Accessibility links

ტელეკომპანია ”თრიალეთის” ყოფილი და ამჟამინდელი კორესპონდენტების დაპირისპირება მძაფრდება


აწ უკვე ყოფილი დეპუტატი ბადრი ნანეტაშვილი ძველ სამსახურს, ტელეკომპანია ”თრიალეთს”, დაუბრუნდა. თუმცა, როგორც მანდატჩამორთმეული უმრავლესობის

ყოფილი წევრი ამბობს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ტელეკომპანია ხელში ჩაიგდოს და რეგიონში თავისუფალ სიტყვას დაუპირისპირდეს. ნანეტაშვილი საუბრობს მორალურ ზეწოლაზეც, რომელიც მასზე და მის თანამშრომელზე მობილური ტელეფონის საშუალებით ხორციელდება. ამოკრებილი მოკლე ტექსტური შეტყობინებებიდან ზოგიერთი იმდენად უწმაწური და უხამსია, რომ ნანეტაშვილმა მისი წერილობითი სახით გავრცელება ამჯობინა. შეტყობინებათა ავტორებს, ”თრიალეთის” ყოფილ თანამშრომლებს, ახსნა-განმარტებების მიცემა სასამართლოსთვის მოუწევთ. თუმცა, თავის მხრივ, ისინიც აპირებენ ჩივილს. რა ხდება დაპირისპირებულ მხარეებს შორის?

ტელეკომპანია ”თრიალეთის” კორესპონდენტების მიერ შექმნილ ფილმში 20 ფაქტია თავმოყრილი. ავტორების თქმით, სწორედ მათ გაშუქებას მოჰყვა დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილის შევიწროება, მისთვის ტელეკომპანიის მართვის პროცესში ჩარევის დაბრალება და დეპუტატის მანდატის ჩამორთმევა:

(სოფიკო რეზრიჩენკოს ხმა) ”ეს ფაქტები უკავშირდება უშუალოდ პოლიციის და ხელისუფლების უკანონობას, რომელიც ექსკლუზიურად გავიდა ჩვენს ეთერში. ეს არის ფაქტი, როდესაც ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ საგუშაგოებზე, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ხდება ქრთამის სახით პოლიციელების მხრიდან თანხის აღება... ეს არის ფაქტი, როდესაც მოხდა თინიკო ვაჩაძეზე, გაზეთის რედაქტორზე, სექსუალური ძალადობა, ჩვენ გავახმაურეთ და ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლა... ეს არის ფაქტი, როდესაც არასრულწლოვანი მოწმე გაიტაცეს პოლიციელებმა და პროკურატურამ და უთხრეს, რომ შენ უნდა ჩაუშვა (მაპატიეთ ამ სიტყვაზე, მაგრამ ასეა), ამოიცნო 10 ადამიანი, რომლებსაც ვერ ვუმტკიცებთ, რომ ისინი არიან და, აქედან გამომდინარე, დანაშაულს ვერ ვხსნით. ეს გოგო ალაპარაკდა, ”თრიალეთს” მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ.” (სტილი დაცულია)

ფილმში წარმოდგენილ ზოგიერთ ფაქტზე ტელეკომპანია ”თრიალეთის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი სოფიკო რეზრიჩენკო საუბრობდა. ვიდრე ფილმს 30 ივნისს თბილისში, ჟურნალისტთა სახლში, მე-3 სექტორის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე აჩვენებდნენ, ის 29 ივნისის საღამოს ტელეკომპანია ”თრიალეთის” ეთერითაც გავიდა, რის შემდეგაც სოფიკო რეზრიჩენკოსა და ბადრი ნანეტაშვილის მობილურ ტელეფონებზე, როგორც თავად ისინი ამბობენ, ლანძღვა-გინების შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები მივიდა. ადრესატებს არ გაჰკვირვებიათ, რადგანაც მათ უხამსი და უწმაწური სიტყვები ”ესემეს”-ების სახით მანამდეც არაერთხელ მიუღიათ:

