Accessibility links

მეოცე საუკუნის ისტორიაში სულ რამდენიმე სახელია, რომელთაც განმარტება არ სჭირდებათ.


დავით პაიჭაძე, თბილისი მეოცე საუკუნის ისტორიაში სულ რამდენიმე სახელია, რომელთაც განმარტება არ სჭირდებათ. წარმოთქმისთანავე ამ სახელებს მოაქვთ თუნდაც მინიმალური,

მაგრამ საკმარისი ინფორმაცია ადამიანებზე, მათ მიღმა რომ დგანან. ერთი ასეთი სახელია ჰიტლერი, რომლის შეფასებისას კაცობრიობის დიდი ნაწილი, კარგა ხანია, შეთანხმდა. ბიბლიოთეკის დღევანდელ გამოშვებაში კი წარმოგიდგენთ წიგნს, რომელიც სხვაგვარი შეფასების ნიმუშია. ის ჰიტლერის მმართველობის დროს დაიწერა და დაიბეჭდა გერმანიაში. დაწერა ქართველმა ავტორმა, გერმანულ ენაზე. ქართულად კი სულ ახლახან ითარგმნა და გამოვიდა. წიგნს ჰქვია ”ჰიტლერი”. ავტორი - გრიგოლ რობაქიძე. თარგმნა დალი ფანჯიკიძემ. დავით პაიჭაძე, ყოველკვირეული ბიბლიოთეკის წამყვანი, სწორედ მთარგმნელს ესაუბრა გრიგოლ რობაქიძის წიგნზე.

გრიგოლ რობაქიძე ორენოვანი მწერალია. ის არ თარგმნიდა გერმანულად შექმნილ თავის ტექსტებს ქართულ ენაზე. ასე რომ, რობაქიძის გერმანულენოვანი მემკვიდრეობის ქცევა ქართული კულტურის ნაწილად ქართველი მთარგმნელების ტვირთია. დალი ფანჯიკიძე არ არის პირველი, ვინც ამას შეეცადა. ადრეულ 90-იან წლებში ალექსანდრე კარტოზიამ გამოსცა გრიგოლ რობაქიძის ”ჩაკლული სული”. მაგრამ ”ჰიტლერი” უფრო სარისკო ტექსტია, რადგან ჯერაც გაუსამართლებელი ბოლშევიზმის მხილებას, ქართულ ეროვნულ სულს, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობის დაკარგვას კი არ ეხება, არამედ კაცს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ უდიდეს დანაშაულს. და სულაც არ არის კრიტიკული.

[დალი ფანჯიკიძის ხმა] ”შეიძლება ითქვას, ამ კაცის არც ერთი უარყოფითი თვისება აქ არ არის წინ წამოწეული, კრიტიკული თვალი არსად არ ჩანს.”

გრიგოლ რობაქიძის ”ჰიტლერის” მთარგმნელი, დალი ფანჯიკიძე, ამბობს, მართალია, ტექსტი დათარიღებული არ არის, მაგრამ, მარტივი გამოთვლით, ის 1939 წლის მიწურულს უნდა დაბეჭდილიყო წიგნად გერმანიაში, როცა მეორე მსოფლიო ომი უკვე დაწყებული იყოო:

[ფანჯიკიძის ხმა] ”სამჯერ გამოიცა ზედიზედ, მე მგონი, უფრო პროპაგანდისტული მიზნებით, რადგან ერთი გამოცემა რუსულენოვანი იყო. სხვათა შორის, ევროპა მაშინვე გამოეხმაურა ამ წიგნს, როგორც ფაშისტურსა და ნაცისტურს. არ მიიღო წიგნი და, შეიძლება ითქვას, მისი დამწერიც შერისხა. გამოეკეტა გამომცემლობის კარი, მიიჩნიეს რეაქციული რეჟიმის მომხრედ და შემდეგაც ბევრჯერ იწვნია ამ წიგნით გამოწვეული სიმწარე.”

