Accessibility links

logo-print

”ჰუმან რაიტს ვოჩი” ჯორჯ ბუშს მოწოდებით მიმართავს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით


საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სისხლის სამართლის დაშაულის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტის, სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს.

ეს პროცესი ერთგვარი ლაკმუსის ტესტია, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის, ასევე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზებნაესობის ხარისხის დასადგენად.

აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს სწორედ ამ საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდებს ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანზაცია ”ჰუმან რაიტს ვოჩი”, როდესაც ბუში საქართველოს პრეზიდნეტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტად 3 ივლისს გაემგზავრება. ვაშინგტონში ვიზიტი ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიწვევით ხორციელდება. მათი შეხვედრა თეთრ სახლში 5 ივლისს გაიმართება. სავარაუდოდ, განიხილება საქართველოში კონფლიქტების მოგვარების, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემატური საკითხები, თანამშრომლობა ენერგოუსაფრთხოების სფეროში, ასევე საქართველოში დემოკრატიის განვითარების პერსპექტივები.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ "საქართველო არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა კავკასიაში და ღირებული პარტნიორი ტერორიზმთან ბრძოლაში, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს წვლილი ერაყში".

მსოფლიოში ავტორიტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია ”ჰიუმან რაიტს ვოჩი” კი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს მოუწოდებს, საკაშვილთან შეხვედრისას საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხები წამოჭრას.

უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ”ჰუმან რაიტს ვოჩი” მსგავს განცხადებებს აკეთებს ხოლმე რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტის დროს. ნანუაშვილი დარწმუნებულია რომ ბუში გაითვალისწინებს ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

[უჩა ნანუაშვილის ხმა] ”ამ პრობლემების და ამ საკითხების გაუთვალისწინებლობამ შეიძლება შექმნას საქართველოში იმ ფერადი რევოლუციების კრახის სურათი და დაანახოს მსოფლიო საზოგადოებრიობას რომ ფერად რევოლუციებს არ მივყავართ დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე და ადამიანის უფლებათა დაცვამდე. და მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ბუში ამას გაითვალისწინებს და ექნება საუბარი პრეზიდენტ სააკაშვილთან სწორედ ამ საკითხებზე.”

ასეთივე იმედს გამოთქვამს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლიდერი ანა დოლიძეც, რომლიც ორგანიზაცია ”ჰუმან რაიტს ვოჩთან” აქტიურად თანამშრომლობდა ანგარიშის მომზადებისას.

ის, რაც ამ ანგარიშში ადამიანის უფლებათა დარღვევად, პოლიციის მიერ ძალის გადამეტებად და სასამართლოზე ზეწოლის მაგალითებად არის მოყვანილი, ამ დღეებში ნაწილობრივ სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესის მსვლელობისას გამოჩნდა. უფლებადამცველ ირაკლი კაკაბაძეს და მის კიდევ 3 თანამოაზრეს, რომლებიც აქტიურ პროტესტს გამოთქვამდნენ სასამართლოს შენობაში პოლიციის წარმომადგენელთა უკანონო ქმედებების გამო, 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯს. კაკაბაძე ახლა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ხოლო 30 ივნისს სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ბრალდებული მაღალჩინოსანი პოლიციელების დაცვის წევრებს შორის დაწყებული შეხლა-შემოხლისას დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ თავის დაზიანება მიიღო.
XS
SM
MD
LG