გამონათქვამს მოვიშველიებთ:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა]“ვინც არჩევნების სპეციალისტია, ყველასთან შეთანხმებული ვართ. ვენეციის კომისია, ევროსაბჭო, ექსპერტები, უცხოელი ექსპერტები. ყველასთან გვაქვს ნამუშევარი და გავლილი ფანქრით ხელში. თქვენ გგონიათ ისე მივიღეთ ეს კანონი?“(სტილი დაცულია)

მიხეილ მაჭავარიანი იმ საარჩევნო სისტემის ერთ–ერთი ავტორია, რომლის შეცვლასაც ოპოზიციური პარტიები ითხოვენ. ამ სისტემის თანახმად, თბილისის საკრებულოს 37 მანდატიდან 30 ერგება პარტიას, რომელიც სხვებზე მეტ, მაგრამ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა არანაკლებ 30 პროცენტის, ხმებს მიიღებს. დარჩენილი 7 მანდატი გადანაწილდება 4 პროცენტზე მეტი ხმების მიმღებ რამდენიმე პარტიაზე. ოპოზიცია ამ სისტემის პროპორციული სისტემით შეცვლას ერთპარტიულობისა და პოლიტიკურ ძალთა პოლარიზაციის თავიდან აცილების მიზნით ითხოვს.
XS
SM
MD
LG