საინტერესოა მოტივი ან იმპულსი, რამაც გრიგოლ რობაქიძეს დააწერინა წიგნი ჰიტლერზე. აკაკი ბაქრაძე თავის წიგნში ”კარდუ”, რომელიც გრიგოლ რობაქიძეს ეხება, წერს, რომ ნაცისტური ხელისუფლება რობაქიძეს, რაკი ის საბჭოთა კავშირიდან იყო ჩასული, არ ენდობოდა და თვალთვალი დაუნიშნა. ეგებ ნაცისტებისათვის ლოიალობის დასამტკიცებლადაც დაწერა გრიგოლ რობაქიძემ ”ჰიტლერი”? დალი ფანჯიკიძე არ გამორიცხავს ამ მიზეზს და ერთ ვარაუდსაც ამატებს:

[ფანჯიკიძის ხმა] ”თუ არ ვაჭარბებ, მე აქ ქართულ ხასიათსაც ვხედავ - თავის გამოჩენის, ყურადღების მიპყრობის სურვილს. როდესაც ფაშიზმი პირველ ძლევამოსილ ნაბიჯებს დგამდა, უნდოდა, რომ ამ ორომტრიალში მოქცეულიყო. მე ამას ქართული ხასიათით ვხსნი. ცოტა მეხამუშება ეს გამოთქმა, მაგრამ წიგნში სხვისი ფეხის ხმის აყოლასაც ვხედავ.”

დალი ფანჯიკიძე ამ შეფასებისას გულისხმობს ჰიტლერის სახოტბო ლიტერატურას, რომელიც მრავლად იბეჭდებოდა მესამე რაიხის წლებში და რომელშიც ”ჩაეწერა” გრიგოლ რობაქიძის წიგნი.

ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს, რომელთაც ახსოვთ, როგორი იყო კომუნისტური პარტიისა და მთავრობის პოლიტიკური რეკლამა, შესაძლოა, გაუჭირდეთ გრიგოლ რობაქიძის ნაწერის აღქმა შიშველ პროპაგანდად. გრიგოლ რობაქიძე არ ფარისევლობს, როცა ჰიტლერს ადიდებს. ფარისევლობა კი, თანაც აგრესიული, საბჭოთა პროპაგანდის მთავარი მახასიათებელი იყო.

[ფანჯიკიძის ხმა] ”გულწრფელობა ნამდვილად ჩანს და ჰიტლერით აღფრთოვანება ნამდვილად გასდევს მთელ წიგნს. რაც ყველაზე საოცარია, ეს აღფრთოვანება ქართულ ანტურაჟში არის მოქცეული. უნდა, რომ თავისი ქვეყნის მითოლოგიაში მოათავსოს, ქართულ მითოლოგიურ გმირებს გაუთანაბროს და ასე ახსნას ჰიტლერის ფენომენი.”

წიაღსვლები მითოლოგიასა და მისტიკაში, უწვდომელი ეზოთერული ცოდნის გამოხმობა ”ჰიტლერში” იმდენად იპყრობს ხოლმე გრიგოლ რობაქიძეს, რომ გაქვს განცდა, თითქოს ეკარგება მთავარი პერსონაჟი, კაცი, ვისაც უძღვნის ამ წიგნს. განსჯანი პირველცოდნაზე, პირველმდგენზე, საიდუმლო კანონსა და დედამიწის ძალებზე ისე სრულდება, ჰიტლერის სახელი აქა-იქ თუ გაიელვებს. და ასეთ შემთხვევებშიც ძნელია დაინახო ან ამოიცნო ლოგიკური კავშირი წანამძღვრებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ძნელია გაიგო, რა შუაშია აქ ფიურერი. ამ ეჭვს დალი ფანჯიკიძეს ვუზიარებ.

[ფანჯიკიძის ხმა] ”თითქოს არ ჰყოფნის არც მასალა და არც თავისი გრძნობები. ხანდახან სცდება მთავარ თემას. თითქოს უნდა, ამ წიაღსვლებით კიდევ უფრო განადიდოს ჰიტლერი, მაგრამ ეს კავშირი, მხატვრული თვალსაზრისით, ძალიან სუსტია. ვერ ვიტყვი, რომ წიგნში პორტრეტის მთლიანობა იგრძნობოდეს. ბევრია გადახვევები, რომელთაც ლირიკულ გადახვევებს ვერ უწოდებ. მწერალი უფრო შორს მიდის და ავიწყდება მთავარი პერსონაჟი.”

