Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სამომავლო დადგენილება და საერთაშორისო განწყობები


ივლისი საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენებით იწყება: ვგულისხმობთ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს შეერთებულ შტატებში,

5 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრას და ბრიუსელში 3-დან 7 ივლისამდე დაგეგმილ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას, რომლის მუშაობაშიც საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას. ეუთოს საპარლამენტო ასამბელის სესიის მანძილზე ბრიუსელში გამართულმა კონსულტაციებმა, რომ აღარაფერი ვთქვათ მოლაპარაკებაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ვაშინგტონში ელის, ერთგვარად უნდა განსაზღვროს საქართველოს ხელისუფლების საბოლოო პოზიცია აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების მიმართ, - ასე ფიქრობს ბევრი თვით ხელისუფლებაში, თუმცა იქვე იმასაც ამბობენ, რომ პოზიცია კარგა ხანია ჩამოყალიბებულია. რამდენად შეიძლება აისახოს პარლამენტის დადგენილებაზე საერთაშორისო განწყობები?


”ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ქვეყანა. ამდენად, მე სულაც არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ევროპელი სკეპტიკოსები საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე. ჩვენ გვაქვს ურყევი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ვერასდროს შეძლებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროცესის ბოლომდე მიყვანას. ჩვენ არ მივიღებთ ჩვენი ევროპელი კოლეგების რჩევებს იმასთან დაკავშირებით, რომ დავათბოთ რუსეთთან საქართველოს პოლიტიკა საქართველოს ძირითადი ინტერესების უკან გადაწევის ხარჯზე,”- ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ დაგეგმილი შეხვედრების წინ ასეთი განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. ამას გარდა , ”საქართველოს პარლამენტმა ცალსახად უნდა თქვას, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია,”- ამბობს თავდაცვის მინისტრი. ”მთავრობას და პარლამენტს ერთიანი პოზიცია აქვთ,” - დასძენს მის ნათქვამს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი. ისიც აცხადებს, რომ პარლამენტი სამომავლო დადგენილებით აუცილებლად მოითხოვს აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას. ”აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია კარგა ხანია ჩამოყალობებულია,”- ეს სიტყვებიც მიხეილ მაჭავარიანს ეკუთვნის. ის ბოლომდე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამშვიდობოებთან დაკავშირებით ხელისუფლების საბოლოო პოზიციას ევროპასა და შეერთებულ შტატებში დაგეგმილი კონსულტაციები განსაზღვრავს. არადა, ასეთ მოსაზრებას მისივე თანაგუნდელებიც გამოთქვამენ.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”საბოლოო პოზიცია ყალიბდება ყოველდღე. ვაშინგტონში შეხვედრაზე არ უნდა ვიფიქრით, რომ ეს არის წყალგამყოფი. ძალიან მარტივი უნდა იყო ადამიანი, რომ თქვა, ყველაფერი ერთ შეხვედრაზე წყდება. ეს არის ერთ-ერთი აგური იმ საქმეში, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.”(სტილი დაცულია)

”ჩვენი საბოლოო პოზიცია დამოკიდებულია საერთაშორისო განწყობაზე, მიხეილ სააკაშვილისა და ჯორჯ ბუშის შეხვედრის შედეგებზე და ასევე იმ კონსულტაციებზე, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღემადე მრავლად იგეგმება საერთაშორისო დონეზე. ” - ეს უკვე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის განცხადებაა. მის მიერ ნახსენებ კონსულტაციებში ბრიუსელში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მსვლელობისას დაგეგმილი კონსულტაციებიც იგულისხმება. საქართველოს პარლამენტის 6 კაციანი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეთაურობით, ბრიუსელში შაბათს გაემგზავრა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია განიხილავს საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტსაც, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეფექტიანობის ზრდას გულისხმობს - მათ შორის, კონფლიქტების მოწესრიგების პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით. სესიამ საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს და საინტერესო ისაა, რომ ამ პოსტზე კენჭი, შესაძლოა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც იყაროს.
XS
SM
MD
LG