Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო ძალაუფლების დანაწილების პრინციპს იცავს


შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება შეექმნა საგანგებო სამხედრო კომისიები გუანტანამოს ციხეში

მყოფ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა განსასჯელად. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ გუანტანამოში დაკავებულმა იემენელმა აჰმედ ჰამდანმა შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. ჰამდანი არასამართლებრივად მიიჩნევდა ბუშის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მისი საიდუმლო სამხედრო კომისიის მიერ განსჯის თაობაზე. აქვე, ცნობისთვის, გეტყვით, რომ აჰმედ ჰამდანი თავის დროზე ოსამა ბინ ლადენის მძღოლად მუშაობდა.. შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს გუანტანამოს ციხის დახურვის მომხრეთა მიერ ბუშის ადმინისტრაციის კრიტიკას.

ბი-ბი-სის კორესპონდენტის თანახმად, ჯორჯ ბუშზე იმდენად იმოქმედა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომ მას იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სიტყვები აერია და “შეერთებული შტატებისა და იაპონიის” ნაცვლად “შეერთებული შტატები და ამერიკა” თქვა.

ჯორჯ ბუშმა იცის, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ ის ვერ წავა. უზენაესმა სასამართლომ კი დაადგინა, რომ საგანგებო სამხედრო კომისიების - იმავე სამხედრო ტრიბუნალების - შექმნის უფლება კონგრესის თანხმობის გარეშე არ ჰქონდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯორჯ ბუშს ახლაც შეუძლია მიმართოს კონგრესს მსგავსი უფლების მინიჭების მოთხოვნით. საიდუმლო სამხედრო კომისიები ტერორიზმში ეჭვმიტანილთა განსასჯელად შეიქმნა იმ მოტივით, რომ სასამართლო პროცესის დროს გამოვლენილ სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლო ინფორმაციას არ გაეჟონა. თეთრი სახლის წარმომადგენელი ტონი სნოუ მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლო არ ეთანხმება სამხედრო კომისიების შექმნის გზას და არა მათ შექმნას, ზოგადად.

ამავე აზრს იზიარებს ჯეკ ბიარდი, შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი. რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში ბიარდი განმარტავს:

[ბიარდის ხმა]
“უზენაესი სასამართლოს ყველა სხვა გადაწყვეტილების მსგავსად, აქაც მნიშვნელოვანია დავიწყოთ იმით, თუ რას არ ეხებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება. მსაჯულებს არ უთქვამთ, რომ სამხედრო კომისიებს საერთოდ არ შეუძლიათ ადამიანების განსჯა და არ უთქვამთ აგრეთვე, რომ გუანტანამო უნდა დაიხუროს. სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა ამ ტრიბუნალების იმგვარად შექმნის უფლებამოსილება, როგორც მან ეს გააკეთა. და რომ მათი შექმნით დაირღვა როგორც შეერთებული შტატების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის ნორმები.”

მსოფლიოს არაერთი ლიდერი, მათ შორის შეერთებული შტატების მოკავშირეებიც მოუწოდებენ ბუშს გუანტანამოს დახურვისკენ. არაერთი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ გუანტანამოს ციხეში პატიმრებისადმი მოპყრობა არ შეესაბამება ჟენევის კონვენციის მიერ დაწესებულ პროცედურებს.

რაც შეეხება ბუშის ადმინისტრაციის მიერ საიდუმლო სამხედრო კომისიების შექმნის მართებულობის საკითხს, პროფესორი რობერტ სპაიცერი, პოლიტიკურ მეცნიერებათა და შეერთებული შტატების კონსტიტუციის ექსპერტი, პრობლემას პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების ბალანსის პრინციპის დარღვევაში ხედავს:

[სპაიცერის ხმა]
“ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ძალიან, ძალიან დიდ ძალაუფლებაზე აცხადებს პრეტენზიას, ბევრად უფრო დიდ ძალაუფლებაზე, ვიდრე მისი წინამორბედები, და არა მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ომის წარმოების კონტექსტში, არამედ სხვა ქმედებებშიც. და კიდევ ერთხელ სასამართლომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვალდებულია დაიცვას ხელისუფლების დანაწილებისა და მის შტოებს შორის ურთიერთდაბალანსების პრინციპი. და ეს გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლოს უფლებას განსაჯოს ესა თუ ის ქმედება, არამედ კონგრესის პასუხისმგებლობასაც შექმნას კანონი, როცა ეს საჭიროა. ასე რომ, სასამართლომ დღეს მტკიცედ დაუჭირა მხარი ამ პრინციპებს.”

მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ბუშის ადმინისტრაციის მიერ საიდუმლო სამხედრო კომისიების შექმნის გზების უკანონობაზე არ გამოიწვევს ტრიბუნალების გაუქმებას ან გუანტანამოს ციხეში მყოფთა გათავისუფლებას, არამედ პრეზიდენტი შეეცდება მის მიერ წამოწყებული პროცესი კანონიერ ჩარჩოებში მოაქციოს, რამაც შეიძლება გუანტანამოში მყოფი არაერთი ეჭვმიტანილის პატიმრობა კიდევ უფრო გაახანგრძლივოს კიდეც.
XS
SM
MD
LG