Accessibility links

logo-print

აბორტი – მენტალიტეტის პრობლემა


აფთიაქში გაწითლებული, შერცხვენილი ადამიანი ჩურჩულით

თხოულობს პრეზერვატივს – ეს ტიპიური საბჭოთა მოვლენაა, საბჭოთა სახე, რომელსაც, როგორც ჩანს, ვერც კომუნიზმის დანგრევა შველის. ყოფილ საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოშიც, “სუსტი სქესის” პაციენტი გაკვირვებას და გაღიზიანებას ვერ მალავს, როცა, მაგალითად, ექიმი “ორალურ კონტრაცეპტივებზე” იწყებს საუბარს. საბჭოთა ქალები ჯერ დაარწმუნეს, რომ აბორტი ნორმალური მოვლენაა, მერე, ზუსტად 70 წლის წინ, აკრძალეს, მერე კი ისევ დაუშვეს... საბჭოთა კავშირის დანგრევამდე გაურკვეველი დარჩა კომუნისტური იდეოლოგიის დამოკიდებულება აბორტების მიმართ. ექიმები და ქალთა უფლებების დამცველები ამტკიცებენ, რომ აბორტი, პირველ რიგში, კულტურის, მენტალიტეტის პრობლემაა.

[“უბრალო ქალის სიტყვა”, 1936 წელი]

ვფიქრობთ, ამ ტექსტს თარგმნა არ სჭირდება. ინტონაციითაც გასაგებია, რომ “უბრალო საბჭოთა ქალი” ამ ჩანაწერში სტალინსა და ეჟოვს ადიდებს და “ხალხის მტრებს” ლანძღავს. ამ მშრომელ ქალბატონს ხელისუფლებამ 1936 წლის 27 ივნისს დაუთმო ტრიბუნა, 70 წლის წინ, როცა საბჭოთა კავშირში ოფიციალურად აიკრძალა აბორტები. ამ არაპოპულარული კანონით ხალხს უთხრეს, რომ საბჭოთა ოჯახებში “სტახანოვურად” უნდა “აკეთონ” მუშები და ჯარისკაცები, პარტიული მუშაკები და პარტიული ინტელიგენცია.

დიახ, ქვეყანაში აშკარა იყო დემოგრაფიული კრიზისი. შიმშილმა, რომელსაც კატასტროფული მასშტაბები ჰქონდა 30-იანი წლების დასაწყისში, მნიშვნელოვნად იმოქმედა მოსახლეობის მატებაზე. გარდა ამისა, ქვეყანაში ტერორი დაიწყო – ასიათასობით ადამიანი დახვრიტეს და გადაასახლეს. სტალინს საბჭოთა ადამიანის “გამრავლება” სჭირდებოდა... ქვეყნის, პარტიის და ხალხის ინტერესებისთვის. ჩვენი თანამოსაუბრე, დემოგრაფი და ექიმი ირინე ბადურაშვილი აღნიშნავს, რომ აბორტების აკრძალვამ შედეგი ვერ გამოიღო... პირიქით, ქვეყანაში ქალის სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა:

[ირინე ბადურაშვილის ხმა]“ხდებოდა იდეის ფეტიშირება, საზოგადოებრივი ინტერესების იდეის ფეტიშირება... გლობალური პრობლემაა, რომელიც დღემდე დგას – ინდივიდუმის თუ საზოგადოების ინტერესებია უფრო წინ. ზოგადად საზოგადოება მიდის ინდივიდისკენ და ეს აღარ არის სალანძღავი სიტყვა, ჩვენთვის ეს ახალია... ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ხდებოდა იმის ფეტიშირება, რომ საზოგადოების ინტერესები დგას უფრო მაღლა, ვიდრე ინდივიდის ინტერესები.”

70 წლის წინ მიღებულ კანონს, აბორტების აკრძალვას, ირინე ბადურაშვილი მხოლოდ დემოგრაფიული პრობლემით არ ხსნის. ნებისმიერი ტოტალიტარული ხელისუფლება ცდილობს ღიად ჩაერიოს ოჯახურ სივრცეში. ესაა თავისებური “კულტურული ვუიარიზმი”, თვალთვალის ვნება, რომელიც არსებობს ყველგან, სადაც ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარგვის ეშინია:

[ირინე ბადურაშვილის ხმა] “თითქმის ევროპის ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში წერია, რომ შვილის გაჩენა-არგაჩენა არის მხოლოდ წყვილის გადასაწყვეტი და სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში; წყვილმა უნდა გადაწყვიტოს, უნდათ თუ არა მათ შვილის გაჩენა; საკითხი, თუ როგორ დაიზღვევენ ისინი თავს, უკვე მეორე საკითხია – მედიკოსების, ფსიქოლოგების. არსებობს რაღაც ზღვარი, რაშიც შეიძლება ჩაერიოს სახელმწიფო და რაშიც არ შეიძლება.. ”

ქართველი დემოგრაფის აზრით, მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აბორტების აკრძალვა ან მათი დაშვება დემოგრაფიულ პრობლემას მაინც ვერ წყვეტს. აკრძალვის შემთხვევაში ქალები მაინც ახერხებენ აბორტის გაკეთებას... აბორტის “დაშვება” კი სერიოზულად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში:

[ირინე ბადურაშვილის ხმა]“რუმინეთი... აქ იყო აბორტების და კონტრაცეპციის ამკრძალავი პოლიტიკა. აბორტები მხოლოდ ათი წლის განმავლობაში, 66 წლამდე, იყო დაშვებული. ამავე დროს, რუმინეთი მაშინ დაინტერესებული იყო შობადობის კლებით, რადგან მოსახლეობა მაღალი ტემპებით იზრდებოდა... მეორეა საბჭოთა კავშირი - იქ აკრძალვა გაგრძელდა მხოლოდ 55 წლამდე...აბორტები თავისუფალი იყო... ეს გახდა საბაბი შობადობის კლების.”

ჩვენი თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ დღევანდელი გადასახედიდან, ცხადია, ადვილია მსჯელობა 1936 წელს მიღებულ კანონზე და ამ კანონის გაუქმების მოტივებზეც. დღევანდელ სიტუაციაში ქალებს არსებითად აღარც უნდა ჰქონდეთ არჩევანის პრობლემა, როცა შვილის შენარჩუნებასა ან თავის დაცვაზეა საუბარი. ასეა თუ ისე, საზოგადოება ვითარდება და კონტრაცეპციაზე საუბარი დღეს აბსოლუტურად ღიად შეიძლება. მაგრამ ეს დისკუსია ხომ მაინც გრძელდება. გრძელდება, მაგალითად, შეერთებულ შტატებში... შევახსენეთ ჩვენ ირინე ბადურაშვილს.

[ირინე ბადურაშვილის ხმა]“მთელ ამ რეპროდუქციულ ჯანმრთელობის პროგრამებზე რა თანხებიც მოდიოდა, ძირითადი წილი ამერიკაში ჰქონდა. ეს პოლიტიკა ორი ნაწილისგან შედგება. ადამიანის სქესობრივი უფლებები და მათი დაცვა... მეორე ნაწილი, რეპროდუქციული მომსახურება. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მეორე ნაწილში შედის აბორტები, ამერიკამ შეწყვიტა ამ პროგრამის დაფინანსება... ამ შემთხვევაში კათოლიკურმა რელიგიამ აჯობა ყველას, ბუშმა შეცვალა რეალურად რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა მთელ მსოფლიოში... ძველ მორალურ ფორმებთან დაბრუნება ამერიკაში მოდაშია... ლაპარაკია სექსუალურ თავშეკავებაზე ქორწინებამდე, რაც ევროპაში სერიოზულად არ განიხილება.”(სტილი დაცულია)

არც საქართველოში განიხილება სერიოზულად. თუმცა არა იმდენად “ღიად”, – პრესაში, ტელევიზიით, - რამდენადაც უფრო “შინაურ საუბრებში”. ქართველი დემოგრაფები, ქალთა უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ აბორტის პრობლემა აქტუალური მაშინ არ იქნება, როცა საზოგადოება ორმაგი მორალით ცხოვრებაზე უარს იტყვის. 70 წლის წინ, როცა სტალინის ხელისუფლებამ აბორტები აკრძალა, ეს ორმაგი მორალი აშკარად არსებობდა: ხალხს ხვრეტდნენ, ბავშვებს დედებს ართმევდნენ, ხელისუფლება კი ამტკიცებდა, აბორტი – მკვლელობააო.

[ირინე ბადურაშვილის ხმა] ... “მთავარი ისაა, რომ აბორტების აკრძალვით ჩვენ სიტუაციას ვერ შევცვლით - სიტუაციის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მენტალიტეტის შეცვლით. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული ერი ვართ, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში ხალხი აბსოლუტურად ტოლერანტულია აბორტებისადმი, რადგანაც ჩვენ ვართ...ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა...”

ჩვენ ვართ ყოფილი საბჭოთა ქვეყანა. თუმცა ადამიანი, რომელიც დღეს უნდა დაიბადოს, ახალ სივრცეში, ახალ ქვეყანაში ჩნდება. ახალი თაობა მეტ-ნაკლებად თავისუფლდება საბჭოთა მენტალიტეტისგან, მაგრამ აქ ერთვება ახალი მუხრუჭი – პატრიარქალური მენტალიტეტი, ზოგადად ქალის მიმართ დამოკიდებულება, რომელსაც ქალთა უფლებების დამცველი, ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი აბორტის პრობლემას უკავშირებს:

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა]“ორი ძირითადი პოზიცია არსებობს აბორტთან დაკავშირებით: ერთი, რომელსაც ჰქვია”არჩევანის სასარგებლოდ” და მეორე, რომელსაც ჰქვია “სიცოცხლის სასარგებლოდ”. მსოფლმხედველობების ეს დაყოფა ასახავს რეალობას, მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ ქალს ეუბნებიან, თუ შენ გაქვს არჩევანი, ე.ი. კლავ და თუკი შენ არ კლავ, შენ არა გაქვს არჩევანი, ანუ პოლარიზებულია... მაშინ როცა უნდა მოხდეს ამ ორი პოზიციის დაახლოება და ქალმა უნდა აირჩიოს სიცოცხლე.”(სტილი დაცულია)

[საბჭოთა ქალის სიტყვა, გაგრძელება]

70 წლის წინ, როცა საბჭოთა კავშირში აბორტები აიკრძალა, ასეთ არჩევანზე ლაპარაკიც კი წარმოუდგენელი იყო. აი, ამ ქალბატონს, ასეთი ექსტაზით რომ ლაპარაკობს, არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს: მან არა სიცოცხლე, არამედ გაქვავებული ბელადი აირჩია.... ეს ვნება კი უკვდავზე უკვდავია.
XS
SM
MD
LG