Accessibility links

logo-print

ინტერვიუ ეუთო-ს პრესმდივანთან იტალიაში ეუთო-ს ქართველი თანამშრომლის დაკავების გარშემო


2 ივლისს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, იტალიაში ეუთო-ს ქართველი თანამშრომლის, ზურაბ ლომაშვილის დაკავების შესახებ.

ზურაბ ლომაშვილი მაკედონიაში მუშაობს ეუთო-ს (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის) მისიაში - ყოველ შემთხვევაში, მუშაობდა. ინფორმაცია, რომელიც მის შესახებ გავრცელდა, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოდ ჟღერს: “ასოშიეიტედ პრესის” ცნობით, რომელიც იტალიის პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა, ლომაშვილს 24 ივნისს, იტალიის ზღვისპირა ქალაქ პესკარაში, მანქანაში აღმოუჩინეს 38 შეკვრა ჰეროინი. ლაპარაკია 2,5 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების ნარკოტიკებზე. ეს დეტალები ოფიციალურ წყაროს არ დაუდასტურებია.

ეუთო-ს მიერ 2 ივლისს გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, იტალიის ხელისუფლება ადასტურებს, რომ პოლიციამ იტალიაში დააკავა ქართველი მამაკაცი - ნარკოტიკების კონტრაბანდაში ეჭვმიტანის საფუძველზე. ამავე წყაროს ცნობით, მანამდე ლომაშვილი ეუთო-ს ავტომანქანით გაემგზავრა მაკედონიიაში ეუთო-ს მისიის შენობიდან.

ორშაბათს ჩვენ ვენაში დავურეკეთ ეუთო-ს პრეს-მდივანს, მარტინ ნესირკის და ჯერ ვკითხეთ, ზოგადად, პოლიციას აქვს თუ არა უფლება, გააჩეროს და გაჩხრიკოს ეუთო-ს ნომრებიანი მანქანა.

[ნესირკის ხმა] “არა გვაქს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ მანქანას მართავდა ბატონი ლომაშვილი, როცა ის იტალიაში დააკავეს. ეს დანამდვილებით არ ვიცით: ვიცით მხოლოდ ის, რომ ეუთოს მისიიდან გაემგზავრა ეუთო-ს მანქანით. ჩვენ კვლავაც გვაქვს კონტაქტი იტალიის ხელისუფლებასთან იმის დასადგენად, თუ რა მოხდა, როგორია დეტალები - მაგალითად, რომელი მანქანით მიემგზავრებოდა დაკავებული.”

ეუთო-ს პრეს-მდივანსვე ვკითხეთ, ზოგადად, სარგებლობენ თუ არა ეუთო-ს თანამშრომლები დიპლომატიური იმუნიტეტით:

[ნესირკის ხმა] “დიპლომატიური იმუნიტეტი ძალიან რთული სფეროა, რადგან ზოგადად, დიპლომატიური იმუნიტეტი ძალაშია მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელშიც მუშაობ. არის გამონაკლისებიც - როცა ხარ ოფიციალური მივლინებით მესამე ქვეყანაში. რასაკვირველია, ვთანამშრომლობთ იტალიის ხელისუფლებასთან - ამ საკითხის (დიპლომატიური სტატუსის) გასარკვევად.”

რაც შეეხება, კონკრეტულად, ზურაბ ლომაშვილს, რომელიც სკოპიეში ეუთო-ს მისიაში მუშაობდა - მას იქ, მაკედონიაში ჰქონდა დიპლომატიური იმენიტეტი. რაც შეეხება მის სტატუსს იტალიაში, საკითხი არ გარკვეულა, რაზეც მარტინ ნესირკიმ წეღან მიანიშნა, ამიტომ პრეს-მდივანმა თავი შეიკავა კომენტარისაგან. შემდეგ შეკითხვას კი - რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ზურაბ ლომაშვილის დაკავებას, ნესირკიმ ასე უპასუხა:

