Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ასოციაციას იწვევს ამერიკის შეერთებული შტატები ქართველებში?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. ორშაბათს საღამოს, საქართველოში აშშ-ის ახალ საელჩოში,

ამ დღესთან დაკავშირებით დიდი მიღება გაიმართა. დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში მცხოვრები ამერიკელებიც აღნიშნავენ სხვადასხვა წვეულებით. მე კი იმით დავინტერესდი, რა ასოციაციებს იწვევს აშშ ქართველებში.

იმ სოციოლოგიური გამოკითხვებით, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ტარდება, ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ისადმი ნდობა მსოფლიოში ეცემა. თუმცა ეს არ ეხება ე.წ. ახალი დემოკრატიის ქვეყნებს, მათ შორის, არც საქართველოს, სადაც 2004 წელს ამერიკული სოციოლოგიური ჯგუფის ”ინტერმედიას” მიერ ჩატარებული გამოკითხვით, აშშ-ისადმი დადებითად განწყობილი იყო გამოკითხულთა 78 პროცენტი. ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია სომხეთში, 48 პროცენტი, და რუსეთში, სადაც ვაშინგტონისადმი ნდობით განმსჭვალული მოსახლეობის მხოლოდ 32 პროცენტი აღმოჩნდა.

ამერიკისადმი ინტერესი მაშინაც არსებობდა, როცა მაშინდელ საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის ე.წ. რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული. რეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს, როცა ეკრანებზე ამერიკული ფილმები გაჩნდა, მათ შორის, ”მზიური ველის სერენადა”, სრულიად განსხვავებული ჯაზური მუსიკით:

[ ელდარ შენგელაიას ხმა] ”მზიური ველის სერენადა” ჩვენთვის იყო სრულიად სხვა რამ - ჯერ ერთი, გლენ მილერი, თავისი შესრულებით, ფანტასტიკური მუსიკით, გადაღების განსხვავებული მანერით. საბჭოთა კინოშიც აკეთებდნენ მუსიკალურ ფილმებს - ალექსანდროვი, ”ვოლგა-ვოლგა” და სხვა ფილმები, მაგრამ ეს სულ სხვანაირი ფილმი იყო. რამდენჯერ ვნახე? იმდენჯერ, რომ არ ვიცი.” (სტილი დაცულია)

მუსიკა

[ელდარ შენგელაიას ხმა] ”ეს ბზარი უკვე იყო - კარი თითქოს გაიღო და ის საზოგადოება დავინახეთ, რაღაცა ვიგრძენით, რაღაცა შევჭამეთ...სულ სხვა სამყარო წარმოგვიდგა და ეს ჩვენში დარჩა. რამდენიც არ უნდა ელაპარაკათ შემდეგ, მახსოვს, 9 მაისს ხალხი ცაში როგორ ისროდა ამერიკელებს...და მერე ყველაფერი შეწყდა, მაგრამ მეხსიერება არის მეხსიერება - აქედან ვერ ამოშლი.” (სტილი დაცულია)

ალბათ, 60-იანელების მეხსიერებიდან ვერ ამოშლი ამერიკული მწერლობით გატაცებას - მაშინ ითარგმნა ჰემინგუეი და სელინჯერი, მაშინ გაჩნდნენ ქართველი ჯაზის მოყვარულებიც - ისინი, ვინც, ასე ვთქვათ, მტრული რადიოსადგურებით ამერიკულ ჯაზს უსმენდნენ. 70-იანელები უკვე ”სუპერსტარით” იყვნენ გატაცებულნი. ამერიკული ჯინსის შარვალი და სიგარეტი “მალბორო” ადამიანის განსაკუთრებულობის ნიშნად აღიქმებოდა.
დღეს ამერიკული სიგარეტისა და ამერიკული ჯინსის ყიდვა საქართველოში ყოველ ნაბიჯზეა შესაძლებელი. ამიტომ კითხვაზე, თუ რა ასოციაციას იწვევს ამერიკა, გამოკითხულთა უმრავლესობას მაინც, ასე ვთქვათ, ხელოვნებასთან დაკავშირებული ასოციაციები აღეძრა:

[ხმები] ”მაგალითად, ამერიკული კინო, ამერიკული ეკონომიკა, თავისუფლების ქანდაკება, სიმქსონები; კოვბოური ფილმები, ამერიკული ქუდებით და ტრადიციებით. პირველი ეგ მახსენდება. კიდევ - სიძლიერე, რომ ძლიერი ქვეყანაა, ყველაზე მაგარი შეიარაღება აქვს და საქართველოს მეგობარია - ქართველებს ეხმარება. დემოკრატია და თავისუფლება. და ის, რომ ამერიკა არის ყველაზე ძლიერი ქვეყანა თავისი ეკონომიკით და ყველაფრით. ფაქტიურად, მსოფლიოს მმართველია. მერილინ მონროს სახე მახსენდება, ელვის პრესლი, ლუი ამსტრონგი და ბეტ დევისი.” (სტილი დაცულია)

აი, ასეთ ასოციაციებს იწვევს ქართველებში ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც დღეს თავის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
XS
SM
MD
LG