Accessibility links

logo-print

2 ივლისს მოსკოვში საზეიმოდ დაიხურა საერთაშორისო კინოფესტივალი


2 ივლისს მოსკოვში საზეიმოდ დაიხურა საერთაშორისო კინოფესტივალი,

რომელიც წელს უკვე 28-ედ ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც პირველი კატეგორიის ფესტივალად ითვლება, მოსკოვის კინოფორუმის ავტორიტეტი მაინც ყოველწლიურად ეცემა. ცნობილი რეჟისორები იშვიათად თანხმდებიან ფესტივალის კონკურსში მონაწილეობაზე. მოსკოვის კინოფორუმის კონკურსი არც ქართველებს იზიდავთ, თუმცა კონკურსგარეშე პროგრამებში ჩვენი კინემატოგრაფისტების ნამუშევრები სისტემატიურადაა წარმოდგენილი. მინდა მოგითხროთ იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა მოსკოვის 28-ე კინოფესტივალი.

“ასეთი საქციელით თქვენ შეურაცხყავით არა მარტო მოსკოვის კინოფესტივალი, არამედ მთელი ჩვენი ქვეყანა და ის კინემატოგრაფისტები, რომლებიც თავიანთ ფილმებს აჩვენებენ მოსკოვში. ესაა უპრეცედენტო ფაქტი მოსკოვის კინოფესტივალის ორმოცდარვაწლიან ისტორიაში.”

ესაა ფრაგმენტი ღია წერილიდან, რომელიც მოსკოვის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა მიხაელ ხანეკეს გაუგზავნეს. ქართველ კინომოყვარულებს შორის ძალზე პოპულარული “პიანისტი ქალისა” და “მხიარული თამაშების” ავტორი, საფრანგეთში მოღვაწე ავსტრიელი რეჟისორი მიხაელ ხანეკე მოსკოვის 48-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფესტივალის გახსნამდე ორი კვირით ადრე მოსკოვის კინოფორუმის დირექციამ მიიღო წერილი, რომელშიც ხანეკემ მოუცლელობა მოიმიზეზა და უარი განაცხადა მოსკოვში ჩასვლაზე.

მოსკოვის კინოფესტივალის ისტორიას ამაზე “უპრეცედენტო ფაქტებიც” ახსოვს - მაგალითად, სკანდალი, რომელიც ფედერიკო ფელინის “რვა-ნახევრის” პრემიერამ გამოიწვია, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა ფილმის მსვლელობის დროს ხვრინვა ამოუშვა, მერე კი განაცხადა, “ეს რა იდიოტობა ნახა ჩემმა თვალებმაო”.. მიუხედავად ამისა, ჟიური არ დაემორჩილა კრემლის მითითებას და ფელინი ფესტივალის მთავარი პრიზით დააჯილდოვა. საბჭოთა ეპოქაში მოსკოვის კინოფორუმზე ბეჭდავდნენ ფილმების ასლებს და კრემლში პოლიტბიუროს წევრებს უჩვენებდნენ. გასული საუკუნის 80-იან წლებში ფესტივალს კინაღამ ჩამოართვეს “ა” კლასის კინოფორუმის სტატუსი, მაგრამ მოსკოვის ფესტივალი საბჭოთა კავშირის დაშლამ გადაარჩინა. 90-იან წლებში დასავლეთს ისევ გაუჩნდა ინტერესი ფესტივალისადმი, სადაც სხვადასხვა დროს გადაღებულ და თაროებიდან ჩამოღებულ საბჭოთა ფილმებს აჩვენებდნენ.

ბოლოს და ბოლოს, ასეთი ფილმების რაოდენობა ამოიწურა და მოსკოვის კინოფორუმი, რომელსაც რამდენიმე წელია ნიკიტა მიხალკოვი ხელმძღვანელობს, იძულებული გახდა მხოლოდ “ახალი რუსული კინემატოგრაფით” და მხატვრული თვალსაზრისით არცთუ ისე მაღალი დონის უცხოური ფილმებით მოეწონებინა თავი. ავსტრიელი რეჟისორი მიხაელ ხანეკე, შესაძლებელია, ჯერ მოსკოვის კინოფესტივალის ისტორიამ მოხიბლა, მერე კი დაინტერესდა კინოფორუმით, რომლის ჟიურის თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო – მერე კი რაღაცები შეიტყო და ამერიკაში გამგზავრება მოიმიზეზა. რადიო “თავისუფლება” დაუკავშირდა ჩვენს მოსკოველ თანამემამულეს, კინორეჟისორსა და კინოკრიტიკოსს, თამარ დულარიძეს, რომელმაც აი, ასეთი კომენტარი გაუკეთა 48-ე ფესტივალის სკანდალს:

[თამარ დულარიძის ხმა] “გამოაცხადეს, რომ ეს სახეში შეფურთხება იყო... რატომ, თუკი ადამიანს გზები გაეხსნა და ბოდიში მოიხადა, რა არის ამაში საშინელი? ნაწილობრივ არის, ალბათ, რადგან მაინც “ა” კლასის ფესტივალია, ისედაც პატარა ჟიურია მოსკოვის კინოფესტივალზე ამ ბოლო წლებში – 5 ადამიანი რა ჟიურია? დაიწყეს ფათიფუთი, გამოაცხადეს პიტერ გრინუეი, ჩვენი კინოს ყველაზე დიდი მოყვარული და მეგობარი, მაგრამ გრინუეიმაც ცივი უარი დაურტყა.”(სტილი დაცულია)

თამარ დულარიძე აღნიშნავს, რომ მოსკოვის კინოფესტივალის დონე ვერ ასწია ვერც რუსეთის ხელისუფლების დახმარებამ (ნიკიტა მიხალკოვი ვლადიმირ პუტინს თავის ახლობლად მიიჩნევს), ვერც საფესტივალო ცენტრის გახსნამ კინოთეატრ “ოკტიაბრში”.. მოსკოვის კინოფორუმზე არც ვარსკვლავები ჩამოდიან და, ქალბატონ თამარის თქმით, უსაშველოდ სუსტია ფესტივალის საკონკურსო პროგრამა. მიუხედავად ამისა, კინოფორუმზე ნაჩვენები ფილმების უმრავლესობას ხალხით სავსე დარბაზებში უჩვენებენ. საინტერესოა, რომ…სხვა დიდი ფესტივალებისგან განსხვავებით, მოსკოვში არასაკონკურსო პროგრამა უფრო ფასობს. სწორედ ამ პროგრამებში იყო წელს ჩართული ქართველი კინემატოგრაფისტების ფილმები: პროგრამაში “ოტტეპელი” – რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის “მაგდანას ლურჯა”, პროგრამაში “რუსული კინო” – კახა კიკაბიძის ფსიქოლოგიური დრამა “მეშვიდე დღე”.. ჩვენთან საუბარში თამარ დულარიძე განსაკუთრებით გამოყოფს რუსულ-ბრაზილიურ ფილმს “თევზის სიზმარი”, რომლის რეჟისორია კირილ მიხალოვსკი, პროდიუსერი კი - იაკობ მიჰელსონ-შამელაშვილი. პრესკონფერენციაზე დებიუტანტმა პროდიუსერმა, თურმე, განაცხადა, რომ ბრაზილიაში დღეს ბევრს ახსოვს ქართული კინოს წარმატებები:

[თამარ დულარიძის ხმა] “აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის არის ქართული კინო; იმედი აქვს, რომ მისი ეს ფილმი ჩამოჰგავს ქართულ ფილმებს...
ზღვისპირა სოფელია ბრაზილიაში, სადაც კულტურული და სულიერი ცხოვრების მთავარი ცენტრი არის ის სახლი, სადაც არის ტელევიზორი.”

მოსკოვის წლევანდელ კინოფესტივალზე დიდი წარმატება ჰქონდათ საფრანგეთში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებსაც – გელა ბაბლუანის ფილმი “13” პირველად უჩვენეს რუსეთში (პოპულარულ რუსულ კინოსაიტზე “კინო რუ” ერთი მოსკოველი კინომოყვარული წერს: “სრულიად განსაცვიფრებელი ფილმია. როგორ შეიძლებოდა ასეთი შედევრის მხოლოდ ერთხელ ჩვენება”)… მოსკოვური პრემიერა კი ნინო კირთაძის სურათისა “გველეშაპი კავკასიის ანკარა წყლებში”, რომლის მოქმედება, როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ბორჯომის ხეობაში ხდება, სიმბოლურზე სიმბოლური აღმოჩნდა. რუსეთში “ბორჯომი” აკრძალეს. ნინო კირთაძის ფილმში ბორჯომის ხეობის მოსახლეობა თავის ანკარა წყალს “გველეშაპისგან”, ანუ ნავთობსადენისგან, იცავს. ნინო კირთაძეს მოსკოვში დავუკავშირდით და ვკითხეთ, იყო თუ არა ამის შესახებ საუბარი მოსკოვის კინოფესტივალზე.

[ნინო კირთაძის ხმა] “არა, სხვათა შორის. რაც შეეხება ფესტივალს და ჩემს აქ ყოფნას, საერთოდ არ არის ამაზე გამახვილებული ყურადღება. პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ “ბორჯომი” აკრძალულია – რესტორანში მოვითხოვეთ და გვითხრეს, აკრძალულიაო. არადა, ამ ფილმში ხომ “ბორჯომსა” და ბუნებაზეა სწორედ ლაპარაკი.” (სტილი დაცულია)

რუსი კრიტიკოსები დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ ნინო კირთაძის ფილმის პრემიერას. “გველეშაპი კავკასიის ანკარა წყლებში” ერთადერთი დოკუმენტური ფილმია, რომელიც კინოთეატრ “ოკტიაბრის” ხალხით სავსე დარბაზში უჩვენეს. ჩვენთან საუბარში ავტორი აღნიშნავს, რომ ასეთმა წარმატებამ გააკვირვა კიდეც:

[ნინო კირთაძის ხმა] “ძალიან კარგი იყო – მივეცი ინტერვიუები “ენტევეს”, “კანალ კულტურას”. საერთოდ, ბილეთები გაყიდული იყო და ამიტომ მეგობრების დაპატიჟებაც ვერ შევძელი. ფესტივალის ორგანიზატორებმა მითხრეს, 25 წელია არ გვქონია დოკუმენტური ფილმების ჩვენებები და თქვენი ფილმის ჩვენება გარკვეული ექსპერიმენტი იყოო. ვგიკის პედაგოგებმა მთხოვეს ფილმი, რათა თავისი სტუდენტებისთვის ეჩვენებინათ. ნიკიტა მიხალკოვი, საერთოდ, გასასვლელში დაჯდა და ისე უყურა.”

ნიკიტა მიხალკოვი გასასვლელში უყურებდა ფილმებს. მოსკოვის კინოფესტივალი ნელ-ნელა ცდილობს დაიმკვიდროს “დემოკრატიული კინოფორუმის” იმიჯი. თუმცა ამისათვის, პირველ რიგში, ავტორიტეტის დაბრუნებაა საჭირო.
XS
SM
MD
LG