Accessibility links

logo-print

„გირგვლიანის პროცესზე“ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე დაკითხეს


გრძელდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პოლიციელის საქმის განხილვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში პროცესი 30

ივნისს, დილის ათის ნახევარზე, განახლდა. დაიკითხა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე თაკო მერაბიშვილი და მინისტრის უახლოესი გარემოცვა, რომლებიც 27 იანვარს, მკვლელობის ღამეს, შარდენის ქუჩაზე მდებარე ბარში სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, ვასილ სანოძის, დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. დაზარალებული მხარის დაცვა რიგით მესამე სხდომაზე კიდევ ერთხელ შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ სანდრო გირგვლიანის დასჯა პოლიციელების სუფრაზე დაიგეგმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში 30 ივნისს სასამართლო გამოძიებას ჩვენება მისცეს მოწმეებმა: შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლემ თაკო მერაბიშვილმა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ, მისმა მოადგილემ ოლეგ მელნიკოვმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა ვასილ სანოძემ, სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ და მოწმე ანა კალანდაძემ, რომელიც 27 იანვარს, ანუ მკვლელობის ღამეს, შარდენის ქუჩეზე მდებარე ბარში შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეს ახლდა. მოწმეთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ განსასჯელი გერონტი ალანია ბარში არ გამოჩენილა, მას სუფრასთან მთელი ღამე ელოდნენ. ვასილ სანოძისა და დათა ახალიას ჩვენებები:

[ვასილ სანოძის ხმა] „ალანიასთვის საგანგებოდ არ დამირეკავს, ჩემი დაბადების დღეაო. დათას ვუთხარი, ალანიაც წამოიყვანეო, მაგრამ არ მოსულა. თუმცა სუფრასთან ყოფნის დროს დათას ვახსენებდი, ალანია მოდისო? მეუბნებოდა, რომ მოდისო.“(სტილი დაცულია)

[დათა ახალაიას ხმა] „ალანიასთან რამდენჯერმე დავრეკე იმ საღამოს და საუბარი, ძირითადად, გიას მოსვლას შეეხებოდა - მაინტერესებდა, რატომ აგვიანებდა მოსვლას.“

არადა, დაზარალებულის მხარე მოწმეთა პირველი ჩვენებების საფუძველზე ამტკიცებს, რომ განსასჯელი ალანია დაბადების დღეზე დაპატიჟებული არ ყოფილა. იგი, როგორც ხელქვეითი, ხელმძღვანელებმა გირგვლიანის დასასჯელად იხმეს. დაზარალებულის მხარე ასევე საეჭვოდ მიიჩნევს სიგარეტის მოსატანად ბარიდან ოლეგ მელნიკოვის გასვლას. გარდა იმისა, რომ მცირე დროში ორმა ადამიანმა - თაკო მერაბიშვილმა და გურამ დონაძემ - თითქმის სამი კოლოფი სიგარეტი მოსწია, მელნიკოვს თამბაქოს მოსატანად საეჭვოდ დიდი დრო დასჭირდა. თაკო მერაბიშვილისა და გურამ დონაძის ჩვენებებიდან:

[თაკო მერაბიშვილის ხმა] „ბევრს არ ვეწევი, საერთოდ საშუალოდ ვეწევი. არ მახსოვს იმ დღეს რამდენი მოიწია, მაგრამ 11-დან 2 საათამდე 3 საათია და არა საათ-ნახევარი, როგორც აქ ითქვა. ანუ სამ საათში ნებისმიერს შეეძლო მოეწია ჩემი სიგარეტი, რამდენიც არ უნდა მქონოდა.“(სტილი დაცულია)

[გურამ დონაძის ხმა] „ხან როგორ ვეწევი და ხან როგორ. ადრე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ მელნიკოვი რამდენჯერ გავიდა, არ დამინახავს, მაგრამ ეს სიგარეტი ვინ მოიტანა - მიმტანმა თუ ოლეგ მელნიკოვმა... ახლა მახსენდება, რომ ოლეგ მელნიკოვმა მოიტანა.“ (სტილი დაცულია)

მოწმეთა ჩვენების მიხედვით, ოლეგ მელნიკოვი ბარიდან სიგარეტის მოსატანად გავიდა, რასაც თავადაც ადასტურებს:

[ოლეგ მელნიკოვის ხმა] „დაახლოებით საათ-ნახევარში ქალბატონმა თაკო მერაბიშვილმა მე მთხოვა მომეტანა სიგარეტი. არსად ჰქონდათ „კენტი“, ნომერი პირველი. გამახსენდა, რომ ჭავჭავაძეზე ჰქონდათ. გავედი ჭავჭავაძეზე. დავატრიალეთ მანქანა „ბიგ-ბენ“-თან. დაახლოებით 40 მეტრში არის წითელი ჯიხური, იქ შევიძინე ერთი კოლოფი „კენტი“ და რუსთაველით დავბრუნდი ისევ ბარში. სულ მე დამჭირდა ამაზე 20-25 წუთი.“

დაზარალებული მხარის დაცვა კი ეჭვობს, რომ მელნიკოვი სიგარეტის მოსატანად კი არა, განსასჯელ გერონტი ალანიასთან ერთად სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის დასასჯელად გავიდა. თუმცა 30 ივნისს დაკითხული მოწმეები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ბარში კონფლიქტი არ მომხდარა, რომ მათთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია და რომ ბუხაიძისა და გირგვლიანისთვის იმ ღამით თვალიც კი არ მოუკრავთ.

[გურამ დონაძის ხმა] „ჩვენს სუფრასთან ან სუფრის ირგვლივ არანაირ კონფლიქტს ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.“

[თაკო მერაბიშვილის ხმა] „მე კონფლიქტისთვის თვალი არ მომიკრავს. ასეთი რამ არც თვალით დამინახავს და არც გამიგია. სულ იქ ვიყავი და მსგავსი არაფერი მინახავს.“

[ოლეგ მელნიკოვის ხმა] „ლევან ბუხაიძესა და სანდრო გირგვლიანს მე არ ვიცნობდი. ბარში მე არ დამინახავს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კონფლიქტი არავისთან მოგვსვლია.“

მოწმეთა ჩვენების კომენტირება მე დაზარალებულის, ლევან ბუხაიძის, ადვოკატს ვთხოვე. ლაშა ავალიანის თქმით, განსასჯელთა დაცვას დრო ფუჭად არ დაუკარგავს:

[ლაშა ავალიანის ხმა] „იკვეთება, რომ ძალიან სერიოზულად აქვთ ნამუშევარი, ძალიან სერიოზული სცენარი აქვთ დადგმული. აკეთებენ ასეთ რამეს: სუფრასთან კონფლიქტს გამორიცხავენ, ანუ არავის არაფერი არ დაუნახია, სანდრო გირგვლიანს არავისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა. მათი ჩვენებებიდან ეს იკვეთება ცალსახად. სიგარეტის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გაკეთებული იმიტომ, რომ მელნიკოვს აარიდონ პასუხისმგებლობა. სინამდვილეში, ჩვენი აზრით, ალანიას დაურეკეს, ამ უკანასკნელმა შეასრულა საქმე, მელნიკოვი კი დასახმარებლად წავიდა.“
XS
SM
MD
LG