Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის მომავალი შეხვედრა - პრესის ყურადღების ცენტრში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რას მოიტანს ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა - ეს თემა ყველა გაზეთში ფიგურირებს.

დღევანდელ გაზეთ ”ხვალინდელი დღის” ვარაუდით, პრეზიდენტები ნამდვილად ისაუბრებენ კონფლიქტების თემაზე, მაგრამ თუ ეს საქართველოსთვის მიზანია, ამერიკისთვის საშუალებაა, რათა საქართველომ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში სრულფასოვანი როლი შეასრულოს. გაზეთი მკითხველს შეახსენებს მიხელ სააკაშვილის განცხადებას, რომ “დიდი რვიანის” სამიტამდე ის და მისი მთავრობის წარმომადგენლები “რვიანის” წევრი ქვეყნების ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავენ ისეთ საკითხებზე, როგორიც კონფლიქტების სამართლიანი მოგვარება და რეგიონული ენერგოპროექტებია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში საქართველო კავკასიის რეგიონში აშშ-ის ერთ-ერთ ძირითად პარტნიორად ითვლება. ”ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტების საუბრის ძირითადი თემაც სწორედ ეს იქნება, რადგან საქართველოში არსებული სეპარატისტული რეჟიმები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სიმშვიდეს უქმნის საფრთხეს და, თუ კავკასიაში კონფლიქტები კვლავ იფეთქებს, ეს ნებისმიერი ენერგეტიკული თუ ეკონომიკური პროექტების განხორციელებას დააყენებს ეჭვქვეშ,” - წერს დღევანდელი გაზეთი ”ხვალინდელი დღე.”
საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გარდა, ქართული გაზეთები დიდ ყურადღებას უთმობენ ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებას ეხმაურება დღევანდელი გაზეთი ”რეზონანსი”, რომლის შეფასებითაც, უნივერსიტეტში ორხელისუფლებიანობაა. დღევანდელ გაზეთ ”24 საათის” შეფასებით კი, მათთვის, ვინც უნივერსიტეტის დარბაზშია გამაგრებული, აკადემიური პროცესები დამთავრდა და პოლიტიკური დაიწყო.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესისადმი მიძღვნილი პუბლიკაციები ყველა გაზეთში ფიგურირებს. - ჰქონდა თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება, პარლამენტარ დავით გამყრელიძისთვის აეკრძალა სასამართლო პროცესზე დასწრება? - ამ საკითხს ეხება დღევანდელი გაზეთი ”ახალი თაობა”, რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს “ახალი მემარჯვენეების” ლიდერ დავით გამყრელიძესთან. გამყრელიძის განცხადებით, მას სრული უფლება აქვს, დაესწროს ნებისმიერ სასამართლო პროცესს და ის არ აპირებს, დაემორჩილოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის აკრძალვას.
კიდევ ერთი თემა, რომელსაც მხარს არც ერთი გაზეთი არ უვლის, არის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი. დღევანდელ გაზეთ ”24 საათის” სპორტული ჩანართი სწორედ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ეხება. ასე რომ, თუ ბრაზილიისა და არგენტინის წაგების შემდეგ თქვენი ინტერესი ჩემპიონატის მიმართ არ განელებულა, “24 საათის” წაკითხვით ინტერესს ნამდვილად დაიკმაყოფილებთ.
XS
SM
MD
LG