გრიგოლ რობაქიძემ ”ჰიტლერი” იმ დროს დაწერა, როცა ნაცისტური ხელისუფლება უაღრესად ძალმოსილი იყო. კარგა ხანია, აპატიმრებენ და ხოცავენ ებრაელებს, გერმანიამ უკვე შემოიმტკიცა ავსტრია და გაათავისუფლა სუდეტები (ასე მიჩნევს გრიგოლ რობაქიძე). მოკლედ, გასაგებია, რას აკეთებენ ნაცისტები საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. მაგრამ რობაქიძის ტექსტში პოლიტიკაზე მსჯელობას იშვიათად ნახავთ. არადა, საბჭოთა კავშირიდან მწერალი სწორედ პოლიტიკას გაექცა. პოლიტიკური პროცესი გრიგოლ რობაქიძისთვის სულაც არ არის უმნიშვნელო. აი, რას ამბობს დალი ფანჯიკიძე:

[ფანჯიკიძის ხმა] ”მე მგონი, ჩქმალავს. არც უნდა, რომ ილაპარაკოს. ერთგან გაკვრით ამბობს, რომ მილიონობით ადამიანი უკვე დახოცილია და სისხლი ჟონავს ყოველი მხრიდან. ეს აქვს, მაგრამ არ მიჰყვება თემას, თავს არიდებს და არ უნდა, დაინახოს. ხელს არ აძლევს იმ მომენტების წამოწევა, რა ხდება დაპყრობილ ქვეყნებში ან იმავე გერმანიაში, სადაც ებრაელების ჟლეტა უკვე დაწყებული იყო. ეს შეუძლებელია, გრიგოლ რობაქიძეს არ სცოდნოდა, მაგრამ აშკარად თვალს არიდებს და წინ წამოსწევს გმირს, ტრადიციული გაგებით. მთელი წიგნი აქეთკენ არის მიმართული.”

მართლაც, პოლიტიკა რობაქიძის ”ჰიტლერში” მხოლოდ მკრთალი ფონია პიროვნებაზე სალაპარაკოდ. ”კარდუ”-ში აკაკი ბაქრაძე წერს, რომ ”ლენინშიც, სტალინშიც, ჰიტლერშიც, მუსოლინიშიც რობაქიძეს იპყრობდა პიროვნება უშუალოდ, მის შუაგულში აღებული. ამ კუთხით ისინი მართლაც მეტად საინტერესონი არიან”. დალი ფანჯიკიძე ამბობს, რომ ჰიტლერს გრიგოლ რობაქიძე, უწინარესად, მწერლის თვალით უყურებს. აკაკი ბაქრაძის წიგნში წაიკითხავთ, რომ რობაქიძე პირადად არასოდეს შეხვედრია არც გერმანელ ფიურერსა და არც იტალიელ დუჩეს. ”გრიგოლ რობაქიძეს ისინი მოუსმენია რადიოთი, უნახავს კინოქრონიკებში, დოკუმენტურ ფილმებში. როგორც დაკვირვებული კაცი, გამჭრიახი თვალის მქონე, მაინც ამჩნევს და ხშირად კარგადაც მათ თავისებურებებს. უდავოა: როცა გრიგოლ რობაქიძე აკვირდება ჰიტლერის ფოტოებს, ხედავს არა იმას, რაც სურათებზეა, არამედ იმას, რისი დანახვაც უნდა.”

დასასრულ, რამდენიმე სიტყვა თარგმანის ენის შესახებ. ცხადია, ეს არ არის გასული საუკუნის 10-იანი და 20-იანი წლების გრიგოლ რობაქიძის ქართული ენა. დალი ფანჯიკიძე ამბობს, რომ ”ჰიტლერის” თარგმნამდე საგანგებოდ შეისწავლა რობაქიძის ქართულენოვანი ესეისტიკა:

[ფანჯიკიძის ხმა] ”რობაქიძის შემოქმედება ჯერ კიდევ არ ქცეულა შორეულ ისტორიად, ჯერ კიდევ ცოცხალია. ამიტომ ის ინტონაციები, რიტმული სვლები, ლექსიკა, რაც მისთვის არის დამახასაითებელი, მე მოვიძიე და შევეცადე, ჩამედო ამ თარგმანში. მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი სწორი გზა იყო. თუკი მკითხველს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ მან ნამდვილად წაიკითხა გრიგოლ რობაქიძის ნააზრევი, ეს ჩემთვის იქნება ძალიან დიდი ჯილდო, რადგან აქეთკენ მივისწრაფოდი შეგნებულად.”
XS
SM
MD
LG