[ნესირკის ხმა] “ესეც რთული შეკითხვაა, რადგან არ ვიცით საკმარისი დეტალები. ვიცით, რომ მამაკაცი, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ბატონი ლომაშვილი, დაკავებულია ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით. ახლა იტალიის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული საქმის გამოძიება და შესაბამისი ზომების მიღება. ეს მთლიანად მათი უფლებამოსილების სფეროა. მათთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ჯერ არ გვაქვს იტალიის ხელისუფლებისაგან მიღებული დეტალური ინფორმაცია ამ შემთხვევაზე.”

მარტინ ნესირკი - ეუთო-ს პრეს-მდივანი, რომელსაც ვენაში დავურეკეთ, ამბობს, რომ პირადად არ იცნობდა ზურაბ ლომაშვილს, მაგრამ იცის, რომ დაკავებული მუშაობდა მაკედონიაში ეუთო-ს მისიის შტაბბინაში, სკოპიეში, პოლიტიკურ მრჩევლად. იცის ისიც, რომ ლომაშვილმა მოკლე შვებულება აიღო 23-დან 26 ივნისამდე და მერე უკვე დროზე აღარ დაბრუნებულა სამსახურში. ამის გამო შეშფოთდნენ მისი კოლეგები, დაუკავშირდნენ ლომაშვილის ოჯახის წევრებს, ეუთო დაუკავშირდა შესაბამის უწყებებსაც მისი ადგილსამყოფელის დასადგენად. პრეს-მდივნის ინფორმაციით, ლომაშვილს ეუთოში საქმიანობა 2003 წელს ჰქონდა დაწყებული.

მარტინ ნესირკის შევეკითხეთ იტალიის პრესაში დაბეჭდილ ინფორმაციაზეც, რომ ქართველს აღმოუჩინეს დიდი რაოდენობით (2,5 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების) ნარკოტიკები. თუ ბრალდება დადასტურდა, აშკარაა საქმე ეხება თანამდებობრივი პოზიციით ბოროტად სარგებლობას. ჩვენს მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომ ასე, ბოროტად სარგებლობის შემთხვევა, ეუთო-ში, ალბათ პირველი შემთხვევა არ არის, ნესირკიმ შემდეგი პასუხი გასაცა:

[ნესირკის ხმა] “ჩემთვის არაფერია ცნობილი მსგავსი შემთხვევების შესახებ. კიდევ ერთხელ: ინფორმაცია ამ საქმის დეტალებზე, რომელსაც “ასოშიეიტიდ პრესი” ავრცელებს იტალიის გაზეთზე დაყრდნობით, არის დეტალები, რომელიც ჩვენც იტალიის პრესიდან შევიტყვეთ. ეს დეტალები ჩვენთვის არ შეუტყობინებია იტალიის ხელისუფლებას. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას ეუთო-ში თანამდებობრივი პოზიციით ბოროტად სარგებლობის საკითხისადმი - თუ საქმე ეხება დანაშაულს და დიპლომატიური სტატუსი მოიხსნა (თუ ეს პირი დიპლომატიური სტატუსით სარგებლობდა) - მაშინ ეს პირი შესაბამისი უწყებების მიერ მართლმსაჯულებას გადაეცემა შესაბამის ქვეყანაში. და იმ პირის მიმართ, რომელსაც საქმე ეხება, რასაკვირელია მიმართავენ დისციპლინარულ ზომებს ეუთო-ში - რაც შეძილება ნიშნავდეს, რომ ეს პირი სამსახურს დაკარგავს”.

ეუთო-ში სამსახურის დაკარგვის პერსპექტივა, ალბათ, ყველაზე ნაკლებად შემაშფოთებელია ქართველი ეჭვმიტანილისთვის, რომელსაც 24 ივნისს იტალიის პოლიციამ მანქანაში ნარკოტიკები აღმოუჩინა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG