Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტები ურჩევენ მთავრობას, პრივატიზაციიდან მიღებული დამატებითი შემოსავალი გძელვადიან პროექტებს მოახმაროს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქონების განკერძოებით სახელმწიფო დაგეგმილზე მეტ თანხებს მიიღებს. წლის დასაწყისში ეკონომიკური განვითარების სამინისტრო პრივატიზაციიდან 333 მლნ აშშ დოლარის შემოსავლებს ელოდა,

თუმცა, ეს საპროგნოზო მაჩვენებელი რამდენიმე კვირის წინ მხოლოდ ენერგობიექტების გაყიდვიდან შემოვიდა. მთლიანობაში 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პრივატიზაციიდან დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს მიიღებს.

გეგმიურზე მაღალი შემოსავლები, წესით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა დიდძალ შემოსავლებს, არაეფექტური ხარჯვის შემთხვევაში, დიდი პრობლემებიც მოჰყვება ხოლმე. მაშინ, როცა ხელისუფლებას უამრავი სოციალური თუ სხვა ტიპის ვალდებულება აქვს გასასტუმრებელი, ძნელია გაუძლო ცდუნებას და ნამატი თანხები ამ მიმართულებით არ დახარჯო.

არაგეგმიურ ხარჯვას ხშირ შემთხვევაში სერიოზული უკუეფექტის მოტანა შეუძლია. ამიტომ, როგორც წესი, გონიერი მთვარობა ცდილობს, დაუგეგმავი შემოსავლები გრძელვადიანი პროექტების დასაფინანსებლად წარმართოს, რათა შიდა ბაზარზე დაწოლა ნაკლები იყოს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც მეტი მოგების შესაძლებლობა გაჩნდეს. სწორედ ამას ურჩევენ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები ხელისუფლებას. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ უპრიანი იქნებოდა დამატებითი თანხებით ერთგვარი სარეზერვო ფონდი შექმნილიყო, რომელიც უცხოური სოლიდური საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების მომგებიან აქტივებში დაბანდდებოდა, ან გამოიყენებოდა სხვადასხვა საგარეო ეკონომიკური შოკების, მაგალითად ბუნებრივი აირის გაძვირების ან მსგავსი უსიამოვნო სიურპრიზების გასანეიტრალებლად.

ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის ბალანსში 70 პროცენტი იმპორტის სასარგებლოდ არის, ზეგეგმიური შემოსავლების პირდაპირ სამომხმარებლო მიზნებით ხარჯვა ისევ იმპორტს დააფინანსებს და ფული ქვეყნის გარეთ დასაქონლდება.

[ირაკლი ლექვინაძის ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ ასეთი თანხები უნდა იხარჯებოდეს ისეთი ხარჯების და პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში კვლავწარმოებითია და გარკვეული უკუგების მოტანა ფინანსური თვალსაზრისით შეუძლია. სწორედ ასეთ შემთხვევაში გვექნება ჩვენ გრძელვადიან დაგეგმვასა და გრძელვადიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაგრძელეთ ძველი ტრადიცია - შემოსავლები შემოვა, მოიხმარება და როცა მოხმარებაზე იხარჯება, ეს შემოსავლები ისევ ქვეყნის გარეთ გადის”.

ლექვინაძე ურჩევს მთავრობას, პრივატიზებიდან შემოსული თანხები გრძელვადიან საინვესტიციო პროექტებში დააბანდოს, რათა შეიქმნას ადგილობრივი კონკურენტუნარიანი პროდუქცია, გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები, დამატებითი შემოსავლები და საბოლოოდ გაიზარდოს მოსახლეობის გადახდისუნარიანობა.

[ირაკლი ლექვინაძის ხმა] ”პროექტები, რომლებიც დაფინანსდება გაზრდილი შემოსავლებით ისეთი კვლავწარმოებითი, ისეთი ღირებულებების შემქნელი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილზე შეუწყობს ხელს კვლავწარმოებითი პროცესების განვითარებას, დასაქმებას ადამიანების, რომლებიც აქ მიიღებენ ხელფასს ადგილზე შექმნილი პროდუქციით”.

მოკლედ, ქვეყანას სახელმწიფო ქონების განკერძოებით დამატებითი შემოსავალი უკვე გაუჩნდა. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის გასარკვევი გაიზიარებს თუ არა მთავრობა ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების რჩევას.
XS
SM
MD
LG