Accessibility links

logo-print

როგორ იყენებს საქართველო ”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის” წევრობას


უკვე მეექვსე წელია საქართველო ”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის” წევრია. ამჟამად ეს ორგანიზაცია მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებულ 149 ქვეყანას აერთიანებს და

მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების სამართლებრივ თუ სატარიფო საკითხებს აწესრიგებს. ”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში” გაწევრიანების შემდეგ საქართველომ მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უამრავი კანონი მიიღო ან ძველის ცვლილება განახორციელა, მაგრამ ამით სავაჭრო ურთიერთობები დიდად არ გაუმჯობესებულა. როგორ იყენებს საქართველო ”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის” წევრობას?

ბოლო დროს საქართველოში ცხარე კამათია გაჩაღებული საბაჟო ტარიფების შემცირების გამო. ბევრი პოლიტიკოსი თუ ეკონომისტი, მათ შორის, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც ამტკიცებენ, რომ ნულოვანი საბაჟო განაკვეთები ქართულ წარმოებას იმპორტირებული უცხოური დემპინგური პროდუქციისგან ვეღარ დაიცავს.

[ჯემალ ინაიშვილის ხმა] ”ჩვენი მეზობელი ქვეყნები, მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობას, კვების მრეწველობას და გადამამუშავებელ მრეწველობას სერიოზულ დახმარებას და სუბსიდირებას უწევენ. და თავისთავად ჩვენი გლეხი და ჩვენი მეწარმე აღმოჩნდნენ არაკონკურენტულ ვითარებაში.” (სტილი დაცულია)

ეს არის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი. მის მიერ გამოთქმული შეშფოთების გასაღები ”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაშია”, - ამბობენ საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის ანალიტიკური ჯგუფის წევრები. ფედერაციის აღმასრულებელი მდივნის გიორგი ისაკაძის განცხადებით, ანტიდემპინგური კანონმდებლობის შექმნა და ამოქმედება საქართველოს მიერ ”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის” წინაშე ნაკისრი ვალდებულებაა:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”ქვეყანას არა აქვს სტრატეგიული ხედვა, სად შეიძლება ”ვმო” იქნეს გამოყენებული უფრო დადებითად მისთვის. თუ ქვეყანას გადაწყვეტილი აქვს, - და ეს, მართლაც, ასეა, - რომ აგრარული მიმართულება არის სტრატეგიული და ეს ზის მის ჩარჩოებში და ეს პროდუქცია, ადგილობრივი წარმოება უნდა იყოს დაცული, ამისთვის საჭიროა კანონების მიღება - იგივე ანტიდემპინგის - და მთავრობა უნდა მოქმედებდეს აქედან გამომდინარე.”(სტილი დაცულია)

თვალსაჩინოებისთვის ავიღოთ თურქეთში წარმოებული და საქართველოში იმპორტირებული პომიდორი.
მსგავსი საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ ბიზნესმენს თურქეთის მთავრობა ფინანსურად ეხმარება, რაც თურქული პომიდვრის საბაზრო ღირებულებას ამცირებს. ასეთ პირობებში ქართული პომიდვრის წარმოების გადასარჩენად საქართველოს მთავრობამ სპეციალური კანონი უნდა მიიღოს და სხვადასხვა ანტიდემპინგური ღონისძიებები გაატაროს. მაგრამ ხელისუფლებაში თავს არავინ იწუხებს ”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის” მოთხოვნების შესრულებით.

კიდევ ერთ მაგალითად სიგარეტის ბიზნესი გამოდგება. 2005 წლის შემდეგ, რაც ერთ კოლოფ ქართულ სიგარეტზე აქციზური გადასახადი 70 თეთრი გახდა, ხოლო იმპორტირებულზე - 90 თეთრი, მთლიანდ გაჩერდა სიგარეტის ადგილობრივი წარმოება და ლეგალური იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა კონტრაბანდა, ბიუჯეტში შენატანებმა კი ოდნავ გადააჭარბა 2004 წლის მაჩვენებელს. არც სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა მისი გაძვირებით. პირიქით, ის თითქმის 8 პროცენტით გაიზარდა.

ახლა საქართველოს ხელისუფლებაში თამბაქოს წარმოების 60 პროცენტით დაბეგვრის კანოპროექტზე მუშაობენ, მაშინ როდესაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია სიგარეტის მხოლოდ 40 პროცენტით დაბეგვრას მოითხოვს.

არის სხვა უამრავი მაგალითი, რომლებიც საქართველოს წევრობას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ფიქტიურ ქორწინებას ამსგავსებს.

[დენ ბერკშაიას ხმა] ”ვალდებულებებს რაც შეეხება, თითქმის ყველა მათგანი შესრულებულია. პრობლემა წააგავს ქორწინების დროს აღებულ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაში პარტნიორი არ აქტიურობს. გამოდის, რომ ის ცუდი პარტნიორია.”

ეს არის დენ ბერკშაია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელი. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ და ბიზნესსექტორმა ყურადღება უფრო მეტად უნდა გაამახვილოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაზე, რადგან მის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სამომავლო პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის.
XS
SM
MD
LG