(ბადრი ნანეტაშვილის ხმა) ”მე და რეზრიჩენკოს... ჩვენს ტელეფონებზე მოდის უამრავი მესიჯი, შეურაცხმყოფელი და ძალიან ცუდი სიტყვებით და ძალიან სალანძღავი სიტყვებით. ნომერი ფიქსირდება, არა მალავენ, ამბობენ, თვითონვე წერენ - მე ვარ ესა და ეს: საბა წიწიკაშვილი, თამარ ხიდაშელი, ეთერ სადაღაშვილი (პოლიციის პრესცენტრის ყოფილი უფროსი) და ქეთინო ახალბედაშვილი.” (სტილი დაცულია)

ბადრი ნანეტაშვილის მიერ დასახელებული პირები ”თრიალეთის” ყოფილი თანამშრომლები არიან. საბა წიწიკაშვილი, რომელსაც ჩვენ გორში დავუკავშირდით, არ უარყოფს, რომ ნანეტაშვილს ის მოკლე ტექსტური შეტყობინებებს მართლაც უგზავნიდა, მათ შორის ასეთსაც:

( ჩემი სატელეფონო საუბარი საბა წიწიკაშვილთან) ”27 ივნისის, ”ალარჯი ბალარჯი” - ასე იწყება, მესამე სიტყვაა ”მამაშენს” და შემდეგ - თავად გარითმეთ... თქვენია? / ეს ნამდვილად ჩემია იმიტომ, რომ ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მოაყენა ჩემს ოჯახს, დეპუტატმა ნანეტაშვილმა. ეს იყო პარლამენტის ფოიეში. ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა, პირადად მიაყენა გარდაცვლილ მამაჩემს, რომელიც არ იცოდა, რომ გარდაცვლილი იყო. ეს იყო ნამდვილად პასუხი და ამას ვადასტურებ, ღიად ვადასტურებ.” (სტილი დაცულია)

საბა წიწიკაშვილი მზად არის, ახსნა-განმარტებები სასამართლოსაც მისცეს, მით უმეტეს, რომ ეს ნამდვილად მოუწევს მასაც და სმს-ების სხვა ავტორებსაც. აქვე ვიტყვი, რომ ნანეტაშვილი და რეზრიჩენკო მორალური ზეწოლისთვის ჩივილსა და საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებენ. თავის მხრივ, ჩივილს აპირებენ ”თრიალეთის” ყოფილი თანამშრომლები, თუმცა მანამდე, როგორც წიწიკაშვილი ამბობს, ისინი სპეციალური განცხადებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას მიმართავენ და ”თრიალეთისთვის” სიხშირის ჩამორთმევის საკითხის გადახედვას სთხოვენ. განცხადების ტექსტი დამუშავების პროცესშია:

(საბა წიწიკაშვილის ხმა) ”ტელეკომპანიის ეთერით, თითქმის ერთი თვეა, ჩვენს მიმართ, ჟურნალისტების მიმართ, გადის შეურაცხმყოფელი სიტყვები, შეურაცხმყოფელი სიუეტები. მარეგულირებელ კომისიას აქვს უფლება განიხილოს ”თრიალეთის” სიხშირის საკითხი. თუ ტელეკომპანია არღვევს ეთიკურ ნორმებს, მაშინ საჭიროა განიხილონ ამ სიხშირის გაგრძელების საკითხი და ჩვენ ამ კანონს გამოვიყენებთ. გარდა ამისა, სარჩელი მზადდება, რომ სასამართლოში წარვადგინოთ ამ მორალური შეურაცხყოფისთვის, რა სიუჟეტებიც გავიდა. ერთ-ერთი ვიდეომასალა გვაქვს ჩვენ.” (სტილი დაცულია)

ბადრი ნანეტაშვილი მიიჩნევს, რომ ”თრიალეთის” სიხშირის საკითხის გადახედვაც ხელისუფლების დაკვეთაა. მას არ გაუკვირდება, თუკი თვითმმართველობის არჩევნების წინ სამართლიანობით ცნობილ მის ტელეკომპანიას სიხშირეს მართლაც ჩამოართმევენ.
XS
SM
MD
LG