Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის უმთავრეს მოვლენებად, ალბათ


გასული კვირის უმთავრეს მოვლენებად, ალბათ,

აჭარის დედაქალაქში მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებული მოვლენები და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყება უნდა მივიჩნიოთ. საგულისხმოა ისიც, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს ამოიწურა ვადა, როცა საქართველოს მთავრობას პარლამენტისთვის აფხაზეთში რუსი მშვიდობისდამცველების მოქმედების შესახებ ანგარიში უნდა წარედგინა. გასული კვირის მოვლენების მიმოხილვაში ამ და სხვა საკითხებზე იქნება საუბარი.

მიმდინარე კვირაში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო. ჩატარდა სამი სხდომა, რომელზეც დაიკითხნენ მოწმეები - მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები და შსს მინისტრის მეუღლე. თუ არ მივიღებთ მხედველობაში რამდენიმე დეტალს, რომელიც მოწმეთა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განსხვავდებოდა გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებისგან, შეიძლება ითქვას, რომ საქმის მიმართულება არ შეცვლილა: სასამართლო კვლავაც ახერხებს მისდიოს ვერსიას, რომლის თანახმადაც სანდრო გირგვლიანსა და მის მეგობარ ლევან ბუხაიძეს კონფლიქტი არა “შარდენ-ბარის” სუფრის წევრებთან, არამედ სწორედ იმ პირებთან მოუვიდათ, რომლებიც ახლა ეჭვმიტანილების სტატუსით არიან დაკავებულები. როგორც ჩანს, მართლდება დაზარალებულთა ადვოკატის შალვა შავგულიძის მოლოდინი, რომ სასამართლო სწორედ ასე მოიქცეოდა. როგორც ჩანს, დაცვის ერთადერთ იარაღად, მართლაც, საზოგადოებრივი მხარდაჭერა რჩება. ადვოკატი ჯერ კიდევ სასამართლოს დაწყებამდე ასეთ რჩევას აძლევდა ხელისუფლებას:

[შავგულიძის ხმა]
“საზოგადოების ასე თვალებში ნაცრის შეყრა, ტყუილით და დაშინებით საზოგადოების მართვის და ხალხის მართვის სურვილი დამთავრდება აუცილებლად კრახით. პოზიტიური მართვით უნდა იყოს ხელისუფლება დაკავებული და არა საკუთარი ხალხის მოტყუებით და დაშინებით.”

ამ გახმაურებული სასამართლო პროცესის დროს დაზარალებული მხარის ყველაზე აქტიური მხარდამჭერები, “თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენლები, 29 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს და 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი, ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში განმარტავდა, რომ კაკაბაძისა და მისი თანამოაზრეების დაკავების მიზანი გირგვლიანის საქმის მიმდინარეობისას მათი იზოლაცია იყო:

[ნიკოლაიშვილის ხმა]
“ირაკლი კაკაბაძის დაპატიმრება სიმპტომატურია დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკისათვის, ვინაიდან ირაკლი კაკაბაძე დღეს წმინდად სინდისის პატიმარია, ანუ იგი დააკავეს საკუთარი აზრის გამოხატვისთვის. საკუთარ აზრს ირაკლი კაკაბაძე ადრეც გამოხატავდა, მაგრამ დღეისათვის გირგვლიანის პროცესი, მოგეხსენებათ, ძალიან კრიტიკულ ფაზაში შევიდა, რადგან უნდა დაიკითხონ ის ძირითადი მოწმეები, მკვლელობის შემკვეთები და ზედმეტი აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ გამონახა ასეთი გზა.”

ირაკლი კაკაბაძისა და მისი ორგანიზაციის კიდევ სამი წევრის დაკავებამ გირგვლიანის მკვლელობის საქმეში დაზარალებულთა და ახლა უკვე წესრიგის დარღვევისთვის დაკავებულთა მხარდამჭერები კიდევ უფრო გაააქტიურა. სასამართლო პროცესი ორშაბათს, 3 ივლისს, განახლდება.

რადგან ადამიანის უფლებებს შევეხეთ, უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი: 27 ივნისს ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს უოჩის” ევროპისა და შუა აზიის განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოლი კარტნერმა და ორგანიზაციის ერთ-ერთმა დირექტორმა ტომ მალინოსვკიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს გაუგზავნეს მიმართვა, რომელშიც ნათქვამია: “თქვენი ადმინისტრაცია მიუთითებს საქართველოზე, როგორც რეგიონში დემოკრატიული ცვლილებების მოდელზე. თუმცა დემოკრატიული ცვლილებები საქართველოში კვლავაც მყიფეა და აშკარაა მნიშვნელოვანი რეგრესის გამაფრთხილებელი ნიშნები. თუკი ასე გაგრძელდა, საქართველო აღარ იქნება დადებითი მაგალითი სხვებისთვის, არამედ პირიქით – საქართველოს პრობლემები გაამხნევებს იმათ, ვისაც სურს, რომ საქართველოს ექსპერიმენტი ჩავარდეს. საქართველოს ხელისუფლებასთან პრობლემური საკითხების წამოჭრის დრო სწორედ ახლაა და საქართველოს არც ერთ მეგობარ ქვეყანას არ შეუძლია გააკეთოს ეს ისე, როგორც თქვენსას, თუკი გავითვალისწინებთ თქვენს ახლო მეგობრულ ურთიერთობას პრეზიდენტ სააკაშვილთან და შეერთებული შტატების აქტიურ მონაწილეობას საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში, როგორიც ენერგოუსაფრთხოება და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გაყინული კონფლიქტებია”, - წერენ “ჰიუმან რაითს უოჩის” წარმომადგენლები შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მიუთითებენ ნაკლოვანებებზე საქართველოში პატიმრებისადმი მოპყრობაში – მათ შორის, 27 მარტის ე.წ. “ციხის ბუნტსა” და საქართველოს მთავრობის მიერ ეუთოს დამოუკიდებელი გამოძიების შესახებ მოთხოვნის უარყოფაზე, ძალოვანთა მოქმედებაზე – მათ შორის, ეჭვმიტანილთა ადგილზე განადგურების შემთხვევაზე და, აგრეთვე, ნაკლოვანებებზე სასამართლოს დამოუკიდებლობაში.

ადამიანის უფლებათა სფეროს განეკუთვნება მოვლენები, რომლებიც ბათუმის ორი სასტუმროდან დევნილების იძულებით გამოსახლებასა და მათი ერთი ნაწილის ენგურის ხიდისკენ მსვლელობას უკავშირდებოდა. 28 ივნისს ამოიწურა მათთვის შენობების დაცლის ვადა. ხელისუფლებამ და ინვესტორებმა ყველა დევნილთან საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე ძალის გამოყენებით აიძულეს ისინი გამოსულიყვნენ სასტუმროებიდან “მესხეთი” და “მედეა”. ინვესტორმა სასტუმროების დემონტაჟი დაწესებული ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე დაიწყო და, როგორც ჩვენი რეგიონული კორესპონდენტი იუწყებოდა, დევნილებს წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. დევნილთა ნაწილმა პირადი ნივთების გამოტანაც ვერ მოასწრო. სასტუმროს მაღალი სართულებიდან პოლიცია ბარგს პირდაპირ მიწაზე ყრიდა:

[დევნილების ხმები]
“- რა დავაშავეთ ამისთანა. აზრზე არ ვარ. ბარემ მოიყვანონ ის სპეცნაზი და დაგვხვრიტონ აქანე და ჩაგვყარონ ორმოში და, ვსიო, პრობლემა მოშორებული იქნება. რატომ გვაწანწალებენ იქით-აქით.
უკვე დავიღალეთ. ამდენი უსამართლობით დავიღალეთ. ამდენი დევნილის ასეთი წამება შეიძლება? ასი პროცენტით გამოსახლების პროგრამიდან, ხო, კმაყოფილი წავიდა ოცი პროცენტი. უმცირესიდან უმაღლესი რანგის მოხელემდე მივედით და პასუხი არსაიდან არა ჩანს.”(სტილი დაცულია)

უმაღლესი რანგის მოხელეებისგან პასუხები დევნილებმა მოგვიანებით მიიღეს, მას შემდეგ, რაც ისინი ბათუმიდან ენგურის ხიდისკენ ფეხით გაეშურნენ, თითქოსდა, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის ჩაბარების მოტივით. ერთი პასუხი მათ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ჩვენი რადიოს ეთერით გასცა:

[ხევიაშვილის ხმა]
“ესე იგი, რას ითხოვენ ეს ადამიანები? ფულის გულიზე რას ცვლიან? თუ სამშობლოში ბრუნდებიან, ეს მაშინ ძალიან კარგია. ყველა ქართველის ოცნებაა, რომ დავბრუნდეთ აფხაზეთში, მაშინ კარგი ყოფილა. ცუდი რა არის ამაში და რატოა სკანდალი?”(სტილი დაცულია)

კიდევ უფრო მკაცრი იყო დევნილების გადაწყვეტილების მიმართ პარლამენტის სპიკერი ნინო ბურჯანაძე:

[ბურჯანაძის ხმა]
“მე ძალიან ფრთხილი ვარ გამონათქვამებში, მე არ მინდა ამ ადამიანებს მოღალატე ვუწოდო. თუმცა, რეალურად ეს ასეა. მე მესმის, რომ შეიძლება გაბრაზდე შენს ხელისუფლებაზე, შეიძლება არ მოგწონდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მთავრობა, პარლამენტი, მაგრამ არავის არა აქვს უფლება, თუნდაც ყველაზე სამართლიანი საკუთარი მოთხოვნა ქვეყნის ინტერესზე, სახელმწიფოს ერთიანობასა და სამშობლოზე მაღლა დააყენოს”.

“იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა - შესახებ” კანონით, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება, გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები და ა.შ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა იცის კანონი და ჩვენთან ინტერვიუში კიდეც განაცხადა:

[ხევიაშვილის ხმა]
“იმ კანონში, სადაც ამ უფლებების დაცვაზეა საუბარი, პირდაპირ წერია, რომ მე მათ დავაკმაყოფილებ ფართით, იმაზე არა ცუდ მდგომარეობაში, არამედ უკეთესში. თუ ეს ადამიანები დამეთანხმებიან, მე მზადა ვარ დავაკმაყოფილო მათი მოთხოვნა და მივცე საუკეთესო დიდი ფართი საკუთარი ეზოთი და ა.შ., მაგრამ არ შემიძლია ეს გავაკეთო თბილისის ცენტრში ან ბათუმის ცენტრში.” (სტილი დაცულია)

მინისტრის ეს განმარტება არ ცვლის რეალობას, რომ დევნილები ამ პირობების შესრულებამდე - გნებავთ, ამ პირობებზე მათი თანხმობის მიღებამდე - იძულების წესით გამოასახლეს კომპაქტურად ჩასახლების ადგილებიდან. და კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი დევნილების აფხაზეთისკენ მსვლელობასთან დაკავშირებით: აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოთქვა ეჭვი, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო; საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა კი არ გამორიცხა, რომ დევნილები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ხელში იარაღად იქცნენ.

დევნილების საკითხიდან ტერიტორიული მთლიანობის თემაზე გადავინაცვლებ: ახლოვდება “დიდი რვიანის” სამიტი. ამ სამიტს წინ უსწრებს მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ჯორჯ ბუშთან. წინასწარ ძნელი სათქმელია, რამდენად მოახდენს ზეგავლენას სააკაშვილი-ბუშის შეხვედრა სამიტის დღის წესრიგზე, თუმცა ცნობილია, რომ სამიტის დღის წესრიგი მნიშვნელოვანწილად განისაზღვრა “დიდი რვიანის” წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოსკოვში, რომელიც 29 ივნისს გაიმართა. სხდომის თავმჯდომარის დასკვნით განცხადებაში ჩამოთვლილია საკითხები, რომლებსაც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიენიჭა პრიორიტეტი. ჩამონათვალი ასეთი გახლავთ: ირანი, ტერორიზმისა და ნარკოსაფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა, ახლო აღმოსავლეთი, დასავლეთ ბალკანეთი, კორეის ნახევარკუნძული, აფრიკაში მშვიდობის ხელშეწყობის პოტენციალის გაზრდა, ერაყი, სუდანი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და ა.შ. საკითხთა ჩამონათვალის ბოლო პუნქტი გახლავთ “სხვა საკითხები”, რომელშიც წერია: “აგრეთვე შედგა დისკუსია აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთსა და ბელორუსიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე”, - ამგვარი ფორმულირებით არ არის ცხადი რა კუთხით შეიძლება შეეხონ “დიდი რვიანის” ლიდერები საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებას და რა დროს დაუთმობენ ამ საკითხებს, თუკი ასეთი რამ საერთოდ მოხდება.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ, საქართველოს პარლამენტის გასული წლის ოქტომბრის დადგენილებით, საქართველოს მთავრობას 1 ივლისამდე საკანონმდებლო ორგანოსთვის უნდა წარედგინა მოხსენება აფხაზეთში განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და განუხრელად შესრულების თაობაზე. ვინაიდან 1 ივლისი დასვენების დღეს დაემთხვა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დოკუმენტის სტატუსთან დაკავშირებული დეტალები ორშაბათს გახდება ცნობილი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG