Accessibility links

logo-print

ფინეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობისას რუსეთთან ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას


1 ივლისს ფინეთი გახდა

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა. ამ ფუნქციას ის, წესისამებრ, 6 თვე შეასრულებს და, ფინეთის პრემიერ-მინისტრ მატი ვანჰანენის განცხადებით, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს რუსეთთან ურთიერთობა, აგრეთვე ენერგეტიკას და ევროკავშირის სამომავლო გაფართოებას. და აი, ევროკავშირის სათავეში ფინეთის ჩადგომიდან ორიოდე დღეში - 3 ივლისს - ჰელსინკიში გაიმართა შეხვედრა, რომელიც სწორედ რუსეთთან ურთიერთობას მიეძღვნა.

რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის ზონაზე ხელშეკრულება - ეს არის ევროკავშირის სტრატეგიული მიზანი, როგორც ჰელსინკის შეხვედრის მონაწილე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ აღნიშნა. ჰელსინკიში 3 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ევროკომისიის დელეგაციას და მის მასპინძლებს - ფინეთის მთავრობის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრ მატი ვანჰანენის ხელმძღვანელობით - არ განუხილავთ მხოლოდ რუსეთთან დაკავშირებული საკითხები.

საუბარი შეეხო ფინეთის თავმჯდომარეობისას, ანუ მომავალი ნახევარი წლის მანძილზე, ევროკავშირის სხვა მთავარ ამოცანებს: ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, თურქეთთან მოლაპარაკებას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და ევროკავშირის სამომავლო გაფართოებას. და მაინც, ყურადღების ცენტრში რუსეთთან ურთიერთობა მოექცა: ევროკავშირს რუსეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება წარმოუდგენია ამ მეზობელთან ურთიერთობის გრძელვადიანი მომავლის შემადგენელ ნაწილად.

ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, თავისუფალი ვაჭრობის ზონაზეც უნდა იმსჯელონ მოლაპარაკებაზე, რომელსაც წელს მოგვიანებით დაიწყებენ ევროკავშირი და რუსეთი, რახან მათი ურთიერთობის განმსაზღვრელი ამჟამინდელი დოკუმენტის ვადა მომავალ წელს ამოიწურება.

ევროკომისიამ, ბაროზუს განცხადებით, უკვე სთხოვა ევროკავშირის 25 წევრს ნებართვა ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დასაწყებად: [ბაროზუს ხმა] “ჩვენ წევრ სახელმწიფოებს ვთხოვთ მანდატს, რომ მოველაპარაკოთ რუსეთს მასშტაბურ შეთანხმებაზე, რომელიც თვისებრივ სიახლეს შესძენს ჩვენს ურთიერთობას. კერძოდ, ჩვენი წინადადებაა თავისუფალი ვაჭრობის ზონაზე მუშაობა, რომელიც დასრულდება, როგორც კი რუსეთი - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შევა”.

ბაროზუს ამ განცხადების კონტექსტში უნდა ითქვას, რომ ევკროვაშირი მხარს უჭერს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის მიღების პროცესის წელსვე დასრულებას.

ოქტომბრისთვის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიწვიეს ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე, ცენტრალური ფინეთის ქალაქ ლაჰტიში. ნოემბრისთვის კი ფინეთი გეგმავს რუსეთთან ევროკავშირის სპეციალური სამიტის ორგანიზებას.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ევროკავშირში ფინეთის ნახევარწლიანი თავმჯდომარეობისას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა, უშუალოდ უკავშირდება რუსეთს. ლაპარაკია ენერგეტიკაზე. ფინელი პრემიერ-მინისტრის განცხადებით: [ვანჰანენის განცხადება] “ენერგიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპის დღის წესრიგში. საგარეო პოლიტიკის ბერკეტები უფრო ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ენერგიის სფეროში ჩვენი მიზნებისკენ წინსვლისათვის”.

ფინელმა ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს სურვილი, რუსეთმა აჩვენოს, რომ ის რჩება ევროკავშირის სანდო მომმარაგებელი ენერგეტიკის სფეროში - რუსეთზე ხომ ევროკავშირის გაზმომარაგების 25 პროცენტი მოდის. ამ დროს, მოსკოვმა, ერთ-ერთი ფინელი ოფიციალური პირის განცხადებას თუ მოვიშველიებთ, “დიდი შეცდომა” დაუშვა იანვარში უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით, რამაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მომარაგებაზეც იქონია გავლენა.

ამდენად, რა გასაკვირია - ევროკავშირი ცდილობს, შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება ენერგეტიკის სფეროში. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი რუსეთთან მიმართებაში: ფინეთს სურს, განაახლოს ევროკავშირის პროგრამა სახელწოდებით “ჩრდილოური განზომილება”. ის ჩრდილოდასავლეთი რუსეთის რეგიონების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს, ჯერ კიდევ 1997 წელს იყო წარდგენილი ფინეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, პაავო ლიპონენის მიერ, და 1999 წელს ევროკავშირის სრული მხარდაჭერაც კი მიიღო. ბოლო წლებში განელდა მისდამი ინტერესი.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელთაც ფინეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობისას განსაკუთრებულ ყურადღებას უძღვნის, ურთულეს საგარეო-პოლიტიკურ ამოცანად მიჩნეულია ევროკავშირში გაწევრიანებაზე თურქეთთან მოლაპარაკების გაძღოლა. ეს მოლაპარაკება წელს დაიწყო, მაგრამ მას აფერხებს ანკარის პოზიცია კიპროსის საკითხში: ის უარს ამბობს კიპროსის ბერძნული მთავრობის აღიარებაზე. არადა, კიპროსი ევროკავშირის წევრია და იმუქრება თურქეთთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების ჩაშლით - ვეტოს უფლების გამოყენებით. ამიტომ ფინეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთს მოუწოდებს, მალე მოაგვაროს კიპროსთან ურთიერთობა. [ვანჰანენის ხმა] “თურქეთმა უნდა იმოქმედოს ფინეთის თავმჯდომარეობის პერიოდშივე, რადგან ევროპის კომისია ოქტომბერში წარადგენს ანგარიშს თურქეთის წინსვლაზე - და, რასაკვირველია, მანამდე თურქეთმა უნდა მიაღწიოს კიდეც წინსვლას”.

ევროკავშირში გაწევრიანება გაცილებით უფრო რეალური და ხელმისაწვდომია ბულგარეთისა და რუმინეთისითვის. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ მათ ჰელსინკიდან გამამხნევებელი სიგნალი გაუგზავნა, როცა გამოთქვა იმედი, რომ ორივე ქვეყანას მომავალი წლის პირველივე ნახევარში მიიღებენ ევროკავშირში. თუმცა, ეს უკვე სცდება ფინეთის თავმჯდომარეობის პერიოდს, მითუმეტეს ევროკავშირში ხორვატიის გაწევრიანების პერსპექტივა - ამ შემთხვევაში უკვე მომავალ ათწლეულზეა ლაპარაკი. აღარაფერს ვიტყვით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ სხვა სახელმწიფოებზე - თუნდაც სამხრეთ კავკასიაში.
XS
SM
MD
LG