Accessibility links

logo-print

აშშ-ში “ინფორმაციის თავისუფლების აქტის” მიღებიდან 40 წელი შესრულდა


4 ივლისს ამერიკელები ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. 231 წლის წინ დიდი ბრიტანეთის სამეფოსაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ამერიკის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე 13-მა კოლონიამ

- ბრიტანეთის კოლონიებმა. და თუ დღეს ამერიკა დაბადების დღეს ზეიმობს, გუშინ, 3 ივლისს იქ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი კანონის იუბილე აღინიშნა: ეს არის “ინფორმაციის თავისუფლების აქტი”, რომელიც 40 წლის წინ, 1966 წლის 3 ივლისს იქნა მიღებული.

საქმე ეხება კანონს, რომელიც აშშ-ში პრესის თავისუფლებისა და ღია საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად ითვლება, რადგან ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, ინფორმაცია მოითხოვოს მთავრობის ნებისმიერი უწყებისაგან - თუნდაც ის დაზვერვის უწყება იყოს (“დაზვერვის ცენტრალური სამმართველო”, ან “გამოძიების ფედერალური ბიურო”.)

აი, როგორ განმარტავს “ინფორმაციის თავისუფლების აქტის” არსს ვაშინგტონში დაფუძნებულ “ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის” წევრი, სტივენ აფტერგუდი: [სტივენ აფტერგუდის ხმა] “ინფორმაციის თავისუფლების აქტი” არის კანონი, რომელიც ადამიანს აძლევს მთავრობისაგან ინფორმაციის მოპოვების უფლებას. ამ კანონის 1966 წელს დამტკიცებამდე მოქალაქეს, მართალია, ჰქონდა უფლება მთავრობისაგან მოეთხოვა ინფორმაცია, მაგრამ მთავრობას კანონი არ ავალდებულებდა, მისთვის ინფორმაცია მიეცა. ამდენად, “ინფორმაციის თავისუფლების აქტი” ნებისმიერ პირს აძლევს უფლებას (რომლის დაცვაც მას კანონით შეუძლია), მთავრობას მოსთხოვოს ინფორმაცია. და ეს მართლაც საუცხოოა! ამ კანონსაც ეფუძნება საზოგადოების წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულება, ეს კანონია დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი”.

სტივენ აფტერგუდის განმარტებით, “ინფორმაციის თავისუფლების აქტი” შემთხვევით არ მიუღიათ 1966 წელს: ვიეტნამის ომს შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები ახლდა, საზოგადოებაში - ხელისუფლებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება მატულობდა, მთავრობისაგან მოითხოვდნენ მეტი ინფორმაციის გამხელას მიღებული თუ მოსალოდნელი გადაწყვეტილებების შესახებ.

და აი, “ინფორმაციის თავისუფლების აქტით”, პრაქტიკულად, ყველა ამერიკელმა მოიპოვა მთავრობისაგან სასურველი ინფორმაციის მიღების რეალური უფლება.

[სტივენ აფტერგუდის ხმა] “კანონით სარგებლობა შეუძლია რიგით ადამიანს და სარგებლობა, მართლაც, ძალიან ადვილია. არ არის საჭირო ვექილი იყო, ან ვექილი აიყვანო. საჭიროა რამდენიმე ძალიან უბრალო რაღაცის ცოდნა: ჯერ ერთი, წარმოდგენა უნდა გქონდეს იმაზე, თუ რას ეძებ და, რასაკვირველია, რაც უფრო კონკრეტული წარმოდგენა გექნება, მით უფრო ადვილი იქნება მოთხოვნის შესრულება. მეორე - უნდა იცოდე, ვის ხელთ შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომელსაც ეძებ: ჩვენს უზარმაზარ მთავრობაში რომელ უწყებას შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული დოკუმენტი? და ისიც უნდა იცოდე, როგორ დაუკავშირდე ამ უწყებას. ეს ინფორმაცია მართლა ადვილი მოსაპოვებელია - ვებსაიტებიც კი არსებობს, რომლებიც გეხმარება მიმართვის შედგენასა და ადრესატის პოვნაში.”

სტივენ აფტერგუდი, რომელსაც ვაშინგტონში “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი ესაუბრა, “ინფორმაციის დამოუკიდებლობის აქტის” ერთ-ერთ უარყოფით მხარედ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ამ კანონის მეშვეობით ინფორმაციის მოპოვებას ბევრი დრო სჭირდება - პროცესი რამდენიმე თვე, ის კი არა წლებიც კი შეიძლება გაგრძელდეს.

საგულისხმოა ისიც, რომ თვით სტივენ აფტერგუდმა რამდენიმეჯერ მოსთხოვა ინფორმაცია დაზვერვის სამსახურებს, ხოლო ოთხჯერ - სასამართლოშიც კი უჩივლა მათ. [სტივენ აფტერგუდის ხმა] “დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს წინააღმდეგ ჩემს მიერ შეტანილი ყველა სარჩელი შეიცავდა მოთხოვნას, გაემხილათ ინფორმაცია დაზვერვის ბიუჯეტზე. მინდოდა იმის ცოდნა, რა თანხას მოიცავდა დაზვერვისთვის განკუთვნილი მთელი ბიუჯეტი. და პირველად რომ ვიჩივლე, მოვიგე კიდეც. 1997 წელს “დაზვერვის ცენტრალური სამმართველო” დათანხმდა იმ ფაქტის გამხელას, რომ დაზვერვის მთელი ბიუჯეტი იმ წელს 26,6 მილიარდ დოლარს მოიცავდა. მოსამართლეს არ მიუღია გადაწყვეტილება, რომელიც დაზვერვის სამმართველოს ამ ინფორმაციის გამხელას აიძულებდა - სამმართველომ ინფორმაცია გაამხილა მას შემდეგ, რაც მას სასამართლოში ვუჩივლე”.

სტივენ აფტერგუდის ინფორმაციით, “ინფორმაციის თავისუფლების აქტის” მსგავსი კანონები 40 ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის საქართველოშიც. (პირველად კი ასეთი კანონი შეერთებულ შტატებზე გაცილებით უფრო ადრე მიიღეს შვეციაში: ჯერ კიდევ 200 წლის წინ, რასაც, ისევე როგორც ამერიკის შემთხვევაში, თავისი პოლიტიკური და კულტურული მიზეზები ჰქონდა.)

ბოლოს, რაც შეეხება ხარჯებს: თუ აშშ-ში დაასაბუთე, რომ შენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გამხელა საზოგადოების ინტერესებს ემსახურება და შეგიძლია ამ ინფორმაციის გავრცელება - მაშინ არ გიწევს ინფორმაციის ძიების, ან ასლების გადაღების ხარჯის ანაზღაურება. ამ ინფორმაციის მოთხოვნის უფლებას კი, გავიმეორებთ, აშშ-ში ნებიმსიმერ ადამიანს აძლევს “ინფორმაციის თავისუფლების აქტი”. რასაკვირველია, მთავრობის უწყებები ინფორმაციას არ ამხელენ, როცა ის სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG